ქსოვილი, საფუძველი
- tela choroidea ventriculi quarti მეოთხე პარკუჭის სისხლძარღვოვანი სარქველი; განვითარების პროცესში წარმოქმნილია რბილი გარსისა და სისხლძარღვების ინვაგინაციით მეოთხე პარკუჭში; შიგნიდან ეკვრის უკანა ტვინოვან ფარდას, გამიჯნულია პარკუჭის ღრუსაგან ეპითელური ფირფიტით; თავდაპირველად სრულად ხურავს პარკუჭის ღრუს, შემდეგში კი მასში ჩნდება სამი ხვრელი ერთი მეოთხე რომბისებრი ფოსოს ქვედა კუთხესთან, და ორი პარკუჭის გვერდით ჯიბეებთან. ამ ხვრელებით მეოთხე პარკუჭი უკავშირდება ქსელქვეშა სივრცეს.
- tela choroidea ventriculi tertii მესამე პარკუჭის სისხლძარღვოვანი სარქველი; განვითარების პროცესში წარმოქმნილია რბილი გარსისა და სისხლძარღვების ინვაგინაციით სისხლძარღვოვან ნაპრალში – fissura choroidea. წარმოადგენს რბილი გარსის სამკუთხა ფორმის, ორფურცლიან ფირფიტას, რომელიც თავისი წვეროთი მიმართულია პარკუჭთაშუა ხვრელებისაკენ, ხოლო უკანისკენ გრძელდება თავის ტვინის რბილ გარსში; მოთავსებულია კორძიანი სხეულისა და თაღის ქვეშ; მის ორ ფურცელს შორის განლაგებულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი და დიდი ტვინის ორი შიგნითა ვენა.
- tela subcutanea კანქვეშა ქსოვილი; მდებარეობს საკუთრივ კანის ბადისებრი შრის ქვეშ; შედგება მსხვილი კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოებისაგან, ეს ბოჭკოები ფაშარად არიან განლაგებული და მათ შორის არსებული სივრცეები ამოვსებულია ცხიმოვანი ქსოვილით.
- tela submucosa ლორწქვეშა ქსოვილი; შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც მოთავსებულია ლორწოვანი გარსის ქვეშ.
- tela subserosa სუბსეროზული ქსოვილი; სეროზული გარსების ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.