L. decussare ჯვარედინი, ან ნიშანი X-ის მსგავსი განლაგება ჯვარედინი
- decussatio lemniscorum (decussatio sensoria) მარყუჟთა ჯვარედინი (სენსორული ჯვარედინი); მედიალური მარყუჟის გადაჯვარედინება მოგრძო ტვინში.
- decussatio nervorum trochlearium ჭაღის ნერვების ჯვარედინი; ჭაღის ნერვების ბოჭკოების გადაჯვარედინება ზემო ტვინოვან ფარდაში.
- decussatio pedunculorum cerebellarium superiorum ნათხემის ზემო ფეხების ჯვარედინი; იქმნება ნათხემის დაკბილული ბირთვიდან გამოსული ბოჭკოებით, რომლებიც ნათხემის ზემო ფეხების გავლით მიემართებიან წითელ ბირთვსა და მხედველობის ბორცვისაკენ, შესაბამისად ნათხემ-წითელ ბირთვისა და ნათხემ-მხედველობის ბორცვის ტრაქტების შემადგენლობაში (BNA – decussatio brachii conjunctivi).
- decussatio pyramidum (decussatio motoria) პირამიდების ჯვარედინი (მოტორული ჯვარედინი); მდებარეობს მოგრძო ტვინის ვენტრალურ ნაწილში, სენსორული ჯვარედინის ქვემოთ და იქმნება ლატერალური პირამიდული ტრაქტის ბოჭკოების გადაჯვარედინებით.
- decussationes tegmenti ტეგმენტუმის (ჭერის) ჯვარედინები; იქმნება შუა ტვინის ჭერის ბოჭკოების გადაჯვარედინებით ზემო გორაკების დონეზე, დიდი ტვინის წყალსადენისა და ცენტრალური რუხი ნივთიერების ვენტრალურად. ტეგმენტუმის ჯვარედინების დორსალური ნაწილი შედგენილია სახურავ-ზურგის ტვინის ტრაქტის ბოჭკოებით, ვენტრალური კი – წითელბირთვ-ზურგის ტვინის ტრაქტისა და წითელბირთვ-ბადისებრი კონების ბოჭკოების გადაჯვარედინებით (BNA – decussationes tegmentorum).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.