საშო, ბუდე, ქარქაში
- vagina bulbi თვალის კაკლის ბუდე; ფიბროზული ფირფიტა, რომელიც ფარავს თვალის კაკლის უკანა ხუთ მეექვსედს (არ ფარავს რქოვანას) და ფაშარად არის შეზრდილი სკლერასთან (შემაერთებელ-ქსოვილოვანი ხარიხების საშუალებით); წინისკენ შეზრდილია კონიუნქტივასთან, უკანისკენ კი – გარს ეკვრის მხედველობის ნერვის ბუდეებს; განაცალკევებს თვალის კაკალს თვალბუდის ცხიმოვანი სხეულისაგან. თვალის კაკლის ბუდე იხვრიტება მხედველობის ნერვით, წამწამოვანი სისხლძარღვებით და ნერვებით, ქოჩრიანი ვენებითა და თვალის კაკლის კუნთებით, რომლებიც უმაგრდებიან სკლერას; ქმნის ამ კუნთებისთვის ბუდეებს, რომლებიც გრძელდება მათ ფასციებში (BNA – fascia bulbi Tenoni).
- vagina carotica საძილე ბუდე; კისრის ფასციის ნაწილი, რომელიც გარს ეკვრის და ქმნის საერთო ბუდეს საერთო და შიგნითა საძილე არტერიასა, შიგნითა საუღლე ვენასა და ცთომილი ნერვისათვის.
- vagina externa n. optici, vagina interna n. optici მხედველობის ნერვის გარეთა და შიგნითა ბუდე; წარმოადგენს თავის ტვინის გარსების (მაგარი, ქსელისებრი და რბილი გარსის) გაგრძელებას, რომლებიც მხედველობის არხით ვრცელდება თვალბუდეში მხედველობის ნერვის გარშემო. მხედველობის ნერვის ბუდეებს შორის არსებული სივრცეები – ე. წ. ბუდეთაშორისი სივრცეები – სუბდურალური და სუბარაქნოიდული სივრცეების გაგრძელებაა.
- vagina fibrosa tendinis მყესის ფიბროზული ბუდე; კიდურების ზოგიერთი სახსრის მიდამოში ფასცია გასქელებულია საბმელის ან იოგის სახით, რომელიც, აგზავნის რა მორჩებს, მყესის გარშემო ქმნის ფიბროზულ და ძვლოვანფიბროზულ არხებს. ფიბროზული ბუდეები ეწინააღმდეგებიან მყესის გვერდით მოძრაობებს და კუნთის მოქმედებას აძლევენ უფრო ზუსტ მიმართულებას. მყესის მოძრაობა ფიბროზულ არხში გაადვილებულია იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში მყესის გარშემო ამ არხში მოთავსებულია სინოვიური ბუდე.
- vagina m. recti abdominis მუცლის სწორი კუნთის ბუდე; შედგება წინა და უკანა ფირფიტისაგან, რომლებიც ერთმანეთთან შეზრდილია მუცლის სწორი კუნთის გვერდით ნაპირებთან; წინა ფირფიტა ზედა ორ მესამედში იქმნება მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზით და მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზის წინა ფურცლით, ქვედა ერთ მესამედში კი – მუცლის ყველა განივრი კუნთის აპონევროზებით. უკანა ფირფიტა ზედა ორ მესამედში შექმნილია მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზის უკანა ფურცლით და მუცლის განივი კუნთის აპონევროზით, ქვედა ერთ მესამედში კი – ჩამოთვლილი აპონევროზების წინა ფირფიტაში გადასვლის გამო, მუცლის სწორი კუნთის ბუდის უკანა კედელი წარმოდგენილია მხლოდ განივი ფასციით.
- vagina processus styloideus სადგისისებრი მორჩის ბუდე; ძვლოვანი ბუდე საფეთქლის ძვლის სადგისისებრი მორჩის ძირის გარშემო.
- vagina synovialis tendinis მყესის სინოვიური ბუდე; ორფურცლიანი ცილინდრული ბუდე მყესის გარშემო, რომელიც ფიბროზულ არხშია მოთავსებული; შედგება ვისცერული და პარიეტული ფირფიტისაგან, რომლებიც ბუდის ბოლოებზე ერთმანეთთან შეზრდილია, ვისცერული ფირფიტა გარს ეკვრის მყესს და შეზრდილია მასთან, პარიეტული ფირფიტა კი შიგნიდან ამოფენს ფიბროზულ ბუდეს და მიეზრდება მას; პარიეტულ და ვისცერულ ფირფიტებს შორის მოთავსებულია სინოვიური ბუდის ღრუ, სადაც სინოვიური სითხის მცირე რაოდენობაა.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.