A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

NA NE NI NO NU
NEO NER NEU

nervus, - i

m.
L. neuron თავდაპირველი მნიშვნელობით მყესი, აქედან – aponeurosis აპონევროზი
ნერვი
 
nervi spinales სპინალური (ზურგის ტვინის) ნერვები; წარმოდგენილია 31 წყვილი შერეული ხასიათის ნერვით (8 – კისრის, 12 – გულმკერდის, 5 – წელის, 5 – გავისა და 1 – კუდუსუნის); იქმნება დორსალური სენსორული და ვენტრალური მოტორული ფესვების შეერთებით. სპინალური ნერვი შეიცავს შემდეგი ტიპის ბოჭკოებს: სომურ აფერენტულ (ატარებენ ტკივილის, თერმული და ტაქტილურ იმპულსებს სხეულის ზედაპირიდან და პროპრიოცეპტულ იმპულსებს მყესებიდან და კუნთებიდან); ვისცერულ აფერენტულ (ატარებენ იმპულსებს შინაგანი ორგანოებიდან); სომურ ეფერენტულ ბოჭკოებს (ანერვებენ სომურ მუსკულატურას) და ვისცერულ ეფერენტულ ბოჭკოებს (განეკუთვნებიან ორნეირონიანი ჯაჭვის ელემენტებს, რომლებიც ანერვებენ გლუვ კუნთებს და ჯირკვლებს). აფერენტული ნეირონების სხეულები განლაგებულია სპინალურ კვანძში, სომური ეფერენტული ნეირონებისა – ზურგის ტვინის წინა რქაში, ხოლო ვისცერული ეფერენტული ნეირონებისა – ზურგის ტვინის გვერდით რქაში. მალთაშუა ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ სპინალური ნერვი იყოფა ოთხ ტოტად: 1. დორსალურ; 2. ვენტრალურ; 3. მენინგეალურ და 4. შემაერთებელ ტოტებად. დორსალური ტოტი მიემართება უკან და ანერვებს ზურგის აუტოქტონურ კუნთებს და კანს. ვენტრალური ტოტი მიემართება წინ და ანერვებს ტანის ვენტრალურ კედელს და კიდურებს. თავდაპირველ მეტამერულობას ვენტრალური ტოტები მხოლოდ გულმკერდის მიდამოში ინარჩუნებენ, სხვა მიდამოებში კი ისინი იხლართებიან და ქმნიან კისრის, მხრის, წელის, გავისა და კუდუსუნის წნულებს. მენინგეალური ტოტი მალთაშუა ხვრელით ბრუნდება ხერხემლის არხში და ანერვებს ზურგის ტვინის გარსებს. შემაერთებელი ტოტებით სპინალური ნერვი უკავშირდება სიმპათიკურ წველს.
nervus abducens განმზიდველი ნერვი; კრანიალური ნერვების VI წყვილი; მამოძრავებული ნერვია, რომლის განვითარება დაკავშირებულია თავის მიოტომებთან; ახდენს თვალის კაკლის გარეთა კუნთის ინერვაციას.
nervus accessorius დამატებითი ნერვი; კრანიალური ნერვების XI წყვილი; მამოძრავებელი ნერვია, რომლის განვითარება დაკავშირებულია ბოლო სალაყუჩე რკალებთან; შედგება კრანიალური და სპინალური ფესვებისაგან; ახდენს ტრაპეციული და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების ინერვაციას.
nervus facialis სახის ნერვი; კრანიალური ნერვების VII წყვილი; შერეული ხასიათის ნერვია, რომლის განვითარება დაკავშირებულია მეორე სალაყუჩე რკალთან; მამოძრავებელი ბოჭკოებით ახდენს მიმიკური კუნთების და უზანგის კუნთის ინერვაციას. სახის ნერვის შემადგენლობაში გაივლის შუამდებარე ნერვი, რომელიც პარასიმპათიკური სეკრეტორული ბოჭკოებით ახდენს სახის ღრუების თითქმის ყველა ჯირკვლების ინერვაციას, გარდა ყბა-ყურის ჯირკვლისა. შუამდებარე ნერვი შეიცავს მგრძნობიარე ბოჭკოებსაც, რომლებიც დამუხვლილ კვანძში აღმოცენდებიან. ამათგან გემოვნების ბოჭკოები ატარებენ იმპულსებს ენის წინა ორი მესამედიდან, ხოლო აფერენტული სომური ბოჭკოები – ყურის კანის მცირე უბნიდან.
nervus glossopharyngeus ენა-ხახის ნერვი, კრანიალური ნერვების IX წყვილი; შერეული ხასიათის ნერვია, რომლის განვითარება დაკავშირებულია მესამე სალაყუჩე რკალთან; შეიცავს: 1. მგრძნობიარე ბოჭკოებს, რომლებიც ენა-ხახის ნერვის ზემო და ქვემო კვანძებში აღმოცენდებიან და ატარებენ იმპულსებს ყურის კანის მცირე უბნიდან, პირ-ხახის, სასის რკალების, ნუშების, დაფის ღრუსა და სასმენი ლულის ლორწოვანი გარსიდან და ენის უკანა მესამედიდან (გემოვნების ბოჭკოები); 2. სპეციალურ ვისცერულ ეფერენტულ ბოჭკოებს სადგის-ხახის კუნთის საინერვაციოდ და 3. პარასიმპათიკური სეკრეტორულ ბოჭკოებს ყბა-ყურის ჯირკვლისათვის.
nervus hypoglossus ენისქვეშა ნერვი; კრანიალური ნერვების XII წყვილი. ემბრიონულ პერიოდში რომბისებრი ფოსოს ქვედა ნაწილში ჩაისახება რამდენიმე სეგმენტურად განლაგებული ბირთვი, როგორც ზურგის ტვინის წინა რქის უშუალო გაგრძელება. ამ ბირთვებიდან გამოდის 3-5 ნერვული ღერო, რომელთა შერწყმით წარმოიქმნება ენისქვეშა ნერვი. მამოძრავებელი ნერვია და ანერვებს ენის კუნთებს.
nervus oculomotorius თვალის მამოძრავებელი ნერვი; კრანიალური ნერვების III წყვილი; მამოძრავებელი ნერვია, რომლის განვითარება დაკავშირებულია თავის მიოტომებთან; სომური ეფერენტული ბოჭკოებით ანერვებს თვალის კაკლის ქვემო და მედიალურ სწორ და ქვემო ირიბ კუნთებს და ზემო ქუთუთოს ამწევ კუნთს; შეიცავს აგრეთვე დამატებით ბირთვში აღმოცენებულ პარასიმპათიკურ ბოჭკოებს გუგის სფინქტერისა და წამწამოვანი კუნთის საინერვაციოდ.
nervi olfactorii ყნოსვის ნერვები; კრანიალური ნერვების I წყვილი; მსგავსად მხედველობის ნერვისა იზრდება თავის ტვინიდან და თავისი წარმოშობით და აგებულებით განსხვავდება სხვა მგრძნობიარე ნერვებისაგან; შედგება 15-20 ნერვისაგან, რომლებიც წარმოადგენენ ყნოსვის უჯრედების ცენტრალური მორჩების ერთობლიობას. ყნოსვის ნერვები დაცხრილული ფირფიტით შედიან ქალას ღრუში და მთავრდებიან ყნოსვის ბოლქვში.
nervus opticus მხედველობის ნერვი; კრანიალური ნერვების II წყვილი; წარმოადგენს წინა სატვინე ბუშტის ლატერალური კედლის გამონაზარდს; შედგება ბადურას განგლიონური უჯრედების ცენტრალური მორჩებისაგან, რომლებიც მხედველობის ჯვარედინის და ტრაქტის გავლით აღწევენ მხედველობის ქერქქვეშა ცენტრებს.
nervi terminales ტერმინალური ნერვები; ბოლო ნერვები; რამდენიმე ნერვული ტოტი ყნოსვის ტრაქტისა და ბოლქვის მედიალური ზედაპირის გასწვრივ, რომლებიც გაივლიან დაცხრილულ ფირფიტას და ვრცელდებიან ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში; შეიცავენ ამ ტოტებზე მიმობნეული ბიპოლარული და მულტიპოლარული უჯრედების ურბილგაოსო ბოჭკოებს. ცხოველებში აღწერილია ამ ნერვის ცენტრალურად გავრცელება ყნოსვის სამკუთხედში, სასაზღვრო ფირფიტაში და ჰიპოთალამურ მიდამოში. ტერმინალური ნერვების კავშირები და ფუნქცია გაურკვეველია. ზოგი მათ მიაკუთვნებს ავტონომიური ნერვული სისტემის კრანიალურ ნაწილს, რომლითაც ინერვირდება ცხვირის ღრუს სისხლძარღვები და ჯირკვლები.
nervus trigeminus სამწვერა ნერვი; კრანიალური ნერვების V წყვილი; შერეული ხასიათის ნერვია, რომლის განვითარება დაკავშირებულია I სალაყუჩე რკალთან; შედგება მამოძრავებული და მგრძნობიარე ფესვისაგან. მამოძრავებელი ფესვის სპეციალური ვისცერული ეფერენტული ბოჭკოები ანერვებენ საღეჭ კუნთებს, ყბა-ინის კუნთს, ორმუცელა კუნთის წინა მუცელს და დაფისა და სასის გამჭიმავ კუნთებს. მგრძნობიარე ფესვზე განლაგებულია სამწვერა კვანძი, რომლის უჯრედებში აღმოცენებული ბოჭკოები ატარებენ იმპულსებს სახისა და შუბლის კანის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, კბილების და თავის ტვინის გარსების რეცეპტორებიდან და აგრეთვე კუნთებიდან.
nervus trochlearis ჭაღის ნერვი; კრანიალური ნერვების IV წყვილი; მამოძრავებელი ნერვია, რომლის განვითარება დაკავშირებულია თავის მიოტომებთან; შეიცავს სომურ ეფერენტულ ბოჭკოებს თვალის კაკლის ზემო ირიბი კუნთის საინერვაციოდ.
nervus vagus ცთომილი ნერვი; კრანიალური ნერვების X წყვილი; შერეული ხასიათის ნერვია, რომლის განვითარება დაკავშირებულია IV და მომდევნო სალაყუჩე რკალებთან; შეიცავს სპეციალური ვისცერულ ეფერენტულ ბოჭკოებს, რომლებიც ანერვებენ ხორხისა და ხახის ბრანქიომერული წარმოშობის კუნთებს; პარასიმპათიკური ბოჭკოებს, რომლებიც ტერმინალურ კვანძებში განლაგებულ პოსტგანგლიონურ ნეირონებზე გადართვის შემდეგ ანერვებენ გულის კუნთს, სისხლძარღვებს, სასულეს, ბრონქების, საყლაპავი მილის, კუჭისა და ნაწლავების (სიგმოიდურ კოლინჯამდე) კუნთოვან გარსს და ჯირკვლებს, ღვიძლს, პანკრეასს, ელენთას და თირკმელს. ცთომილი ნერვის აფერენტული ბოჭკოები აღმოცენდებიან ზემო და ქვემო სენსორულ კვანძებში. სომური აფერენტული ბოჭკოები ატარებენ იმპულსებს ყურის კანიდან, ვისცერული აფერენტული ბოჭკოები – ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების რეცეპტორებიდან, ხოლო გემოვნების ბოჭკოები (სპეციალური ვისცერული აფერენტული ბოჭკოები) – ხორხსარქვლის ლორწოვან გარსში მიმობნეული გემოვნების კვირტებიდან.
nervus vestibulocochlearis (N. octavus) კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი (მერვე ნერვი); კრანიალური ნერვების VIII წყვილი; სენსორული ნერვი; შედგება ორი ნაწილისაგან: კარიბჭისა და ლოკოკინასი. კარიბჭისეული ნაწილის სენსორული კვანძი მდებარეობს შიგნითა სასმენი შესავლის ძირზე, ამ კვანძის ბიპოლარული უჯრედების პერიფერიული მორჩები ბოლოვდებიან ნახევარრკალოვანი სადინარების ამპულების ქედებში და ტიკისა და პარკუჭის ხალებში, ცენტრალური ბოჭკოები კი – კარიბჭის მედიალურ, ლატერალურ, ზემო და ქვემო ბირთვებში. კარიბჭისეული ნაწილის ბოჭკოები ატარებენ შიგნითა ყურიდან წონასწორობის იმპულსებს და განიხილება როგორც სპეციალური სომატური აფერენტული – პროპრიოცეპტული ბოჭკოები. ლოკოკინასეული ნაწილის სენსორული კვანძი – სპირალური კვანძი მდებარეობს ლოკოკინას ღერძის სპირალურ არხში; ამ კვანძის ბიპოლარული უჯრედების პერიფერიული ბოჭკოები ბოლოვდება სპირალურ ორგანოში, ცენტრალური ბოჭკოები კი ხიდში – ლოკოკინას ვენტრალურ და დორსალურ ბირთვში. ლოკოკინასეული ნაწილის ბოჭკოები ატარებენ ბგერით იმპულსებს და განეკუთვნებიან სპეციალური სომატური აფერენტული ბოჭკოების კატეგორიას
nervosus, - a, - um ნერვული
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9