A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

SA SC SE SI SM SO SP SQ ST SU SY
SEB SEC SEG SEL SEM SEN SEP SER SES SEX

segmentum, i

L.
საშ. სქ.
სეგმენტი, ნაწილი
 
segmenta bronchopulmonalia ბრონქ-ფილტვის სეგმენტები; ყოველი სეგმენტი წარმოადგენს ფილტვის დანაყოფს, დამოუკიდებელ ერთეულს, რომელიც მარაგდება ერთი სეგმენტური ბრონქით და ერთი არტერიით. სეგმენტები გამიჯნულია შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდეებით, რომელშიც გაივლის ორი მეზობელი სეგმენტის მადრენირებელი ვენა. ყოველ სეგმენტს დაახლოებით კონუსის ფორმა აქვს, რომლის წვერო მიმართულია ფილტვის კარისაკენ, ფუძე კი – ფილტვის ზედაპირისაკენ. ბრონქ-ფილტვის სეგმენტი ფილტვის მორფოლიგიური და ფუნქციური ერთეულია, რომლის ფარგლებში თავდაპირველად იწყება ზოგიერთი პათოლოგიური პროცესი. პარიზის ანატომიური ნომენკლატურის თანახმად მარჯვენა ფილტვში 11 სეგმენტია (ამასთან ერთი – არამუდმივია), მარცხენაში კი – 10.
segmenta hepatis ღვიძლის სეგმენტები; ქირურგიის განვითარებამ და ღვიძლის დეტალურმა შესწავლამ განაპირობა ამ ორგანოს სეგმენტურად დაყოფა; სეგმენტი ეს არის ღვიძლის ნაწილი, რომელიც შეესაბამება კარის ვენის მსხვილ ტოტს და მის თანამგზავრ ღვიძლის არტერიის ტოტებსა და ნაღვლის სადინარებს. სხვადასხვა ავტორების მიერ მოწოდებულია ღვიძლის სეგმენტების განსხვავებული რაოდენობა. აქ მოგვყავს ღვიძლის სეგმენტებად დაყოფა პარიზის ანატომიური ნომენკლატურის მიხედვით. ღვიძლის მარჯვენა წილში არჩევენ: წინა სეგმენტს – segmentum anterius და უკანა სეგმენტს – segmentum posterius, ღვიძლის მარცხენა წილში კი – მედიალურ სეგმენტს – segmentum mediale, რომელიც მოიცავს კვადრატულ ნაწილს – pars quadrata (შეესაბამება ღვიძლის თანამოსახელე წილს), და ლატერალურ სეგმენტს – segmentum laterale.
segmenta renales თირკმლის სეგმენტები; თირკმელში არჩევენ ოთხ მილაკოვან სისტემას: არტერიებს, ვენებს, ლიმფურ ძარღვებსა და თირკმლის მილაკებს, რომელთა მსვლელობაში რამდენადმე შეიმჩნევა პარალელიზმი. მ. პრივესის მონაცემებით, შესაბამისობა განსაკუთრებით გამოხატულია თირკმლის არტერიის ორგანოსშიგა ტოტებსა და თირკმლის ფიალებს შორის. ყველაფერი ეს დაედო საფუძვლად თირკმლის სეგმენტაციას. არჩევენ თირკმლის ხუთ სეგმენტს:
segmentum superius ზემო სეგმენტი; შეესაბამება თირკმლის ზემო პოლუსს;
segmentum anterius superius ზემო წინა სეგმენტი; განლაგებულია თირკმლის მენჯის წინ, ზემო სეგმენტსა და ქვემო წინა სეგმენტს შორის; მოიცავს თირკმლის წინა ზედაპირის შუა ნაწილის ზედა განყოფილებას;
segmentum anterius inferius ქვემო წინა სეგმენტი; განლაგებულია თირკმლის მენჯის წინ, ზემო წინა სეგმენტსა და ქვემო სეგმენტს შორის; მოიცავს თირკმლის წინა ზედაპირის შუა ნაწილის ქვედა განყოფილებას;
segmentum inferius ქვემო სეგმენტი; შეესაბამება თირკმლის ქვემო პოლუსს;
segmentum posterius უკანა სეგმენტი; განლაგებულია თირკმლის მენჯის უკან, ზემო და ქვემო სეგმენტებს შორის და უკავია თირკმლის უკანა ზედაპირი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9