სისტემა; ორგანოთა ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ფუნქციით. არჩევენ ნერვულ სისტემას, საჭმლის მომნელებელ, ლიმფურ, შარდ-სასქესო და სხვა სისტემებს.
- systema nervosum autonomicum ავტონომიური ნერვული სისტემა; ვეგეტაციური ნერვული სისტემა; ნერვული სისტემის ნაწილი; განაგებს ყველა იმ ორგანოების მოქმედებას, რომლებიც განაპირობებენ ორგანიზმის ვეგეტაციურ ფუნქციას; წარმოადგენს ნერვული სისტემის მამოძრავებელ ნაწილს, რომელსაც სომატური ნერვული სისტემის მოტორული ნაწილისაგან განსხვავებით ახასიათებს ორნეირონიანი ჯაჭვი. ამ ჯაჭვის პირველი ნეირონის სხეული განლაგებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და იმპულსის გატარების მიმართულებით ეს ნეირონი ვეგეტაციურ კვანძამდეა მოთავსებული, ამიტომ მას პრეგანგლიონურ ნეირონს უწოდებენ. ვეგეტაციურ კვანძში ძევს მეორე ნეირონის სხეული. მეორე ნეირონი იმპულსებს ატარებს კვანძის მიღმა, ორგანოსაკენ და მას პოსტგანგლიონური ნეირონი ეწოდება. ავტონომიური ნერვული სისტემა ორი ნაწილისაგან შედგება პარასიმპათიკური და სიმპათიკური. მათში არჩევენ ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებს. პარასიმპათიკური სისტემის ცენტრალური ნაწილი განლაგებულია თავის ტვინში და ზურგის ტვინის გავის II–IV სეგმენტებში. პერიფერიული ნაწილი შედგება: ნერვული ბოჭკოებისაგან, რომლებიც შედიან III, VII, IX, და X წყვილი კრანიალური ნერვებისა და გავის (I), II, III, IV, (V) სპინალური ნერვების შემადგენლობაში, და ტერმინალური კვანძებისაგან. სიმპათიკური ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი განლაგებულია ზურგის ტვინის გვერდით რქებში, მოყოლებული კისრის VIII სეგმენტიდან წელის II–III სეგმენტამდე. პერიფერიული ნაწილი კი შედგება მარჯვენა და მარცხენა სიმპათიკური წველისაგან, ნერვებისაგან, რომლებიც გამოეყოფა სიმპათიკურ წველებს და ნერვული წნულებისა და მათში შემავალი კვანძებისაგან.
- პარიზის ნომენკლატურის თანახმად ავტონომიურ ნერვულ სისტემაში (მის პერიფერიულ ნაწილში) არჩევენ თავისა და კისრის, გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ნაწილებს. ავტონომიური ნერვული სისტემა იმყოფება დიდი ტვინის ჰემისფეროების ქერქის კონტროლის ქვეშ.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.