ბაგირაკი, გზა, ტრაქტი
- tractus cerebellorubralis ნათხემ-წითელი ბირთვის ტრაქტი; დაკბილული ბირთვიდან ნათხემის ზემოთ ფეხის გავლით მიემართება შუა ტვინის ჭერში, სადაც მონაწილეობს ნათხემის ზემო ფეხების ჯვარედინის შექმნაში და მთავრდება მოპირდაპირე მხრის წითელ ბირთვში (BNA – tractus cerebello-tegmentalis).
- tractus cerebellothalamicus ნათხემ-მხედველობის ბორცვის ტრაქტი; იწყება ნათხემის დაკბილულ ბირთვში და მიემართება მხედველობის ბორცვის მედიალურ ბირთვში; თავსდება ნათხემ-წითელი ბირთვის ტრაქტთან და იმეორებს მის მსვლელობას.
- tractus corticohypothalamicus კორტიკოჰიპოთალამური ტრაქტები; დაღმავალი ბოჭკოები შუბლის წილიდან ჰიპოთალამუსისაკენ.
- tractus cerebellopontini ქერქ-ხიდის ტრაქტები; დაღმავალი ბოჭკოები შუბლის ნათხემის, საფეთქლისა და კეფის წილების ქერქის უჯრედებიდან ხიდის თანაგვერდით ბირთვებისაკენ. (BNA – tractus corticis ad pontem).
- tractus corticospinalis (pyramidalis) anterior ქერქ-ზურგის ტვინის, კორტიკოსპინალური (პირამიდული) წინა ტრაქტი; თანამოსახელე ლატერალურ ტრაქტთან ერთად იწყება წინა ცენტრალური ხვეულიდან, შიგნითა კაფსულის გავლით ეშვება მოგრძო ტვინში და გადაუჯვარედინებლად გრძელდება ზურგის ტვინის წინა ლარში; ზურგის ტვინში გადაჯვარედინდება და მთავრდება მოპირდაპირე მხრის წინა რქაში.
- tractus corticospinalis (pyramidalis) lateralis ქერქ-ზურგის ტვინის, კარტიკოსპინალური (პირამიდული) ლატერალური ტრაქტი; პირამიდული გზის უმეტესი ნაწილი, რომელიც გადაჯვარედინდება მოგრძო ტვინში და ეშვება ზურგის ტვინის მოპირდაპირე მხრის გვერდით ლარში; მთავრდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების წინა რქაში. ამრიგად როგორც ლატერალური, ისე წინა პირამიდული ტრაქტი საბოლოოდ მთლიანად გადაჯვარედინებული აღმოჩნდება.
- tractus iliotibialis თეძო-წვივის ტრაქტი; ბარძაყის განიერი ფასციის ლატერალური, სქელი, მკვრივი ნაწილი, რომელიც უმაგრდება დიდი წვივის ლატერალურ როკს; მისი შუამდებარე ნაწილი იწყება თეძოს ძვლის ქედიდან, წინა ნაწილი შეიცავს განიერი ფასციის გამჭიმავი კუნთის მყესს, უკანა ნაწილი კი დიდი დუნდულა კუნთის მყესის ბოჭკოებს, (Maissiati).
- tractus mesencephalicus n. trigemini სამწვერა ნერვის მეზენცეფალური ტრაქტი; ძევს დიდი ტვინის წყალსადენის ლატერალურად; შედგება სამწვერა ნერვის პროპრიოცეპტული ბოჭკოებისაგან, რომლებიც ატარებენ იმპულსებს საღეჭი კუნთებიდან.
- tractus nervosi commissurales კომისურული ნერვული ტრაქტები; დიდი ტვინის მოპირდაპირე მხრის ჰემისფეროების შემაერთებელი ბოჭკოები. კომისურულ ნერვულ ტრაქტებს განეკუთვნება კორძიანი სხეული, წინა შესართავი, უკანა შესართავი, სადავეების შესართავი, თაღის შესართავი და სუპრაოპტიკური შესართავი.
- tractus nervosi projectionis პროექციული ნერვული ტრაქტები; ნერვული ბოჭკოები, რომლებიც აკავშირებენ დიდი ტვინის ქერქს ცენტრალური ნერვული სისტემის ქვედა ნაწილებთან ზურგის ტვინის ჩათვლით. არჩევენ აღმავალ და დაღმავალ პროექციულ ნერვულ ტრაქტებს.
- tractus olfactorius ყნოსვის ტრაქტი; ყნოსვის ტვინის ნაწილი ყნოსვის ბოლქვიდან თანამოსახელე სამკუთხედამდე; ძევს ყნოსვის ღარში, ჰემისფეროს ქვემო ზედაპირზე; შედგება ნერვული ბოჭკოებისაგან.
- tractus olivocerebellaris ოლივა-ნათხემის ტრაქტი; აღმავალი ბოჭკოები ოლივის ბირთვიდან, რომლებიც ნათხემის ქვემო ფეხის გავლით აღწევენ ნათხემის ქერქს; ოლივა-ნათხემის ტრაქტი ნაწილობრივ არის გადაჯვარედინებული. (BNA – fibrae cerebelloolivares).
- tractus opticus მხედველობის ტრაქტი; მხედველობის ჯვარედინს გამოეყოფა მარჯვენა და მარცხენა მხედველობის ტრაქტი; თითოეული მათგანი გარედან შემოეხვევა დიდი ტვინის ფეხს და იყოფა მედიალური და ლატერალური ფესვებად; მედიალური ფესვი შეიცავს გუდენის შესართავის ბოჭკოებს და მთავრდება მედიალური დამუხვლილ სხეულში. ლატერალური ფესვი შეიცავს მხედველობის აფერენტულ ბოჭკოებს, რომლებიც მთავრდებიან ლატერალური დამუხვლილ სხეულში, მხედველობის ბორცვის ბალიშში და ზემო გორაკში. მარჯვენა ტრაქტი შეიცავს მარჯვენა თვალის ლატერალური ნახევრიდან და მარცხენა თვალის მედიალური ნახევრიდან გამოსულ ბოჭკოებს, მარცხენა ტრაქტი კი – მარცხენა თვალის ლატერალური ნახევრისა და მარჯვენა თვალის მედიალური ნახევრის ბოჭკოებს.
- tractus reticulospinalis ბადისებრ-ზურგის ტვინის ტრაქტი; რეტიკულოსპინალური ტრაქტი; ტვინის ღეროს ბადისებრი ფორმაციის უჯრედების აქსონებისაგან შედგენილი დაღმავალი ტრაქტი, რომელიც ეშვება ზურგის ტვინის წინა ლარში და მთავრდება რუხი ნივთიერების წინა სვეტის უჯრედებში.
- tractus rubrospinalis წითელბირთვ-ზურგის ტვინის ტრაქტი; რუბროსპინალური ტრაქტი; დაღმავალი ტრაქტი, რომლის ბოჭკოები იწყებიან წითელ ბირთვში, შუა ტვინის ჭერში ქმნიან ჯვარედინს, ეშვებიან ზურგის ტვინის მოპირდაპირე მხრის ლატერალურ ლარში და მთავრდებიან რუხი ნივთიერების წინა რქაში; წარმოადგენს ექსტრაპირამიდული სისტემის მთავარი დაღმავალ ტრაქტს.
- tractus solitarius განკერძოებული ტრაქტი; მოთავსებულია მოგრძო ტვინში, ცთომილი ნერვის დორსალური ბირთვის ვენტრო-ლატერალურად; შედგენილია სახის, ენა-ხახისა და ცთომილი ნერვის აფერენტული ვისცერული ბოჭკოებით, რომლებიც მთავრდებიან განკერძოებული ტრაქტის ბირთვში. (fasciculus Gierke).
- tractus spinalis n. trigemini სამწვერა ნერვის სპინალური ტრაქტი; მოთავსებულია მოგრძო ტვინში, რომბისებრი ფოსოს გვერდითი ნაწილის სისქეში და ვრცელდება ზურგის ტვინის ზედა ორ სეგმენტში; შედგენილია სამწვერა ნერვის კვანძის ცენტრალური ბოჭკოების დაღმავალი ტოტებით, რომლებიც მთავრდებიან სამწვერა ნერვის სპინალური ტრაქტის ბირთვში.
- tractus spinocerebellaris anterior ზურგისტვინ-ნათხემის წინა ტრაქტი; უნებლიე პროპრიოცეპტული იმპულსების გამტარი გზა; შედგება ორნეირონიანი ჯაჭვისაგან; პირველი ნეირონი განლაგებულია სპინალურ კვანძში; მეორე ნეირონი მოთავსებულია ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში: მედიალურ შუამდებარე ბირთვში და უკანა რქაში; მეორე ნეირონების აქსონების ნაწილი წვება თანამოსახელე მხრის გვერდით ლარში, ნაწილი კი თეთრი შესართავით გადადის მოპირდაპირე მხრის გვერდით ლარში; მეორე ნეირონების აქსონები ადიან მოგრძო ტვინში, გაივლიან მოგრძო ტვინს, ხიდს, წინა ტვინოვან ფარდაში გადაჯვარედინდებიან და ნათხემის წინა ფეხით აღწევენ ნათხემს. (Goversi).
- tractus spinocerebellaris posterior ზურგისტვინ-ნათხემის უკანა ტრაქტი; უნებლიე პროპრიოცეპტული იმპულსების გამტარი გზა; შედგება ორნეირონიანი ჯაჭვისაგან; პირველი ნეირონი განლაგებულია სპინალურ კვანძში, მეორე კი ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში, გულმკერდის ბირთვში; მეორე ნეირონების აქსონები თანამოსახელე მხრის გვერდითი ლარით ადიან მოგრძო ტვინისაკენ და ნათხემის ქვემო ფეხით აღწევენ ნათხემს. (Flechsigi).
- tractus spinotectalis ზურგისტვინ-სახურავის ტრაქტი; სპინოტექტური ტრაქტი; აღმავალი გზა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის შეთანხმებულ მოძრაობასთან თავისა და თვალის მოძრაობებთან; ამ ტრაქტის პირველი ნეირონი ძევს სპინალურ კვანძში; მეორე ნეირონი კი – ზურგის ტვინის უკანა რქაში; მეორე ნეირონის აქსონები გადადიან ზურგის ტვინის მოპირდაპირე მხრის გვერდით ლარში და ადიან შუა ტვინის სახურავის წინა გორაკში.
- tractus spinothalamicus anterior ზურგისტვინ-მხედველობის ბორცვის წინა ტრაქტი; წინა სპინოთალამური ტრაქტი; ტკივილის, თერმული და ტაქტილური იმპულსების გამტარი გზა; ეს გზა ზურგის ტვინიდან დიდი ტვინის ქერქამდე შედგება სამნეირონიანი ჯაჭვისაგან; პირველი ნეირონი განლაგებულია სპინალურ კვანძში, მეორე ნეირონი – ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების უკანა რქაში; მეორე ნეირონების აქსონები გადადიან მოპირდაპირე მხრის წინა ლარში და ადიან მხედველობის ბორცვში, სადაც მოთავსებულია მესამე ნეირონები, რომელთა აქსონები აღწევენ დიდი ტვინის ქერქს.
- tractus spinothalamicus lateralis ზურგისტვინ-მხედველობის ბორცვის ლატერალური ტრაქტი; ლატერალური სპინოთალამური ტრაქტი; თანამოსახელე წინა ტრაქტისაგან განსხვავდება მსვლელობით; ლატერალური ტრაქტის მეორე ნეირონის აქსონები გადადიან ზურგის ტვინის მოპირდაპირე მხრის ლატერალურ ლარში.
- tractus spiralis foraminosus ხვრელებიანი სპირალური ტრაქტი; სპირალურად დაჯგუფებული ხვრელები ლოკოკინას ღერძის ფუძეზე; ამ ხვრელებით იხსნებიან ღერძის გასწვრივი არხები, რომლებშიც გაივლიან სპირალური კვანძის ცენტრალური ბოჭკოები.
- tractus supraopticohypophysialis სუპრაოპტიკურ-ჰიპოფიზური ტრაქტი; შედგება სუპრაოპტიკური და პარავეტრიკულური ბირთვებში აღმოცენებული ბოჭკოებისაგან, რომლებიც მიემართებიან ჰიპოფიზის უკანა წილში.
- tractus tectospinalis სახურავ-ზურგის ტვინის ტრაქტი; ტექტოსპინალური ტრაქტი; დაღმავალი ბოჭკოები, რომლებიც იწყებიან შუა ტვინის სახურავის გორაკებში, შუა ტვინის ჭერში ქმნიან ჯვარედინს, ეშვებიან ზურგის ტვინის მოპირდაპირე მხრის წინა ლარში და მთავრდებიან რუხი ნივთიერების წინა რქაში; ამ ტრაქტით ხორციელდება რეფლექტორული დაცვითი მოძრაობები მხედველობითი და სმენითი გაღიზიანებების დროს.
- tractus vestibulospinalis კარიბჭე-ზურგის ტვინის ტრაქტი; დაღმავალი ბოჭკოები, რომლებიც აღმოცენდებიან კარიბჭის ლატერალურ ბირთვში, ეშვებიან ზურგის ტვინის წინა ლარში და მთავრდებიან რუხი ნივთიერების წინა რქაში; ამ ტრაქტით ხდება ვესტიბულური რეფლექსების გავრცელება კისრის, ტორსისა, და კიდურების მუსკულატურაზე და მათი ტონუსის რეგულაცია.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.