![]() |
![]() | |
ბიოლ-ში გარემო პირობებთან დამოკიდებულებაში მიზანშეწონილი ქცევისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება. ი-ური ქცევა ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ხორციელდება. ი-ური ქცევის მიზანშეწონილობა ინტელექტის მონაწილეობას არ გულისხმობს, რადგან მასში არც ქცევის მიზანია წარმოდგენილი და არც მისი განხორციელების საშუალებებია გათვალისწინებული. მაგ., არსებობს ერთგვარი ხოჭო, რ-იც ჭუპრში გადასვლის წინ თავის გარშემო განსაზღვრული ზომის პარკს აკეთებს, უფრო დიდს, ვიდრე მისი სხეულია, თითქოს ის ცნობიერადაა გაანგარიშებული იმ რქებისთვის, რ-იც მას გამოუვა მას შემდეგ, რაც მისგან პეპელა გამოიჩეკება. ფუტკარი აგებს ფიჭას ისეთი მათემატიკური სიზუსტით, რომ უმცირეს ფართობზე მაქსიმალური ოდენობის თაფლი მოთავსდეს; ჭიებით დაავადებული ძაღლი ეძებს და პოულობს ბალახს, რ-იც მას განკურნავს ყველა ეს ი-ური ქცევა ხორციელდება შედეგის ცნობიერი გათვალისწინების გარეშე, თუმცა მათი მიზანშეწონილობა სრულიად უდავოა. ი-ური ქცევის მიზანშეწონილობა არაცნობიერი და ბრმა რომაა, ნათლად ჩანს იქიდან, რომ ზოგიერთ სიტუაციაში იგი სავსებით არამიზანშეწონილ ქცევად იქცევა მაგ., იგივე ფუტკარი ფიჭის უჯრედებს ხურავს მაშინაც, როცა მათი ძირი გახვრეტილია და შიგ თაფლი აღარაა, ან კიდევ, გალიაში დამწყვდეული ციყვი, დროის გარკვეულ პერიოდში, ასრულებს იმ მოძრაობებს, რ-თაც ის იყენებს ბუნებრივ პირობებში საკვების მომარაგების მიზნით, თუმცა გალიის სიტუაციაში ეს ქცევა სავსებით მიზანშეუწონელია.
ი. პავლოვის აზრით ი-ური ქცევა იგივეა, რაც უპირობო რეფლექსი ცხოველის ქცევაში. მარტივი და რთული უპირობო რეფლექსები საფუძვლად უდევს ორგანიზმს ინდივიდუალურ ცხოვრებაში შეძენილ პირობით რეფლექტორულ კავშირებს, /იხ. პირობითი რეფლექსი/. განსხვავდება რეფლექსისგან იმით, რომ იგი არ წარმოადგენს ცალკე ორგანოს რეაქციის გამღიზიანებელზე, არამედ რეფლექსთა სისტემას, რ-რც მთელი ორგანიზმის რეაქციას. წმინდა სახით მხოლოდ ცხოველისათვის არის დამახ. ად-ნში იგი რამდენადმე სახეცვლილია: ნაკლებ სტერეოტიპულია და შეზღუდულია ცნობიერებით. ი-ური ქცევის განმსაზღვრელია ძირითადად ცხოველის ვიტალური მოთხოვნილებებით გამოწვეული შინაგანი მდგომარეობა.
ი-ები, თავისი ბიოლოგიური მნიშვნელობის მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა, მაგ., კვების, თვითდაცვის, სქესობრივი, მშობლიური ზრუნვის და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ი-ები, რ-ებიც თავს იჩენენ ერთი და იმავე სახეობის ინდივიდთა ურთიერთდამოკიდებულებაში /ფუტკრების შეთანხმებული ქცევა ბუდის შენებისას, ან ჯოგური ი. ხერხემლიან ცხოველებში და სხვ./.
არსებობს თეორია /ჰ. სპენსერი, ვ. ჯემსი/, რ-ის მიხედვითაც ყოველი ი-ური ქცევა წარმოადგენს რეფლექსების ჯაჭვს, რ-შიც ცხოველის ყოველი მოძრაობა, მომდევნო მოძრაობას გამომწვევი გამღიზიანებელია და ასე გრძელდება მანამდე, სანამ ქცევის მიზანი მიღწეული არ იქნება ჯაჭვური რეფლექსის ეს თეორია ვერ ხდის ბოლომდე გასაგებად მიზანშეწონილობის ფაქტს, იმას, თუ რ-რ გაჩნდა პირველად ის გზა, რ-იც მოცემულ სენსორულ შთაბეჭდილებებს ცხოველში მიზანშეწონილ მოძრაობას უკავშირებს. ჩ. დარვინის შეხედულების თანახმად, ეს კავშირი ბუნებრივი შერჩევის ნიადაგზე უნდა იყოს მოპოვებული, ე-ი. იმ უთვალავი მოძრაობიდან, რ–საც ცხოველი მიმართავდა, გაიკაფა მხოლოდ იმ მოძრაობათა შესატყვისი გზები, რ-ებიც ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იყო. შემდეგ თაობებს კი ისინი მემკვიდრეობით გადაეცათ; ასე განმტკიცდნენ გარკვეული გზები. ლამარკიზმის მიხედვით ეს გზები გაითელა ცხოველის მიერ ცნობიერად, შერჩეული მოძრაობების გზით, რ-ებიც შემდეგ ახალ თაობებს მემკვიდრეობით გადაეცა. მაგრამ გ. მენდელის თეორიით დამტკიცდა, რომ ორგანიზმის მიერ პირად ცხოვრებაში შეძენილი თვისებები მემკვიდრეობით არ გადაიცემა. ეს თეორიები ძირითადად მექანისტურია და ამდენად ი-ის მიზანშეწონილობას ვერ ხსნიან. შემჩნეულია, რომ ერთი და იგივე სენსორულ შთაბეჭდილებას სხვადასხვა მოძრაობა უკავშირდება, იმისდა მიხედვით, თუ როგორია სიტუაცია. მაგრამ, საიდან მოდის სიტუაციის ცვლილებასთან ერთად მოძრაობების ეს ცვლილება? გეშტალტთეორია სხვანაირად ხსნის ი-ის მიზანშეწონილობას. კ. კოფკა ამ მიმართულების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ი-ურ მოძრაობათა თავისებურებას მათ მთლიანობაში ჭვრეტს. მისი აზრით, ი-ური ქცევა ცალკე მოძრაობათა ჯამს კი არ წარმოადგენს, არამედ ერთ მთლიან სისტემას, რ-შიც ბოლო მოძრაობა იმდენად ეკუთვნის ამ მთლიანს, რამდენადაც მისი საწყისი მოძრაობა. „ქცევაში რეაქცია შეგუებულია გამღიზიანებელთან და არა მარტო გამოწვეულია მის მიერ და სწორედ თვით რეაქციაა შეგუებული და არა მარტო მისი შედეგი“ / კოფკა/. სხვანაირად რომ ვთქვათ, ი-ურ მოძრაობათა დამახასიათებელ თავისებურებად მათი მიზნისკენ მიმართულება უნდა ჩაითვალოს.
დ. უზნაძის აზრით, : გეშტალტთეორიამ პირველმა მიუთითა იმ ფაქტზე, რომ ი-ური ქცევა არ არის შემთხვევით დაკავშირებულ მოძრაობათა ჯამი, არამედ მოძრაობები არიან ურთიერთთან არსებითად დაკავშირებული. მაგრამ ამ თეორიაში არ არის ნაჩვენები, თუ რა საფუძველი უდევს მოძრაობათა ამ მთლიანობას. უზნაძის თეორიის თანახმად, ი-ურ მოძრაობათა მთლიანობის საფუძველს ქმნის ორგანიზმის ის სპეციფიკური მდგომარეობა, რ-იც მას, რ-რც გარკვეული მოთხოვნილების მქონე სუბ-ს, სიტუაციის ზემოქმედების შედეგად უჩნდება. დ. უზნაძე ამ მდგომარეობას განწყობას უწოდებს, რ-რც მოთხოვნილების მქონე ორგანიზმის წინასწარ მზაობას გარკვეულ ქცევის განხორციელებისათვის.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |