სხეული
- corpora paraaortica პარააორტული სხეულაკები; განლაგებული არიან მუცლის აორტის გვერდებზე, მისი გაორკაპების ზემოთ; განეკუთვნებიან პარაგანგლიონებს და მსგავსად თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებისა აგებული არიან ქრომოფინული უჯრედებისაგან.
- corpus adiposum buccae ლოყის ცხიმოვანი სხეული; ძევს ლოყა-ხახის ფასციაზე, რომლითაც დაფარულია ლოყის კუნთი. (Bichati).
- corpus adiposum fossae ischiorectalis კუკუხო-სწორნაწლავის ფოსოს ცხიმოვანი სხეული; ცხიმოვანი ქსოვილი, რომლითაც შევსებულია თანამოსახელე ფოსო და რომლის სისქეში გაივლიან სასირცხო არხში მოთავსებული სისხლძარღვები და ნერვები.
- corpus adiposum infrapatellaris კვირისტავქვედა ცხიმოვანი სხეული; მოთავსებულია კვირისტავის იოგსა და მუხლის სახსრის ჩანთას შორის.
- corpus adiposum orbitae თვალბუდის ცხიმოვანი სხეული; მდებარეობს თვალბუდეში, თვალის კაკლის ბუდის უკან.
- corpus albicans მოთეთრო სხეული; დანაწიბურებული ქსოვილი, წარმოქმნილი ყვითელი სხეულის უკუგანვითარებისას.
- corpus amygdaloideum ნუშისებრი სხეული; მდებარეობს ჩენჩოს ქვეშ, საფეთქლის წილის წინა ბოლოში; განეკუთვნება დიდი ტვინის ქერქქვეშა ბირთვებს. ვარაუდობენ, რომ ნუშისებრი სხეული ყნოსვის ერთ-ერთი ქერქქვეშა ცენტრია (BNA – nucleus amygdalae).
- corpus callosum კორძიანი სხეული; მდებარეობს დიდი ტვინის ჰემისფეროებს შორის; წარმოადგენს ტვინის ყველაზე დიდ შესართავს, რომელიც აერთებს დიდი ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ქერქის სიმეტრიულ ნაწილებს.
- corpus cavernosum clitoridis სავნებოს მღვიმოვანი სხეული; ორი მომცრო სხეული, რომლებიც შეესაბამება მამაკაცის ასოს მღვიმოვან სხეულებს.
- corpus cavernosum penis მამაკაცის ასოს მღვიმოვანი სხეული; ორი ცილინდრული სხეული წაწვეტებული ბოლოებით.
- corpus ciliare წამწამოვანი (სხივისებრი) სხეული; სისხლძარღვოვანი გარსის წინა, რგოლისებრი, შემსხვილებული ნაწილი. წამწამოვანი სხეულის უკანა ზედაპირი აღჭურვილია 70-მდე რადიალურად განლაგებული წამწამოვანი მორჩით, რაც დაედო საფუძვლად მის დასახელებას.
- corpus geniculatum laterale ლატერალური დამუხვლილი სხეული; მდებარეობს მხედველობის ბორცვის ქვეშ, ზემო გორაკის მკლავის ქვემოთ და ლატერალურად. ლატერალური დამუხვლილი სხეულები მხედველობის ქერქქვეშა ცენტრებია; შედის მეტათალამუსის შემადგენლობაში.
- corpus geniculatum mediale მედიალური დამუხვლილი სხეული; მდებარეობს ქვემო გორაკის მკლავის წინ და ლატერალურად. მედიალური დამუხვლილი სხეულები სმენის ქერქქვეშა ცენტრებია; შედის მეტათალამუსის შემადგენლობაში.
- corpus luteum ყვითელი სხეული; წარმოიქმნება საკვერცხის გახეთქილი ბუშტუკისებრი ფოლიკულის ადგილას.
- corpus mamillare დვრილისებრი სხეული; წყვილი მოთეთრო შემაღლებანი დიდი ტვინის ქვემო ზედაპირზე რუხ ბორცვსა და უკანა დახვრეტილ ნივთიერებას შორის; შედიან ჰიპოთალამუსის შემადგენლობაში და თავისი ფუნქციით განეკუთვნებიან ყნოსვის ქერქქვეშა ცენტრებს.
- corpus nuclei caudati კუდიანი ბირთვის სხეული; კუდიანი ბირთვის ნაწილი მის თავსა და კუდს შორის.
- corpus pineale ჯალღუზისებრი სხეული; კენტი ენდოკრინული ჯირკვალია, რომელიც მდებარეობს მხედველობის ბორცვებსა და ოთხგორაკს შორის და შედის ეპითალამუსის შემადგენლობაში.
- corpus spongiosum penis ასოს ღრუბლისებრი სხეული; მოთავსებულია ასოს მღვიმოვანი სხეულების ქვეშ; მის სისქეში გადის შარდსადენი (BNA – corpus cavernosum urethrae).
- corpus striatum ზოლიანი სხეული; შედგება ქერქქვეშა ბირთვებისა (კუდიანი და ოსპისებრი ბირთვები) და მათ შორის მოთავსებული თეთრი ნივთიერებისაგან; წარმოადგენს ექსტრაპირამიდული სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს.
- corpus trapezoideum ტრაპეციული სხეული; მდებარეობს ხიდის დორსალურ ნაწილში; შედგება ლოკოკინას ბირთვებიდან გამოსული ბოჭკოებისაგან. ტრაპეციული სხეულის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე ტრაპეციული სხეულის ვენტრალური და დორსალური ბირთვები.
- corpus vitreum მინისებრი სხეული; გამჭვირვალე, ლაბასებრი ნივთიერება თვალის კაკლის მინისებრ სენაკში
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.