ხაზი
- linea alba თეთრი ხაზი; აპონევროზული ნაკერი, რომელიც იქმნება მუცლის განიერი კუნთების აპონევროზების შეერთებით. მარჯვენა და მარცხენა მყესოვანი ბოჭკოები შეერთების ადგილას ჯვარედინდებიან როგორც ფრონტალურ, ისე საგიტალურ საბრტყეში. თეთრი ხაზი ვრცელდება მახვილისებრი მორჩიდან ბოქვენის სიმფიზამდე. ზედა ნაწილში იგი შედარებით ფართოა, ქვედა ნაწილში კი – უფრო ვიწრო და სქელი.
- linea arcuata რკალოვანი ხაზი; მუცლის სწორი კუნთის ბუდის უკანა კედლის (უკანა ფირფიტის) ქვედა ბოლო, ჭიპსა და ბოქვენის სიმფიზს შორის. რკალოვანი ხაზის ქვემოთ მუცლის სწორი კუნთის უკანა ზედაპირი დაფარულია მხოლოდ განივი ფასციით. (BNA – linea semicircularis Douglasi).
- linea aspera ხორკლიანი ხაზი; მოთავსებულია ბარძაყის ძვლის უკანა ზედაპირზე; შედგება ლატერალური და მედიალური ბაგეებისაგან; კუნთების მიმაგრების ადგილი.
- linea axillaris იღლიის ხაზი; ვერტიკალური ხაზი გატარებული იღლიის ფოსოს შუა წერტილიდან.
- linea epiphysialis ეპიფიზური ხაზი; ეპიფიზური ხრტილის პერიფერიული ნაპირი.
- linea glutea anterior, inferior et posterior წინა, ქვემო და უკანა დუნდულოვანი ხაზი; მდებარეობენ თეძოს ძვლის ფრთის გარეთა ზედაპირზე. დუნდულოვანი კუნთების მიმაგრების კვალი.
- linea intercondylaris როკთაშუა ხაზი; განივი ხაზი ბარძაყის ძვლის დისტალურ ბოლოზე, როკთაშუა ფოსოსა და მუხლქვეშა ზედაპირის საზღვარზე; მუხლის სახსრის ჩანთის უკანა ნაწილის მიმაგრების ადგილი.
- linea intermedia შუამდებარე ხაზი; თეძოს ძვლის ქედის შუამდებარე ხაზი, შიგნითა და გარეთა ბაგეებს შორის.
- linea intertrochanterica ციბრუტთაშუა ხაზი; დიდი და მცირე ციბრუტის შემაერთებელი ხაზი ბარძაყის ძვლის წინა ზედაპირზე. სასახსრე ჩანთისა და თეძო-ბარძაყის იოგის მიმაგრების ადგილი.
- linea mamillaris (l. medioclavicularis) დვრილის ხაზი (ლავიწის შუა ხაზი); ვერტიკალური ხაზი, რომელიც გაივლის ძუძუს დვრილზე ან ლავიწის შუაში.
- linea mediana anterior წინა შუა ხაზი; ვერტიკალური ხაზი, რომელიც გაივლის სხეულის წინა ზედაპირის შუაში.
- linea mediana posterior უკანა შუა ხაზი; ვერტიკალური ხაზი, რომელიც გაივლის სხეულის უკანა ზედაპირის შუაში.
- linea m. solei ქუსლის კუნთის ხაზი; ირიბი ხაზი დიდი წვივის ზედა ნაწილის უკანა ზედაპირზე. ქუსლის კუნთის დაწყების ერთ-ერთი ადგილი. (BNA – linea poplitea).
- linea mylohyoidea ქვედაყბა-ინის ხაზი; ირიბი ხაზი ქვედაყბის შიგნითა ზედაპირზე, ნიკაპის წვეტის გვერდებზე; თანამოსახელე კუნთის მიმაგრების ადგილი.
- linea nuchae inferior, superior et suprema ქედის ქვემო, ზემო და ზემდებარე ხაზი; მოთავსებული არიან კეფის ძვლის ქიცვის გარეთა ზედაპირზე.
- linea pectinea ქედის ხაზი; ძევს ბარძაყის ძვლის დიაფიზის პროქსიმალურ ნაწილში, უკანა ზედაპირზე; წარმოადგენს ხორკლიანი ხაზის მედიალური ბაგის გაგრძელებას; თანამოსახელე კუნთის მიმაგრების ადგილი.
- linea scapularis ბეჭის ხაზი; ვერტიკალური ხაზი, რომელიც გაივლის ბეჭის ქვემო კუთხეზე.
- linea semilunaris ნამგლისებრი ხაზი; ორი ნამგლისებრი ღარი მუცლის წინა კედელზე, მუცლის სწორი კუნთების გვერდებზე.
- linea temporalis inferior et superior საფეთქლის ქვემო და ზემო ხაზი; რკალოვანი ხაზები თხემის ძვლის გარეთა ზედაპირზე; შესაბამისად საფეთქლის კუნთისა და ფასციის დაწყების ადგილი.
- linea terminalis სასაზღვრო ხაზი; მდებარეობს დიდი და მცირე მენჯის საზღვარზე; წრიული ხაზია, რომელიც გაივლის კონცხს, მოპირდაპირე მხრის რკალოვან ხაზებს, ბოქვენის ქედებს და ბოქვენის სიმფიზის ზემო ნაპირს.
- linea trapezoidea ტრაპეციული ხაზი; ძევს ლავიწის აკრომიული ბოლოს ქვემო ზედაპირზე, კონუსისებრი ბორცვის მედიალურად; ტრაპეციული იოგის მიმაგრების ადგილი.
- lineae transversae განივი ხაზები; გავის ძვლის განივი ხაზები, მენჯისმხრივ ზედაპირზე; მალთა სხეულების შეძვალების ადგილი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.