A E

იგ იდ იზ ილ იმ ინ იპ ირ ის იუ იქ იძ
ირა ირი ირო

ირონია

Gk. eiröneia დაცინვა

ინტელექტუალური გრძნობის ერთ-ერთი სახე, გამოხატავს ვინმეს ან რაიმეს ნაკლის გაკიცხვას ან მხილებას დაცინვის კილოთი. ი. გამოითქმის დაფარული სერიოზულობით ჰიპერბოლის ან საწინ-ს მტკიცების სახით. მთქმელმა იცის, რომ ი. აზვიადებს მდგომარეობას, მაგრამ ამით ის უკეთ აღწევს თავის მიზანს, ქმნის კონტრასტულ ან კომიკურ სიტუაციას, რ-ის ფონზე უფრო ნათლად გამოიკვეთება სინამდვილის ის ნაკლი, რ-ის მხილებისკენაც არის ი. მიმართული. ი. წარმოიშვება ერთგვარი განწყობილების /სურვილის/საფუძველზე ინტელექტისა და გრძნობების თანამონაწილეობით, თან ახლავს საკუთარი პიროვნების უპირატესობის გრძნობა, გამოირჩევა მახვილსიტვაობით, მიგნებული თქმით. ი. გვაგონებს იუმორს, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავებაც არსებობს. ი. სერიოზული და მაღალი ღირებულების მიმართ ზნეობრივად დაუშვებელია. მისი საგანი დაბალისა და არ სერიოზულის მხილებაა. იუმორი შეიძლება ყოველნაირ საგანს შეეხოს. მასში კეთილი სურვილებია ჩაქსოვილი და ხუმრობის იერს ატარებს, ი-ში კი დაცინვა და დამცირება ისმის ი. მაღალი იდეალების მწვერვალიდან კიცხავს და ანადგურებს დაბალს და უმნიშვნელოს. ამით იმსახურებდა რომანტიკოსთა სიმპათიას, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ ი-ას: „მან ყველაფერი უნდა განიხილოს, ყოველივე პირობითობის ზევით დადგეს, თვით საკუთარი შემოქმედების, სათნოების და გენიალობის ზევით /ფ. შლეგელი/.

ი-ულ განწყობილებას ან საკუთარი უპირატესობის გრძნობა უდევს საფუძვლად, ან საკუთარი არასრულფასოვნების დაფარვის გრძნობა. ი-ამ მრავალნაირი სახე შეიძლება მიიღოს, მეგობრული ხუმრობიდან ვიდრე სარკაზმამდე. თუ ის წვრილმანი ღვარძლიანობის დონეზე დაეშვა, მაშინ ის ცინიზმში გადადის. კეთილშობილური და უვნებელი ი-ის მაგალითად სოკრატისებური ი. ითვლება. ცნობილია, რომ სოკრატე მოწინააღმდეგის პოზიციიდან ავითარებდა მსჯელობას და მოწინააღმდეგეს აბსურდული დასკვნის წინაშე აყენებდა. ი-ის ლიტერატურულ ფორმად სატირა ან პამფლეტი ჩაითვლება /მაგ., ასეთია ი.ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9