სარქველი; კლასიკურ ლათინურში ეს სიტყვა იხმარება მხოლოდ მრავლობით რიცხვში. მიუხედავად ამისა ეს სიტყვა (მხოლოობითში) მაინც შემოიღეს ახალ ნომენკლატურაში მთლიანად დამხურავი აპარატის – სარქვლის აღსანიშნავად. თუ დამხურავი აპარატი – სარქველი, valva – აღჭურვილია შემადგენელი სეგმენტებით და ამ სეგმენტს cuspis ეწოდება, მაშინ cuspis უნდა ითარგმნოს სიტყვით – საგდული, ხოლო თუ კი მას valvula ეწოდება, მაშინ valvula უნდა ითარგმნოს სიტყვით – აფრა.
- valva aortae აორტის სარქველი; აორტის ხვრელის დამხურავი აპარატი; შედგება მარჯვენა, მარცხენა და უკანა ნამგლისებრი აფრისაგან.
- valva atrioventricularis dextra (valva tricuspidalis) მარჯვენა წინაგულ-პარკუჭის სარქველი (სამკარიანი სარქველი); მარჯვენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელის დამხურავი აპარატი; შედგება წინა, უკანა და ძგიდისეული საგდულისაგან – cuspis anterior, posterior et septalis. თითქოს უფრო ლოგიკურია, რომ სამკარიანი სარქვლის თითო სეგმენტს კარი დაერქვას, მაგრამ ქართულ ანატომიურ ტერმინოლოგიაში სიტყვა – კარი ხვრელის სინონიმად იხმარება და ამ გარემოებამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს (BNA – valvula tricuspidalis).
- valva atrioventricularis sinistra (valva mitralis) მარცხენა წინაგულ-პარკუჭის სარქველი (ორკარიანი სარქველი); მარცხენა წინაგულ-პარკუჭის დამხურავი აპარატი; შედგება წინა და უკანა საგდულისაგან. (BNA – valvula bicuspidalis (mitralis).
- valva ileocecalis თეძო-ბრმა ნაწლავის სარქველი; შედგება ლორწოვანი გარსის ორი ნაოჭისაგან, რომლებიც ქმნიან ამ სარქვლის ზემო და ქვემო ბაგეს; გვერდებზე ბაგეები შეერთებულია და შემოსაზღვრავენ თეძო-ბრმა ნაწლავის ხვრელს; არეგულირებს საკვების გადასვლას თეძოს ნაწლავიდან ბრმა ნაწლავში (BNA – valvula coli, Bauhini, s. Tulpii s. Falloppii).
- valva trunci pulmonalis ფილტვის ღეროს სარქველი; ფილტვის ღეროს ხვრელის დამხურავი აპარატი; შედგება წინა, მარჯვენა და მარცხენა ნამგლისებრი აფრისაგან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.