ადამიანის სხეულის ცალკე ნაწილების მდებარეობის, მოძრაობის, დაძაბულობის, სიმძიმის და კუნთური მოქმედების შეგრძნება. მაგ., თვალები რომ დავხუჭოთ, მაინც ყოველთვის შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის თუ რომელ ორგანოს რა მდებარეობა უჭირავს სივრცეში მოხრილია ის, გაშლილი, დაძაბული, უწევს რაიმეს წინააღმდეგობას და რა ხარისხით, და სხვა. აი, ამ ცოდნას, ამ უშუალო განცდას კ. შ. ეწოდება. შეგრძნებათა ამ ჯგუფს „კინესთეტიკური“ პირველად ა. ბასტიანმა უწოდა.
ად–ნის მოძრაობათა აქტივობა, მოქმედებათა რეგულაცია და კონტროლი კ. შ–ბის საფუძველზე ხორციელდება. მათი ძირითადი რომელობებია: წინააღმდეგობის ანუ ძალისხმევის, სხეულის მოძრაობის, მდებარეობის და წონასწორობის /სტატიკური/ შეგრძნებები. ყოველ კ. შ-ას თავისი ორგანო აქვს /მყესები, სახსრები, კუნთები/. სივრცეში სხეულის მდებარეობისა და ცალკეული კუნთის შეკუმშვის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ც. ნ. ს–ში მოდის ვესტიბულარული აპარატის, კუნთების, სახსრების და მყესების რეცეპტორებიდან, ე. წ. პროპრიორეცეპტორებიდან.