კ. ლევინის მიერ შემოტანილი ცნება ფს-გიაში. მისი აზრით კ. /ვითომ-მოთხოვნილება/ ჩნდება სოც. და საზოგადოებრივი ურთიერთობის ზეგავლენით, რ-რც მეორეული /„არანამდვილი“/ მოთხოვნილება. კ., რ-რც მოთხოვნილება, რაიმე დანაკლისის განცდის მდგომარეობაა, ისიც მიმართულია თვითრეგულაციის იმავე მიზნისკენ, რა მიზნისკენ არის მიმართული ნამდვილი, პირველადი, აქტუალურ-ბიოლოგიური მოთხოვნილება, ისიც ცდილობს შეავსოს ინდივიდუუმის სიცოცხლეში რაღაც დანაკლისი. მაგრამ წინააღმდეგ ბუნებრივი მოთხოვნილებისა, კ. დამატებითი, „არანამდვილი“ მოთხოვნილებაა, ის აქტუალური მოთხოვნილების საფუძველზე არ წარმოიქმნება და სამოქმედო ძალებს იძენს არა თვით მოთხოვნილების ბუნებიდან უშუალოდ, არამედ სუბიექტის ნებისყოფიდან. იგი შემდეგნაირად წარმოიშობა: გაუჩნდება თუ არა სუბიექტს რაიმეს გაკეთების განზრახვა და რ-რც კი გადაწყვეტს სისრულეში მის მოყვანას, მასში უმალ შეიქმნება დაძაბული მდგომარეობა, რ-იც განტვირთვისკენ მიისწრაფვის; ამის შემდეგ კ. ისე მოქმედებს, როგორც აქტუალური, ნამდვილი მოთხოვნილება: კ-ის დაკმაყოფილებისათვის საგულისხმო ყოველი საგანი იძენს „გამოწვევით ხასიათს“ /„Aufforderugscharacter / და იზიდავს მოთხოვნილების მქონე სუბიექტს სამოქმედოდ. მაგ., ვთქვათ, მე დღეს განვიზრახე ქალაქგარეთ მცხოვრები მეგობრის სანახავად წასვლა, მაგრამ, რადგან დღეისთვის სხვა საქმეებიც მაქვს, ამიტომ ერთხანს ვფიქრობ, წავიდე, თუ დავრჩე და სხვა საქმეები ვაკეთო. დაბოლოს, გადაწყდა წავიდე ქალაქგარეთ, რ-რც კი მივიღე ეს გადაწყვეტილება, ის საგნები გამოეყვნენ გარემოს, დადგნენ ჩემი მხედველობის ველში და მიმიზიდეს სამოქმედოდ, რ-თაც ამ მგზავრობისათვის აქვთ მნიშვ . : წიგნი, რ-იც მეგობარმა მათხოვა და ახლა უნდა დავუბრუნო, ამანათი, რ-იც მისთვის არის გამზადებული, სამგზავროდ საჭირო თანხა. ვიღებ ამ საგნებს, ხელჩანთას და გავდივარ ოთახიდან, ვკეტავ კარებს და იმ მიმართულებით მივემართები, საიდანაც მისკენ გადის ტრანსპორტი. ჩემი მოქმედება მიზანშეწონილი პროცესია, რ-იც გამოიწვია არა აქტუალურმა მოთხოვნილებამ, არამედ მეგობრის ნახვის განზრახვამ და გადაწყვეტილებამ, ე. ი. „არა ნამდვილმა, პირველადმა აქტუალურმა მოთხოვნილებამ, არამედ მეორეულმა, „კვაზიმოთხოვნილებამ“ /ვითომდა მოთხოვნილებამ.
დ უზნაძის აზრით, კ-ით გამოწვეული ქცევა ჩვეულებრივი ნებისყოფის აქტის გარეგანი აღწერითი მხარეა. მასში ხაზგასმულია გააწყვეტის კატეგორიული მნიშვნელობა ნებისეული მოქმედების პროცესში, მაგრამ ქცევის მიმდინარეობის მიზანშეწონილი ხასიათის ახსნას ის არ იძლევა და არც შეუძლია მოგვცეს. ამიტომ კ. ანუ ნებელობითი მოქმედება ვერაფერს მატებს, რ-რც მოთხოვნილების ფს-გიას, ისე ქცევის ფს-გიას /იხ. ნებელობა/.