არხი
- canalis adductorius მომზიდველი არხი; მოთავსებულია მედიალურ განიერ და დიდ მომზიდველ კუნთებს შორის. წინიდან დახურულია ფიბროზული ფირფიტით. მომზიდველი არხის შესავალი ხვრელი ძევს ბარძაყის სამკუთხედის მწვერვალთან, გამოსავალი ხვრელი კი იხსნება მუხლქვეშა ფოსოში. (Hunteri).
- canalis alimentarius საკვები არხი; გზა პირის ღრუდან ყითამდე.
- canalis analis ყითას არხი; სწორი ნაწლავის 2,5-3,5 სმ სიგრძის ქვედა ბოლო, რომელიც მიემართება უკან და ქვემოთ და მთავრდება ყითათი (BNA – pars analis recti).
- canalis caroticus საძილე არხი; მდებარეობს საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილში. საძილე არხში გაივლის შიგნითა საძილე არტერია თანამოსახელე ნერვულ წნულთან ერთად.
- canalis carpi მაჯის არხი; იქმნება მაჯის ღარით და მომხრელი კუნთების საბმელით. ამ არხში მოთავსებულია მომხრელი კუნთების ცხრა მყესი.
- canalis centralis ცენტრალური არხი; მოგრძო და ზურგის ტვინის ცენტრალური არხი.
- canalis cervicis uteri საშვილოსნოს ყელის არხი; საშვილოსნოს ყელის ვიწრო ღრუ, საშვილოსნოს ზეყელსა და საშვილოსნოს ხვრელს შორის.
- canalis condylaris როკის არხი; მდებარეობს კეფის ძვლის როკის უკან და შეიცავს თანამოსახელე გამოსაშვებ ვენას (BNA – canalis condyloideus).
- canalis facialis სახის ნერვის არხი; იწყება შიგნითა სასმენი შესავლის ძირში, მიემართება განივად, უხვევს უკან (აქ იქმნება სახის ნერვის არხის მუხლი), სწორი კუთხის ქვეშ ეშვება ქვემოთ და მთავრდება სადგის-დვრილისებრი ხვრელით.
- canalis femoralis ბარძაყის არხი; სივრცე, მოთავსებული ბარძაყის ვენის მედიალურად და შემოფარგლული განიერი ფასციის ფირფიტებით. აქვს ორი ხვრელი, ზემო – ბარძაყის რგოლი, ქვემო – საჩინო შესავალი. ნორმაში ბარძაყის არხი არ არსებობს, იგი წარმოიქმნება თიაქარის განვითარების დროს.
- canalis hyaloideus მინისებრი არხი; მოთავსებულია მინისებრ სხეულში და შეიცავს ობლიტერირებულ მინისებრ არტერიას (canalis Clogueti).
- canalis hypoglossi ენისქვეშა ნერვის არხი; მოთავსებულია კეფის ძვლის სისქეში, კეფის როკსა და საუღლე მორჩს შორის.
- canalis incisivus საჭრელი არხი; იწყება კენტი ხვრელით სასის ნაკერის წინა ბოლოში, იყოფა ორად და თანამოსახელე ხვრელებით იხსნება ცხვირის ღრუს ფსკერზე. (Stenoni).
- canalis infraorbitalis თვალბუდის ქვედა არხი; იწყება ზედაყბის სხეულის თვალბუდისეულ ზედაპირზე, მთავრდება ზედაყბის სხეულის წინა ზედაპირზე თანამოსახელე ხვრელით
- canalis inguinalis საზარდულის არხი; მდებარეობს მუცლის წინა კედლის ქვედა ნაწილში, მიმართულია ზემოდან ქვემოთ, გარედან შიგნით და უკანიდან წინ. საზარდულის არხი წინიდან მოსაზღვრულია მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზით, უკანიდან – განივი ფასციით, ქვემოდან – საზარდულის იოგის შებრუნებული კიდით, ზემოდან კი – მუცლის შიგნითა ირიბი და განივი კუნთების ქვედა კიდით. მამაკაცებში ამ არხში მოთავსებულია სათესლე ბაგირაკი, ხოლო ქალებში – საშვილოსნოს მრგვალი იოგის ბოლო მონაკვეთი.
- canalis mandibulae ქვედაყბის არხი; ძევს ქვედაყბის სისქეში, იწყება ქვედაყბის ხვრელით და მთავრდება ნიკაპის ხვრელით ქვედაყბის გარეთა ზედაპირზე.
- canalis musculotubarius კუნთ-ლულის არხი; მოთავსებულია საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილში და ძგიდით გაყოფილია ორ ნახევარარხად.
- canalis nasolacrimalis ცხვირ-ცრემლის არხი; თვალბუდეს აკავშირებს ცხვირის ქვემო გასავალთან.
- canalis nutricius მასაზრდოებელი არხი; განკუთვნილია ძვლის მკვებავი არტერიებისათვის.
- canalis obturatorius დამხურავი არხი; იქმნება ბოქვენის ძვლის დამხურავი ღარით, დამხურავი აპკითა და კუნთებით; შეიცავს თანამოსახელე სისხლძარღვებსა და ნერვს.
- canalis opticus მხედველობის ნერვის არხი; ძევს სოლისებრი ძვლის მცირე ფრთაში (BNA – foramen opticum).
- canalis palatinus major სასის დიდი არხი; მოთავსებულია სასის ძვალსა და ზედაყბის სხეულს შორის; პირის ღრუს აკავშირებს ფრთასასის ფოსოსთან და შეიცავს თანამოსახელე ნერვებს და სისხლძარღვებს (BNA – canalis pterygopalatinus).
- canalis palatovaginalis სასა-საბუდე არხი; იქმნება სოლისებრი ძვლის თანამოსახელე ღარით და სასის ძვლის სოლისებრი მორჩით. მდებარეობს სახნის-საბუდე არხის ლატერალურად.
- canalis pterygoideus ფრთისებრი არხი; საგიტალურად მიმართული არხი ფრთისებრი მორჩის ძირში, რომელიც ქალას გარეთა ფუძეს აკავშირებს ფრთა-სასის ფოსოსთან. შეიცავს თანამოსახელე ნერვს. (Vidii).
- canalis pudendalis სასირცხო არხი; მდებარეობს კუკუხო-სწორნაწლავის ფოსოს ლატერალურ კედელზე და იქმნება დამხურავი ფასციის დუპლიკატურით, რომლის გაორებულ ფირფიტას შორის მოთავსებული არიან შიგნითა სასირცხო ძარღვები და ნერვი. (Alcock).
- canalis pyloricus პილორუსის არხი; კუჭის პილორული ნაწილის ღრუ, რომლის უკანა გაფართოებულ ნაწილს პილორუსის მღვიმე ეწოდება.
- canalis radicis dentis კბილის ფესვის არხი; განკუთვნილია სისხლძარღვებისა და ნერვებისათვის.
- canalis sacralis გავის არხი; ხერხემლის არხის ქვედა ნაწილი. canalis semicircularis anterior, lateralis et posterior წინა, ლატერალური და უკანა ნახევარრკალოვანი არხი; ძვლოვანი ლაბირინთის ნახევარრკალოვანი არხები, რომლის შიგნით მოთავსებული არიან ნახევარრკალოვანი სადინარები (BNA – canalis semicircularis superior, lateralis et posterior).
- canalis spiralis cochleae ლოკოკინას სპირალური არხი; იწყება კარიბჭიდან და ქმნის – 2 ½, ან 2 ¾ ხვეულს, ძვლოვანი სპირალური ფირფიტით ლოკოკინას სპირალური არხის ღრუ გაყოფილია კარიბჭისა და დაფის კიბეებად.
- canalis spiralis modioli ღერძის სპირალური არხი; ძევს ძვლოვანი სპირალური ფირფიტის ფუძეში და შეიცავს სპირალურ კვანძს.
- Canalis ventriculi კუჭის არხი; იქმნება კუჭის მცირე სიმრუდესთან ლორწოვანი გარსის გასწვრივი ნაოჭებით. ამ არხით საკვების თხიერი ნაწილი (წყალი, მარილების ხსნარები) საყლაპავი მილიდან გადადის პირდაპირ პილორუსის არხში.
- canalis vertebralis ხერხემლის არხი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.