L. nux კაკალი, კაკლის გული ბირთვი; ანატომიაში ამ ტერმინით აღინიშნება:
1. უჯრედის ბირთვი,
2. რაიმე წარმონაქმნის შუა ადგილი, მაგალითად, მალთაშუა დისკოს რბილი ბირთვი, ბროლის ბირთვი,
3. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განლაგებული უჯრედების გროვა.
- nucleus ambiguus ორმაგი ბირთვი; განლაგებულია მოგრძო ტვინში, ცთომილი ნერვის სამკუთხედის სისქეში. ამ მოტორულ ბირთვში აღმოცენდებიან ბრანქიომერული წარმოშობის კუნთების საინერვაციო ბოჭკოები რომლებიც შედიან ენა-ხახისა, ცთომილი და დამატებითი ნერვის შემადგენლობაში.
- nuclei arcuati რკალოვანი ბირთვები; ნერვული უჯრედების გროვები მოგრძო ტვინის პირამიდის ვენტრალურ და მედიალურ ზედაპირზე; ამ ბირთვების ნეირონებზე ხდება ვენტრალური გარეთა რკალოვანი ბოჭკოების გადართვა.
- nucleus caudatus კუდიანი ბირთვი; რუხი ნივთიერების მასა განლაგებული მხედველობის ბორცვის ლატერალურად; წარმოადგენს დიდი ტვინის ჰემისფეროს ქერქქვეშა ბირთვს და შედის ზოლიანი სხეულის შემადგენლობაში.
- nuclei cochleares, ventralis et dorsalis ლოკოკინას ბირთვები, ვენტრალური და დორსალური; განლაგებული არიან ხიდში, ლოკოკინას არეს სისქეში. ამ ბირთვებში განლაგებულია სმენის ანალიზატორის მეორე ნეირონები.
- nucleus colliculi inferioris ქვემო გორაკის ბირთვი; განლაგებულია შუა ტვინის ქვემო გორაკის სისქეში; ამ ბირთვში მთავრდება ლატერალური მარყუჟის ბოჭკოების ნაწილი, რომლებიც ატარებენ სმენით იმპულსებს.
- nuclei corporis geniculati laterales ლატერალური დამუხვლილი სხეულის ბირთვები; განლაგებული არიან ლატერალური დამუხვლილი სხეულის სისქეში; აქ მთავრდება მხედველობის ტრაქტის ბოჭკოების ნაწილი; ამ ბირთვში აღმოცენებული ბოჭკოები კი მიემართება მხედველობის ქერქულ ცენტრში.
- nucleus corporis geniculati medialis მედიალური დამუხვლილი სხეულის ბირთვი; ნერვული უჯრედების ჯგუფი მედიალური დამუხვლილი სხეულის სისქეში; აქ მთავრდება ლატერალური მარყუჟის ბოჭკოების ნაწილი; ამ უჯრედებიდან აღმოცენებული ბოჭკოები მიემართებიან სმენის ქერქულ ცენტრში.
- nuclei corporis mamillaris დვრილისებრი სხეულის ბირთვები; ნერვული უჯრედების გროვები, რომელთა აქსონები ქმნიან დვრილ-მხედველობის ბორცვის კონას, დვრილ-ჭერის კონას და დვრილისებრი სხეულის ფეხს.
- nuclei corporis trapezoidei ტრაპეციული სხეულის ბირთვები; არჩევენ ტრაპეციული სხეულის დორსალურ და ვენტრალურ ბირთვს; განლაგებული არიან ხიდის ტრაპეციული სხეულის ლატერალურ ნაწილში, შესაბამისად დორსალურად და ვენტრალურად; ამ ბირთვებში მთავრდება ლოკოკინას თანაგვერდითი ან მოპირდაპირე მხრის ვენტრალური ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები და იწყება სმენის გზის მესამე ნეირონები. ამ უჯრედების ბოჭკოები გადაჯვარედინდებიან მოპირდაპირე მხრის ბოჭკოებთან, შეუერთდებიან ლოკოკინას დორსალური ბირთვიდან გამოსულ ბოჭკოებს და ქმნიან ლატერალურ მარყუჟს.
- nucleus cuneatus სოლისებრი ბირთვი; განლაგებულია თანამოსახელე ბორცვის სისქეში. ამ ბირთვის უჯრედებზე მთავრდებიან სოლისებრი კონის ბოჭკოები, ხოლო თვით ეს უჯრედები პროპრიოცეპტული იმპულსების გამტარი გზის მეორე ნეირონებია.
- nucleus dentatus დაკბილული ბირთვი; განლაგებულია ნათხემის ჰემისფეროს ტვინოვან სხეულში; წარმოადგენს რუხ დაკლაკნილ, მოდრეკილ ფირფიტას; ფილოგენეზურად ახალი ბირთვია (ნეოცერებელუმი), რომელიც ვითარდება კიდურებით გადაადგილებასთან დაკავშირებით. დაკბილული ბირთვის რთული კავშირებიდან აქ აღვნიშნავთ ოლივა-ნათხემის ტრაქტის ბოჭკოებს, ნათხემ-წითელი ბირთვისა და ნათხემ-მხედველობის ბორცვის ტრაქტის ბოჭკოებს.
- nucleus dorsonedialis დორსომედიალური ბირთვი; განლაგებულია ჰიპოთალამუსში, ვენტრომედიალური ბირთვის დორსალურად; ამ ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები ამყარებენ კავშირს მეზობელ ბირთვებთან და უერთდებიან პარავენტრიკულურ ბოჭკოებს.
- nucleus emboliformis საცობისებრი ბირთვი; მომცრო ბირთვი ნათხემის ჰემისფეროს ტვინოვან სხეულში, დაკბილული ბირთვის კარის მედიალურად; განეკუთვნება ძველ ნათხემს – paleocerebellum, რომელიც ვითარდება ტანის მოძრაობებთან დაკავშირებით.
- nucleus fastigii კარვის ბირთვი; განლაგებულია ჭიის თეთრი ნივთიერების შუა ხაზის გვერდით, ნათხემის დანარჩენი ბირთვების მედიალურად; განეკუთვნება ნათხემის უძველეს ნაწილს - archicerebellum, რომელიც ვითარდება ვესტიბულურ აპარატთან დაკავშირებით. აღსანიშნავია კარვის ბირთვის ორმხრივი კავშირები კარიბჭის ბირთვებთან.
- nucleus globosus მომრგვალებული ბირთვი; შედგება მრავალი მცირე, წერტილისებრი კუნძულებისაგან; განლაგებულია ნათხემის ტვინოვან სხეულში საცობისებრ და კარვის ბირთვებს შორის; საცობისებრ ბირთვთან ერთად განეკუთვნება ნათხემის ძველ ნაწილს – paleocerebellum. ამ ორი ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები უერთდება დაკბილული ბირთვიდან გამოსულ ბოჭკოებს.
- nucleus gracilis ნაზი ბირთვი; განლაგებულია ნაზი კონის ზედა ბოლოში, ნაზი ბირთვის ბორცვის სისქეში; ნაზი ბირთვი შეიცავს პროპრიოცეპტული იმპულსების გამტარი გზის მეორე ნეირონებს; აქ მთავრდებიან ნაზი კონის ბოჭკოები – პროპრიოცეპტული გზის პირველი ნეირონები. ნაზი და სოლისებრი ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები (შიგნითა რკალოვანი ბოჭკოები) გადაჯვარედინდებიან მოპირდაპირე მხრის თანაგვარ ბოჭკოებთან და ქმნიან მედიალური მარყუჟს.
- nucleus habenulae medialiset lateralis სადავის მედიალური და ლატერალური ბირთვი; განლაგებული არიან სადავის სამკუთხედში; სადავის ბირთვები დაკავშირებულია ყნოსვის ცენტრალურ გზებთან სადავის ბირთვებში მთავრდებიან მხედველობის ბორცვის ზოლის შემადგენელი ბოჭკოები (თაღის ბოჭკოები, წინა დახვრეტილი სუბსტანციიდან გამოსული ბოჭკოები, თალამუსში აღმოცენებული ბოჭკოები); ეს ბოჭკოები ნაწილობრივ მთავრდება თანაგვერდით ბირთვებში, ნაწილობრივ კი – მოპირდაპირე მხრის ბირთვებში (სადავის შესართავის გავლით). სადავის ბირთვიდან გამოდიან შებრუნებული კონის ბოჭკოები, რომლებიც მიემართებიან ფეხთაშუა ბირთვში.
- nucleus intercalatus ჩართული ბირთვი; ენისქვეშა ნერვის ბირთვსა და ცთომილი ნერვის დორსალურ ბირთვს შორის განლაგებული, გაურკვეველი ფუნქციის ბირთვი.
- nucleus intermediolateralis (lateralis) ლატერალური შუამდებარე ბირთვი (ლატერალური ბირთვი); განლაგებულია ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების გვერდით რქაში (გულმკერდის I სეგმენტიდან წელის II-III სეგმენტამდე); ამ ბირთვში აღმოცენებული ბოჭკოები (სიმპათიკური ბოჭკოები) შედიან სპინალური ნერვის წინა ფესვის შემადგენლობაში. წელის ქვედა სეგმენტებში ეს ბირთვი ქრება და ისევ ჩნდება გავის II-IV სეგმენტებში, სადაც მას გამოეყოფა უკვე პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები. ეს ბოჭკოები შედიან გავის სპინალური ნერვების წინა ფესვების შემადგენლობაში და შემდეგ შიგნეულობის მენჯისეული ნერვების სახით გამოეყოფიან გავის წნულს.
- nucleus intermediomelialis (medialis) მედიალური შუამდებარე ბირთვი (მედიალური ბირთვი); განლაგებულია ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების შუამდებარე ნივთიერებაში. ამ ბირთვის უჯრედების აქსონები შედიან ზურგისტვინ-ნათხემის წინა ტრაქტის შემადგენლობაში.
- nucleus interpeduncularis ფეხთაშუა ბირთვი; ნერვული უჯრედების მცირე ჯგუფი უკანა დახვრეტილი სუბსტანციის უკანა ნაწილში, ხიდის წინა კიდის მახლობლად; ამ ბირთვში მთავრდებიან სადავის ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები (შებრუნებული კონა). ფეხთაშუა ბირთვის უჯრედებიდან აღმოცენებული ბოჭკოები მიემართებიან ცენტრალური რუხი ნივთიერების ვენტრალურ ნაწილში განლაგებულ ასოციაციურ ნეირონებისაკენ. ფეხთაშუა ბირთვი დაკავშირებულია ყნოსვის ცენტრალურ ასოციაციურ გზებთან.
- nucleus lemnisci lateralis ლატერალური მარყუჟის ბირთვი; ნერვული უჯრედების მცირე გროვა ლატერალური მარყუჟის მედიალურ მონაკვეთში, ხიდის ზედა ნაწილში; აქ მთავრდება სმენის ცენტრალური გზის ბოჭკოების ნაწილი: ტრაპეციული სხეულის თანაგვერდითი და მოპირდაპირე მხრის დორსალური ბირთვებიდან გამოსული ბოჭკოების ნაწილი და ლოკოკინას დორსალური ბირთვებიდან გამოსული ბოჭკოების ნაწილი. ლატერალური მარყუჟის ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები ნაწილობრივ მიყვება ლატერალური მარყუჟის ბოჭკოებს სმენის ქერქქვეშა ბირთვებამდე, ნაწილობრივ კი უკავშირდება მედიალური გასწვრივ კონას.
- nucleus lentilormis ოსპისებრი ბირთვი; განლაგებულია დიდი ტვინის ჰემისფეროს სისქეში, შიგნითა კაფსულის ლატერალურად; ტვინოვანი ფირფიტებით გაყოფილია სამ ნაწილად; ლატერალურად მოთავსებულია ჩენჩო, მედიალურად კი ორი მკრთალი სფერო. ფილოგენეზურად მკრთალი სფერო უფრო ძველი წარმონაქმნია paleostriatum, ვიდრე ჩენჩო და კუდიანი ბირთვი. ამიტომ მკრთალ სფეროს პალიდუმის – pallidum სახელწოდებით ცალკე მორფოლოგიურ ერთეულად გამოყოფენ. ამ შემთხვევაში ზოლიანი სხეულის სახელწოდების ქვეშ გულისხმობენ მხოლოდ ჩენჩოს და კუდიან ბირთვს, ხოლო ზოლიან სხეულს მკრთალ სფეროსთან ერთად სტრიოპალიდურ სისტემას უწოდებენ. სტრიოპალიდური სისტემა ექსტრაპირამიდული სისტემის მთავარი ნაწილია და ამის გარდა წარმოადგენს ვეგეტაციური ფუნქციების (ნახშირწყლების და სითბოს რეგულაცია) უმაღლეს სარეგულაციო ცენტრს, რომელიც დომინირებს ჰიპოთალამუსის თანაგვარ ცენტრებზე.
- nucleus motorius n. trigemini სამწვერა ნერვის მოტორული (მამოძრავებელი) ბირთვი; განლაგებულია ხიდის დორსალურ ნაწილში, რომბისებრ ფოსოზე პროეცირდება ლურჯი ალაგის მედიალურად; ამ ბირთვში აღმოცენდებიან სამწვერა ნერვის სპეციალური ვისცერული ეფერენტული ბოჭკოები საღეჭი კუნთებისა, ორმუცელა კუნთის წინა მუცლის, ყბა-ინის და დაფისა და სასის გამჭიმავი კუნთების საინერვაციოდ.
- nucleus n. abducentis განმზიდველი ნერვის ბირთვი; განლაგებულია ხიდის დორსალურ ნაწილში, სახის ნერვის ბორცვის სისქეში; მამოძრავებელი ბირთვია.
- nucl. n. accessorii დამატებითი ნერვის ბირთვები; დამატებით ნერვს ორი მოტორული ბირთვი აქვს; 1. ორმაგი ბირთვი, რომლის ბოჭკოები შედიან ენა-ხახის, ცთომილი და დამატებითი ნერვის შემადგენლობაში. 2. დამატებითი ნერვის სპინალური ბირთვი – განლაგებულია ზურგის ტვინის ზედა ექვსი სეგმენტის წინა რქის ლატერალურ ნაწილში. ამ ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები ქმნიან დამატებითი ნერვის სპინალურ ფესვებს.
- nucleus n. facialis სახის ნერვის ბირთვი; ხიდის ბადისებრ ფორმაციაში განლაგებული მოტორული ბირთვი. სახის ნერვის შემადგენლობაში განიხილავენ აგრეთვე შუამდებარე ნერვს, რომელსაც ორი ბირთვი აქვს; 1. ზემო სანერწყვე ბირთვი – ვისცერულ მოტორული (ვეგეტაციური) ბირთვი და 2. განკერძოებული კონის ბირთვი – სენსორული ბირთვი.
- nucleus n. hypoglossi ენისქვეშა ნერვის ბირთვი; მოტორული ბირთვი განლაგებული მოგრძო ტვინში, ენისქვეშა ნერვის სამკუთხედის ქვეშ.
- nucleii n. oculomotorii თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვები; განლაგებული არიან შუა ტვინის ჭერში, ცენტრალურ რუხ ნივთიერებაში ზემო გორაკის დონეზე; თვალის მამოძრავებელი ნერვის შემდეგ ბირთვებს არჩევენ: დორსოლატერალურს, ვენტრომედიალურს, კაუდალური ცენტრალურსა და დამატებით ანუ ავტონომიურს; პირველი სამი სომატური მოტორული ბირთვია, მეოთხე ბირთვი კი ვისცერულ მოტორული, რომელშიც აღმოცენდებიან თვალის მამოძრავებელი ნერვის შემადგენლობაში შემავალი პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები.
- nucleii n. trigemini სამწვერა ნერვის ბირთვები; სამწვერა ნერვს შემდეგი ბირთვები აქვს: 1. სამწვერა ნერვის მოტორული ბირთვი – აღწერილია ზემოთ; 2. სამწვერა ნერვის მთავარი სენსორული ბირთვი – განლაგებულია ხიდის დორსალურ ნაწილში, სამწვერა ნერვის მოტორული ბირთვის ლატერალურად და უკან; 3. სამწვერა ნერვის სპინალური ტრაქტის ბირთვი – განლაგებულია მოგრძო ტვინის დორსალური ნაწილის მთელ სიგრძეზე და ვრცელდება მთავარი სენსორული ბირთვიდან ზურგის ტვინის ზედა სეგმენტებამდე, უკანა რქის ჟელატინურ ნივთიერებამდე; 4. სამწვერა ნერვის მეზენცეფალური ტრაქტის ბირთვი – ისევე როგორც წინა ორი, სენსორული ბირთვია; განლაგებულია შუა ტვინის ჭერში, დიდი ტვინის წყალსადენის გვერდით; ამ ბირთვში მთავრდებიან სამწვერა ნერვის პროპრიოცეპტული ბოჭკოები საღეჭი კუნთებიდან, წინა ორ ბირთვში კი – სამწვერა ნერვის დანარჩენი სენსორული ბოჭკოები.
- nucleus n. trochlearis ჭაღისებრი ნერვის ბირთვი; მოტორული ბირთვი განლაგებული შუა ტვინის ცენტრალურ რუხ ნივთიერებაში, ქვემო გორაკის დონეზე.
- nucl. n. vagi ცთომილი ნერვის ბირთვები; ცთომილ ნერვს ორი მოტორული და ერთი სენსორული ბირთვი აქვს; 1. ორმაგი ბირთვი – აქ აღმოცენდებიან ცთომილი ნერვის სპეციალური ვისცერული ეფერენტული ბოჭკოები ხორხისა და ხახის ბრანქიომერული კუნთების საინერვაციოდ; 2. ცთომილი ნერვის დორსალური ბირთვი – ვეგეტაციური ბირთვი, რომელიც განლაგებულია მოგრძო ტვინში, ცთომილი ნერვის სამკუთხედში; ამ ბირთვიდან აღმოცენდებიან ცთომილი ნერვის პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები; 3. განკერძოებული ტრაქტის ბირთვი – სენსორული ბირთვი, სადაც მთავრდებიან ცთომილი ნერვის აფერენტული ბოჭკოები.
- nuclei n. vestibulocochlearis კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის ბირთვები; მოიცავს კარიბჭის ბირთვებს და ლოკოკინას ბირთვებს. ლოკოკინას ბირთვები აღწერილია ზემოთ. კარიბჭის ბირთვები განლაგებული არიან რომბისებრი ფოსოს გვერდით კუთხეში – კარიბჭის ველში. არჩევენ: 1. კარიბჭის მედიალურ ბირთვს – მას მთავარ, შვალბეს ბირთვს უწოდებდნენ; 2. კარიბჭის ლატერალურ ბირთვს – მას დეიტერსის ბირთვს უწოდებდნენ; 3. კარიბჭის ზემო ბირთვს – მას ბეხტერევის ბირთვს უწოდებდნენ და 4. კარიბჭის ქვემო ბირთვს. ამ ბირთვებში განლაგებული არიან სტატო-კინეტიკური ანალიზატორის მეორე ნეირონები, პირველი ნეირონების სხეული ძევს კარიბჭის კვანძში. აღსანიშნავია კარიბჭის ბირთვების შემდეგი კავშირები: კარიბჭის ბირთვის ბოჭკოები ნათხემის უკანა ფეხის გავლით უკავშირდებიან ნათხემის უძველეს ნაწილს – კვანძსა და კვირტს, ხოლო კარვის ბირთვის დაღმავალი ბოჭკოები მთავრდებიან კარიბჭის ბირთვებში, კარიბჭის ბირთვების კავშირი ზურგის ტვინთან ხორციელდება კარიბჭე-ზურგის ტვინის ტრაქტის საშუალებით. კარიბჭის ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები შედიან მედიალური გასწვრივი კონის შემადგენლობაში და უკავშირდებიან თვალის კაკლის კუნთების ნერვების ბირთვებს. რეტიკულური ფორმაციის საშუალებით კარიბჭის ბირთვები უკავშირდება ენა-ხახისა და ცთომილი ნერვის ბირთვებს. კარიბჭის ბირთვების გადაჯვარედინებული ბოჭკოები მიემართებიან მხედველობის ბორცვში, ხოლო აქედან მესამე ნეირონები დიდი ტვინის ქერქში. ვარაუდობენ, რომ სტატო-კინეტიკური ანალიზატორის ქერქული ბოლო მიმობნეულია საფეთქლისა და თხემის წილის ქერქში.
- nucleus olivaris ოლივის ბირთვი; რუხი დაკლაკნილი, მოდრეკილი ფირფიტა ოლივის სისქეში; დაკავშირებულია ნათხემის დაკბილულ ბირთვთან და წარმოადგენს წონასწორობის შორისულ ბირთვს.
- nucleus paraventricularis პარავენტრიკულური ბირთვი; განლაგებულია ჰიპოთალამუსში, დორსომედიალური ბირთვის წინ; დაკავშირებულია ეპითალამუსთან, მხედველობის ბორცვთან, ჰიპოფიზთან; აწვდის ბოჭკოებს დორსალურ გასწვრივ კონას და ამყარებს კავშირებს ტვინის ღეროს მოტორულ და ვისცერულ ბირთვებთან; ემსახურება ვეგეტაციური ფუნქციების რეგულაციას.
- nuclei pontis ხიდის ბირთვები; განლაგებული არიან ხიდის ბაზალურ ნაწილში; ღებულობენ იმპულსებს დიდი ტვინის ქერქიდან და აწვდიან მათ ნათხემს.
- nucleus posterior უკანა ბირთვი; განლაგებულია ჰიპოთალამუსში, დვრილისებრი სხეულის დორსალურად; მისი ეფერენტული ბოჭკოების მსვლელობა ზუსტად არ არის გარკვეული.
- nucleus ruber წითელი ბირთვი; განლაგებულია შუა ტვინის ფეხის ჭერში, შავი ნივთიერების დორსალურად; წარმოადგენს ექსტრაპირამიდული სისტემის საკოორდინაციო ცენტრს; გარდა კავშირებისა ექსტრაპირამიდული სისტემის ნაწილებთან, წითელ ბირთვში მთავრდებიან ნათხემიდან გამოსული ბოჭკოები და იწყება წითელ- ბირთვ-ზურგის ტვინის ტრაქტი.
- nucleus salivatorius inferior ქვემო სანერწყვე ბირთვი; უჯრედების გროვა მოგრძო ტვინის ბადისებრი ფორმაციის სისქეში, ოლივის ბირთვსა და ორმაგ ბირთვს შორის; ვეგეტაციური ბირთვი, სადაც აღმოცენდებიან ენა-ხახის ნერვის პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები ყბა-ყურის ჯირკვლის საინერვაციოდ.
- nucleus salivatorius superior ზემო სანარწყვე ბირთვი; განლაგებულია ხიდის ბადისებრ ფორმაციაში, სახის ნერვის ბირთვის დორსალურად; ვეგეტაციური ბირთვი, სადაც აღმოცენდებიან სახის ნერვის (შუამდებარე ნერვის) პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოები ენისქვეშა, ქვედაყბისქვეშა და ცრემლის ჯირკვლის საინერვაციოდ.
- nucleus subtlhalamicus სუბთალამური ბირთვი; განლაგებულია სუბთალამურ მიდამოში შავი ნივთიერების ლატერალურად; განეკუთვნება ექსტრაპირამიდული სისტემის ბირთვებს. (BNA – nucleus hypothalamicus, corpus Luysi).
- nucleus supraopticus სუპრაოპტიკური ბირთვი; განლაგებულია ჰიპოთალამუსში, მხედველობის ჯვარედინის დორსალურად; ღებულობს ბოჭკოებს მხედველობის ბორცვის ტვინოვანი ზოლიდან; სუპრაოპტიკურ-ჰიპოფიზური ტრაქტით აწვდის ბოჭკოებს ჰიპოფიზის უკანა წილს.
- nuclei tegmenti ჭერის ბირთვები; ტეგმენტუმის ბირთვები; ნერვული უჯრედების გროვა შუა ტვინის ბადისებრ ფორმაციაში.
- nucleus thoracicus გულმკერდის ბირთვი; განლაგებულია ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების უკანა რქის ფუძის მედიალური ნაწილში; როგორც სახელწოდებიდან ჩანს ეს ბირთვი უკეთ არის გამოხატული ზურგის ტვინის გულმკერდის სეგმენტებში; ამ ბირთვში განლაგებულია ზურგისტვინ-ნათხემის უკანა ტრაქტის მეორე ნეირონები (პირველი ნეირონი ძევს სპინალურ კვანძში). (BNA – nucleus dorsalis, Stillingi, Clarki).
- nuclei tuberales ბორცვის ბირთვები; განლაგებული არიან რუხ ბორცვში; წარმოადგენენ უმაღლეს ვეგეტაციურ ცენტრებს, რომლებიც, კერძოდ, მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე და სითბოს რეგულაციაზე.
- nucleus ventromedialis ვენტრომედიალური ბირთვი; განლაგებულია ჰიპოთალამუსში, რუხი ბორცვის ზემოთ და დორსომედიალური ბირთვის ქვემოთ; ღებულობს ბოჭკოებს სუბთალამუსიდან და სასაზღვრო ზოლიდან. ეს ბირთვი არ უნდა აგვერიოს თვალის მამოძრავებელი ნერვის ვენტრომედიალურ ბირთვში.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.