| | |
მოძღვრება თავის ტვინის ქერქში ყოველი ცალკეული ფს-კური ფუნქციის შესატყვისი ადგილების ანუ ცენტრების არსებობის შესახებ. ფს-კურ ფუნქციათა ტვინში ლოკალიზაციის პრობლემა თავიდანვე აინტერესებდა კაცობრიობას, მაგრამ მისი მეცნიერულად კვლევა მე-19 საუკუნიდან იწყება. პირველად 1808 წ. ფ. გალმა წამოაყენა თეორია, რ-ის თანახმადაც ად-ნის სულიერი ცხოვრება თითქოს 27 ნიჭიერებას შეიცავს და თითოეული მათგანი მოთავსებულია თავის ტვინის გარკვეულ ადგილში, მაგ., მათემატიკური ნიჭი, მუსიკალური ნიჭი, გონებამახვილობა, სიმამაცე, ვაჟკაცობა, იუმორი დ სხვა. ფ. გალის აზრით, ნიჭიერების შესატყვისი ცენტრები ტვინში მკვეთრად არიან ურთიერთისაგან გამოყოფილნი და, რაც უფრო განვითარებულია რ-იმე ნიჭიერება, მით უფრო განვითარებული უნდა იყოს მისი შესატყვისი ადგილი ტვინში, ეს ცენტრები თავის ქალას მოყვანილობაშიც შეიმჩნევა: ნიჭიერების შესატყვისი ადგილები თავის ქალაზე მეტ-ნაკლებად არიან ამობურცული ისე, რომ თავის ქალას მოყვანილობის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რა ნიჭიერების მატარებელია ად-ნი, ამიტომ, გალი ფიქრობდა, რომ ად-ნთა ნიჭიერების საკვლევად თავის ქალას შემსწავლელი ცალკე მეცნიერებაა საჭირო, რ-აც „ფრენოლოგიას“ უწოდებდა. შემდეგ მას დაერქვა „კრანიოლოგია“.
გალის ამ შეხედულებას დაუპირისპირდა თავის ტვინის მთლიანობისა და ერთიანობის კონცეფცია, რ-ის მიხედვითაც ტვინი ერთ მთლიან ორგანოს წარმოადგენს და ცალკეული ფუნქციის ცენტრი არ არსებობს. ამ შეხედულების წარმომადგენელია მ. ფლურანსი. ფლურანსის შეხედულებამ, რ-იც ექსპერ. დაკვირვებებს ეყრდნობოდა, ერთხანს გაიმარჯვა და გალის შეხედულება დაჩრდილა. მაგრამ შემდეგ ისეთი ახალი ფაქტი დადასტურდა, რომ ფს-კურ ფუნქციათა ლოკალიზაციის იდეა კვლავ აღდგა. ფრანგმა ანატომმა პ. ბროკამ /1824- 1880/ მეტყველების მამოძრავებელი ცენტრი აღმოაჩინა /იხ. ბროკას ცენტრი, 1861/, რ-ის დაზიანება იწვევს მეტყველების დარღვევას – მოტორულ აფაზიას; იმავე პერიოდში ფსიქიატრმა კ. ვერნიკემ /1848 – 1905 / აღმოაჩინა სენსორული ცენტრი /იხ. ვერნიკეს ცენტრი/, რ-ის დაზიანება იწვევს სენსორსულ აფაზიას. შემდეგ ფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს მოძრაობის ცენტ- რის არსებობა ტვინში. გარდა ამისა, დადასტურდა სენსორული ცენტრების არსებობა, რ-თა ელექტროგაღიზიანება იწვევს ამა თუ იმ გრძნობად შთაბეჭდილებას და სხვა. შემდეგი გამოკვლევებით /კ. ლეშლი ი. ფოხტი და სხვ. /დადასტურდა, რომ ფს-კურ ფუნქციათა ლოკალიზაცია, ვიწრო მნიშვნელობით, ე. ი. ერთი ფუნქციისათვის მხოლოდ ერთი ცენტრის არსებობა – მცდარი დებულებაა. მეცნ-ის განვითარების დღევანდელ საფეხურზე საკითხი შემდეგნაირად წყდება:
1. ყოველი ფს-კური ფუნქცია, განსაკუთრებით რთული, /მაღალ–ინტელექტუალური/ დაკავშირებულია არა მარტო რიმე ერთი გარკვეული ქერქული ცენტრის მოქმედებასთან, არამედ სხვა, მისი მეზობელი არეების მოქმედებასთანაც.
2. რ-იმე ერთი გარკვეული ცენტრის ამოკვეთა ან დაზიანება მისი შესატყვისი ფუნქციის დაკარგვას იწვევს, მაგრამ დროებით და არა სამუდამოდ. დაზიანების პირველ ხანებში, მართალია, ფუნქცია იკარგება, მაგრამ შემდეგ იგი კვლავ იწყებს მოქმედებას, იმიტომ, რომ დაზიანებული ცენტრის ფუნქციობას თავის თავზე იღებენ სხვა, მეზობლად მყოფი, დაუზიანებელი ცენტრები. ამრიგად, მოხდა ორი უკიდურესი, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების სინთეზი: ყოველ ფს-კურ ფუნქციას აქვს თავისი ცენტრი, მაგრამ მისი მოქმედება არ არის მკაცრად განსაზღვრული ამ ცენტრით; მისი ფუნქციობისთვის მნიშვნელობა აქვს სხვა დაუზიანებელ ქერქულ არეებსაც.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |