L. truncare მოკვეთა, წაჭრა; truncus კუნძი, ხის ტანი წველი, ღერო
- trunci intestinales ნაწლავისეული ღეროები; მოკლე ლიმფური ღეროები; აგროვებენ ლიმფას ჯორჯლის ლიმფური ძარღვებიდან და მუცლის ღრუს სხვა ვისცერული ლიმფური კვანძებიდან; ერთვიან წრბოლის ცისტერნას ან უშუალოდ გულმკერდის ლიმფურ სადინარს.
- trunci lumbales წელის ღეროები; წელის მარჯვენა და მარცხენა ლიმფური ღერო; მოკლე ლიმფური ღეროები, რომლებიც აგროვებენ ლიმფას ქვემო კიდურებიდან, ტანის ქვედა ნაწილიდან და მცირე მენჯის ორგანოებიდან; ერთვიან წრბოლის ცისტერნას.
- truncus brachiocephalicus მხარ-თავის ღერო; 4 სმ. სიგრძის საკმაოდ მსხვილი არტერია; გამოეყოფა აორტის რკალის დასაწყის ნაწილს, იყოფა საერთო საძილე და ლავიწქვეშა მარჯვენა არტერიებად (BNA – a. anonyma).
- truncus bronchomediastinalis ბრონქ-შუასაყარის ღერო; მოკლე ლიმფური ღერო, რომელიც აგროვებს ლიმფას სასულეს ლიმფური კვანძებიდან; მარცხნივ ერთვის გულმკერდის სადინარს, მარჯვნივ კი – მარჯვენა ლიმფურ სადინარს.
- truncus celiacus ფაშვის ღერო: 1-2 სმ სიგრძის არტერია, რომელიც გამოეყოფა მუცლის აორტის წინა ზედაპირს გულმკერდის XII მალის დონეზე: იყოფა კუჭის მარცხენა, ღვიძლის საერთო და ელენთის არტერიებად. (BNA – a. coeliaca).
- truncus corporis callosi კორძიანი სხეულის წველი; კორძიანი სხეულის ნაწილი კორძიანი სხეულის მორგვსა და მუხლს შორის
- truncus coslocervicalis ნეკნ-კისრის ღერო; გამოეყოფა ლავიწქვეშა არტერიის უკანა ზედაპირს კიბისებრ კუნთთაშუა სივრცეში, მიემართება უკან და იყოფა კისრის ღრმა და ნეკნთაშუა ზემდებარე არტერიებად.
- truncus inferior, medius et superior ქვემო, შუა და ზემო ღერო; მხრის წნულის ღეროები, რომლებიც დაჯგუფებული არიან ლავიწქვეშა არტერიის გარშემო. მხრის წნულის ლავიწქვეშა ნაწილში ღეროების შეერთების შედეგად იქმნება ლატერალური, მედიალური და უკანა კონა.
- truncus jugularis საუღლე ღერო; მარჯვენა საუღლე ღერო აგროვებს ლიმფას თავისა და კისრის მარჯვენა ნახევრიდან და ერთვის მარჯვენა ლიმფური სადინარს. მარცხენა საუღლე ღერო აგროვებს ლიმფას თავისა და კისრის მარცხენა ნახევრიდან და ერთვის გულმკერდის სადინარს.
- truncus linguofacialis ენა-სახის ღერო; ზოგ შემთხვევაში ენისა და სახის არტერიები გამოეყოფა გარეთა საძილე არტერიას ერთი ღეროთი.
- truncus lumbosacralis გავა-წელის ღერო; ნერვული ღერო, რომელიც იქმნება წელის IV სპინალური ნერვის ვენტრალური ტოტის ერთ-ერთი განშტოების (პირველი წინა ტოტი) შეერთებით წელის V სპინალური ნერვის ვენტრალურ ტოტთან; ეშვება მენჯის ღრუში და უერთდება გავის წნულს.
- truncus pulmonalis ფილტვის ღერო; არტერიული ღერო, რომელიც იყოფა ფილტვის მარჯვენა და მარცხენა არტერიებად; ფილტვის ღეროს კედელს არტერიის კედლის აგებულება აქვს, მაგრამ მასში მიედინება ვენური სისხლი (BNA – a. pulmonalis).
- truncus subclavius ლავიწქვეშა ღერო; მარჯვენა ღერო აგროვებს ლიმფას მარჯვენა ზემო კიდურიდან და ერთვის მარჯვენა ლიმფურ სადინარს, მარცხენა ღერო კი აგროვებს ლიმფას მარცხენა ზემო კიდურიდან და ერთვის გულმკერდის სადინარს.
- truncus sympathicus სიმპათიკური წველი; წყვილი, ხერხემლის გვერდებზე სიმეტრიულად განლაგებული, წველი; ვრცელდება კისრის პირველი მალის დონიდან კუდუსუნამდე, სადაც მოპირდაპირე მხრის სიმპათიკური წველები უახლოვდებიან ერთმანეთს და მთავრდებიან კენტ კვანძში – ganglion impar; შედგება სიმპათიკური წველის კვანძებისა – ganglia trunci sympathici და კვანძთაშუა ტოტებისაგან – rami interganglibnares. მიდამოებრივი განლაგების მიხედვით არჩევენ კისრის, გულმკერდის, წელისა და გავის კვანძებს.
- truncus thyrocervicalis ფარ-კისრის ღერო; მოკლე და ფართო არტერიული ღერო, რომელიც გამოეყოფა ლავიწქვეშა არტერიის პირველ ნაწილს; იყოფა ფარისებრ ქვემო, ბეჭზედა და კისრის განივ არტერიებად.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.