A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

SA SC SE SI SM SO SP SQ ST SU SY
SIG SIM SIN SIT

sinus, - us

m.
L.
სინუსი, წიაღი, უბე
 
sinus aortae აორტის სინუსი; უბე აორტის კედელსა და ნამგლისებრ აფრას შორის. (Walsalvae).
sinus anales ყითას სინუსები; მომცრო ჩაღრმავებები, უბეები ყითას სარქვლების უკან. (BNA – sinus rectales. Sinus Morgagnii).
sinus caroticus საძილე სინუსი; საერთო საძილე არტერიის ზედა ბოლოს გაფართოება, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება შიგნითა საძილე არტერიის დასაწყის მონაკვეთზეც.
sinus cavernosus მღვიმოვანი სინუსი; მაგარი გარსის წყვილი სინუსი, რომლებიც თურქული კეხის გვერდებზე არიან განლაგებული; მრავალრიცხოვანი ხარიხებით დაყოფილი ღრუ აძლევს მას მღვიმოვანი სხეულის სახეს, რამაც განაპირობა მისი დასახელება. მღვიმოვანი სინუსი რთული კომპლექსია, რომლის შემადგენლობაში გარდა სინუსისა შედის აგრეთვე საძილე არტერია, ნერვები და შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც გარს ეკვრის მათ. თურქული კეხის წინ და უკან მღვიმოვანი სინუსები შეერთებულია ინტერკავერნოზული სინუსებით. მღვიმოვან სინუსში იხსნება თვალბუდის ზემო ვენა.
sinus coronarius გვირგვინოვანი სინუსი; მდებარეობს უკანა გვირგვინოვანი ღარის მარცხენა ნაწილში და იხსნება მარჯვენა წინაგულში; იგი გულის ვენების მთავარი კოლექტორია; წარმოადგენს კიუვეს მარცხენა სადინარის ნაშთს.
sinus durae matris მაგარი გარსის სინუსები; ვენური არხები მაგარი გარსის ორ ფურცელს შორის; მათ არ გააჩნიათ სარქვლები და განივ კვეთზე აქვთ სამკუთხედის ფორმა. სინუსების კედლები აგებულია მაგარი გარსის მაგრად დაჭიმული ფურცლებისაგან, რაც განაპირობებს სისხლის თავისუფალ, შეუფერხებელ ცირკულაციას ქალასშიგა წნევის ცვალებადობის დროს.
sinus epididymidis სათესლის დანამატის სინუსი; სათესლის ბუდისებრი გარსის ვისცერული ფირფიტის ჯიბე სათესლესა და სათესლის დანამატის სხეულს შორის ლატერალური მხრიდან, რომელიც ზემოდან და ქვემოდან მოსაზღვრულია სათესლის დანამატის ზემო და ქვემო იოგით.
sinus ethmoidalis ცხავის სინუსი; მოიცავს ცხავის ძვლის წინა, შუა (იხსნებიან ცხვირის შუა გასავალში) და უკანა (იხსნებიან ცხვირის ზემო გასავალში) უჯრედებს.
sinus frontalis შუბლის წიაღი; შუბლის ძვლის არათანაბრად გაყოფილი წყვილი წიაღი; ძაბრის საშუალებით იხსნება ცხვირის შუა გასავალში.
sinus intercavernosi ინტერკავერნოზული სინუსი; მღვიმოვან სინუსთაშორისი სინუსი; მაგარი გარსის წყვილი, განივი ვენური სინუსი, რომლებიც ტვინის დანამატის წინ და უკან ერთმანეთთან აერთებენ მღვიმოვან სინუსებს; მღვიმოვან სინუსებთან ერთად ქმნიან წრიულ სინუსს, რომელსაც რიდლეისეულ ვენურ წრეს უწოდებდნენ.
sinus lactiferi რძის სინუსი; რძის სადინარის გაფართოებული ნაწილი ძუძუს დვრილის ძირთან.
sinus lienis ელენთის სინუსი; ელენთის ერთ-ერთი ვენური სინუსი, სინუსოიდი.
sinus maxillaris ზედაყბის წიაღი; ყველაზე დიდი პარანაზალური, ჰაეროვანი წიაღი; ზედაყბის სხეულის ღრუ, რომელიც იხსნება ცხვირის შუა გასავალში, (antrum Highmori).
sinus obliquus pericardii პერიკარდიუმის ირიბი სინუსი; პერიკარდიუმის ჯიბე, რომელიც იქმნება სეროზული პერიკარდიუმის ვისცერული ფირფიტის პარიეტულ ფირფიტაში გადასვლით. მოთავსებულია ეპიკარდიუმით დაფარული მარცხენა წინაგულის უკანა ზედაპირსა და პერიკარდიუმს შორის და მოსაზღვრულია ერთი მხრივ ქვემო ღრუ ვენითა და მარჯვენა ფილტვის ვენებით, ხოლო მეორე მხრივ მარცხენა ფილტვის ვენებით.
sinus occipitalis კეფის სინუსი; მაგარი გარსის ვენური სინუსი ნათხემის ნამგლის ფიქსირებული კიდის სისქეში, კეფის შიგნითა ქედის გასწვრივ; იწყება სინუსების შერთულიდან და მიემართება დიდი ხვრელისაკენ, სადაც იყოფა ორად, რომელთაგან თითოეული ერთვის შესაბამისი მხრის სიგმოიდურ სინუსს.
sinus paranasales პარანაზალური წიაღები; თავის ქალას ძვლების ღრუები, რომლებიც იხსნებიან ცხვირის ღრუში; ამოფენილი არიან ლორწოვანი გარსით, რომელიც გრძელდება ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში.
sinus petrosus inferior et superior ქვემო და ზემო კლდოვანი სინუსი; მაგარი გარსის ვენური სინუსები, რომლებიც მოთავსებული არიან თანამოსახელე ღარებში.
sinus posterior უკანა სინუსი; მომცრო ჩაღრმავება დაფის ღრუში, მღვიმის მედიალურ კედელზე, პირამიდული შემაღლების ზემოთ.
sinus prostaticus წინამდებარეს სინუსი; ლორწოვანი გარსის წყვილი უბე სათესლე გორაკის გვერდებზე, სათესლე გორაკსა და შარდსადენის კედელს შორის, სადაც იხსნებიან წინამდებარეს სადინარები.
sinus rectus სწორი სინუსი; მაგარი გარსის ვენური სინუსი მოთავსებული დიდი ტვინის ნამგლის შეერთების ხაზზე ნათხემის კარავთან; აგროვებს სისხლს დიდი ტვინის დიდი ვენიდან, ნათხემის ვენებიდან და ქვემო საგიტალური სინუსიდან.
sinus renalis თირკმლის სინუსი; თირკმლის ღრუ, რომელშიც გადადის თირკმლის კარი; მასში მოთავსებულია თირკმლის მენჯი და ფიალები, სისხლძარღვები, ნერვები, ლიმფური კვანძები და ცხიმოვანი ქსოვილი.
sinus sagittalis inferior ქვემო საგიტალური სინუსი; ვენური სინუსი, რომელიც მოთავსებულია დიდი ტვინის ნამგლის ქვემო ნაპირის სისქეში; ერთვის სწორ სინუსს.
sinus sagittalis superior ზემო საგიტალური სინუსი; ვენური სინუსი დიდი ტვინის ნამგლის ფიქსირებული კიდის სისქეში, რომელიც უფრო ხშირად მარჯვენა განივ სინუსს ერთვის.
sinus sigmoideus სიგმოიდური სინუსი; მაგარი გარსის ვენური სინუსი მოთავსებული საფეთქლის ძვლის თანამოსახელე ღარში; წარმოადგენს განივი სინუსის გაგრძელებას; ერთვის საუღლე ვენას.
sinus sphenoidalis სოლისებრი წიაღი; წყვილი, ასიმეტრიული სინუსი სოლისებრი ძვლის სხეულში; იხსნება სოლისებრ-ცხავის ჯიბეში.
sinus sphenoparietalis სოლისებრ-თხემის სინუსი; წყვილი ვენური სინუსი; მოთავსებულია სოლისებრი ძვლის მცირე ფრთის გასწვრივ; იხსნება მღვიმოვან სინუსში.
sinus tarsi უკანა ტერფის წიაღი; კოჭისა და ქუსლის ღარებს შორის მოთავსებული უბე, რომელიც თითქმის მთლიანად შევსებულია კოჭ-ქუსლის ძვალთაშუა იოგით.
sinus transversus განივი სინუსი; წყვილი ვენური სინუსი ნათხემის კარვის ფიქსირებული კიდის სისქეში, კეფის ძვლის განივი ღარის გასწვრივ; იწყება სინუსების შერთულიდან და გრძელდება სიგმოიდურ სინუსში.
sinus transversus pericardii პერიკარდიუმის განივი სინუსი; პერიკარდიუმის უბე, არხი, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია აორტითა და ფილტვის ღეროთი, უკნიდან – ზემო ღრუ ვენითა და წინაგულების წინა ზედაპირით, ზემოდან კი – პერიკარდიუმით; განივი სინუსი გვერდებიდან გახსნილია.
sinus trunci pulmonalis ფილტვის ღეროს სინუსი: უბე ფილტვის ღეროს კედელსა და ნამგლისებრ აფრას შორის.
sinus tympani დაფის სინუსი; მომცრო ჩაღრმავება დაფის ღრუში, კარიბჭისა და ლოკოკინას სარკმლებს შორის.
sinus unguis ფრჩხილის სინუსი; კანის უბე, რომელშიც მოთავსებულია ფრჩხილის ფესვი.
sinus urogenitalis შარდ-სასქესო სინუსი; ჩანასახის კლოაკის ვენტრალური ნაწილი, რომელშიც იხსნებიან მეზონეფროსისა და პარამეზონეფროსის სადინარები; შარდსასქესო სინუსიდან მამაკაცებს უვითარდებათ შარდსადენის ნაწილი წინამდებარეს საშვილოსნოს ქვემოთ, და ბოლქვ-შარდსადენის ჯირკვლები, ქალებს კი – კარიბჭის დიდი ჯირკვლები და საშოს კარიბჭე.
sinus venarum cavarum ღრუ ვენების სინუსი; მარჯვენა წინაგულის ნაწილი, სადაც იხსნებიან ზემო და ქვემო ღრუ ვენა; ვითარდება ვენური სინუსიდან.
sinus venosus ვენური სინუსი; ჩანასახის პროვიზორული ორგანო; თხელკედლიანი ვენური უბე, რომელიც იხსნება მარჯვენა წინაგულში. ვენურ სინუსში იხსნებიან კარდინალური, საყვითრე და ჭიპის ვენები; განვითარების შემდგომ სტადიებში ვენური სინუსი სრულიად რედუცირდება და მისი კედელი მარჯვენა წინაგულის კედლის შემადგენლობაში შედის.
sinus venosus sclerae სკლერის ვენური სინუსი; ენდოთელიუმით ამოფენილი სკლერის ირგვლივი არხი, სკლერასა და რქოვანას საზღვარზე, რომელიც ლატერალურად უკავშირდება წინა წამწამოვან ვენებს (canalis Schlemmi, Lauthi).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9