წილაკი
- lobuli corticales ქერქოვანი წილაკები; თირკმლის ტვინოვანი ნივთიერება შეჭრილია ქერქოვან ნივთიერებაში სხივების სახით (ფერეინისეული სხივები). ამის გამო ქერქოვანი ნივთიერება შედგება თანამიმდევრულად განლაგებული ქერქოვანი და ტვინოვანი ნაწილებისაგან. ქერქოვანი წილაკი თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების ის უმცირესი დანაყოფია, რომელიც შეიცავს ერთ ტვინოვან და ერთ ქერქოვან ნაწილს. ქერქოვან ნაწილს დახვეული ნაწილი pars convoluta ეწოდება, ხოლო ტვინოვანს – სხივისებრი ნაწილი pars radiata. დახვეულ ნაწილში განლაგებულია თირკმლის სხეულაკები და კლაკნილი მილაკები, სხივისებრ ნაწილში კი – თირკმლის სწორი მილაკები.
- lobuli testis სათესლის წილაკები; ერთმანეთისაგან განცალკევებული არიან სათესლის ძგიდეებით; მათი რიცხვი მერყეობს 100-დან 250-მდე; თითოეულ წილაკს აქვს კონუსის ფორმა, რომლის მწვერვალი მიმართულია სათესლის შუასაყარისაკენ, ყოველ წილაკში განლაგებულია თესლის 3-4 კლაკნილი მილაკი.
- lobulus biventer ორმუცელა წილაკი; ნათხემის ჰემისფეროს წილაკი მის ქვემო ზედაპირზე, ქვემო ნახევარმთვარისებრ წილაკსა და ნათხემის ნუშს შორის; შეესაბამება ჭიის პირამიდას.
- lobulus centralis ცენტრალური წილაკი; ნათხემის ჭიის წილაკი ჭიის ნაქსა და კენწეროს შორის, ნათხემის ჰემისფეროზე შეესაბამება ცენტრალური წილაკის ფრთას.
- lobulus paracentralis პარაცენტრალური წილაკი; მდებარეობს დიდი ტვინის ჰემისფეროს მედიალურ ზედაპირზე წინიდან მოსაზღვრულია პარაცენტრალური ღარით, უკანიდან კი სარტყლის ღარის უკანა ბოლოთი; წინა და უკანა ცენტრალური ხვეულების ზედა ბოლოების ერთმანეთში გადასვლის ადგილი.
- lobulus parietalis inferior et superior თხემის ქვემო და ზემო წილაკი; მოთავსებული არიან დიდი ტვინის ჰემისფეროს ზემო ლატერალურ ზედაპირზე, თხემშიგა ღარის ქვემოთ და ზემოთ.
- lobulus quadrangularis ოთხკუთხა წილაკი; მდებარეობს ნათხემის ზემო ზედაპირზე, ცენტრალური წილაკის ფრთასა და ზემო ნახევარმთვარისებრ წილაკს შორის. შეესაბამება ჭიის კენწეროს.
- lobulus semilunaris inferior ქვემო ნახევარმთვარისებრი წილაკი; მდებარეობს ნათხემის ჰემისფეროს ქვემო ზედაპირზე და გამოეყოფა თანამოსახელე ზემო წილაკს ჰორიზონტალური ღარით. შეესაბამება ჭიის ბორცვს.
- lobulus semilunaris superior ზემო ნახევარმთვარისებრი წილაკი; მდებარეობს ნათხემის ზემო ზედაპირზე, მარტივი წილაკის უკან, შეესაბამება ჭიის ფოთოლს.
- lobulus simplex მარტივი წილაკი; მდებარეობს ნათხემის ჰემისფეროს ზემო ზედაპირზე, ოთხკუთხა და ზემო ნახევარმთვარისებრ წილაკებს შორის, შეესაბამება ჭიის ფერდობს.
- lobularis, - e წილაკოვანი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.