| | |
გ. მენდელის / 1822–1884/ მიერ აღმოჩენილი კანონები, გამრავლების პროცესში ორგანიზმის ნიშან–თვისებათა მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ ცნობილია სამი კანონი:
1. დომინანტობის.
2. დათიშვის.
3. გენების დამოუკიდებლად განაწილების კანონი.
გ. მენდელი თავის ცდებში აჯვარებდა ორი ჯიშის მცენარე ბარდას რ-თაგან ერთს მარცვლები გლუვზედაპირიანი ჰქონდა, მეორეს კი – დანაოჭებული. მათი შეჯვარების შედეგად მიღებული მცენარის /ჰიბრიდის/ მარცვლების პირველი თაობა ერთ-ერთი მშობლის მარცვლებს, სახელდობრ გლუვ მარცვლებს იმეორებდა, მეორე ნიშანი კი – ნაოჭიანობა – დაიკარგა, არ გამოვლინდა. ამ მოვლენას მენდელმა დომინანტობის კანონი უწოდა. აღნიშნული კანონის მიხედვით ორი საწინააღმდეგო ნიშნიდან პირველ თაობაში თავს იჩენს ერთ-ერთი მშობლის ნიშანი /პირველი კანონი /. შემდეგ ცდაში მენდელი აჯვარებდა ამ პირველ თაობაში მიღებული ბარდის გლუვი ზედაპირის მარცვლების ორ წარმომადგენელს ურთიერთთან. ამ შეჯვარების შედეგად დადასტურდა ნიშნების დათიშვა: თაობის ერთ ნაწილს აღმოაჩნდა დომინანტური ნიშანი, ე. ი. თესლის სიგლუვე, ხოლო მეორე ნაწილს აღმოაჩნდა ნაოჭიანი მარცვალი, ე. ი. მეორე თაობაში თავი იჩინა იმ ნიშანმა, რ-იც პირველ თაობაში დაიკარგა. ნიშანს, რ-იც პირველ თაობაში არ გამოვლინდა და თავი მეორე თაობაში იჩინა, გ. მენდელმა უწოდა რეცესიული ნიშანი. ამრიგად, მეორე თაობაში ხდება მემკვიდრეობითი ნიშნების დათიშვა /მენდელის მეორე კანონი/. ეს დათიშვა, გ. მენდელის ცდების მიხედვით, გარკვეული წესით ხდება: მიღებული თაობიდან დომინანტური ნიშნის მატარებელია ჰიბრიდების ³/₄, ხოლო რეცესიული ნიშნების ₁/₄; მიმართება გამოიხატება პროპორციით 3:1. დადასტურდა ისიც, რომ რეცესიული ნიშნების მატარებელი ჰიბრიდების ურთიერთთან შეჯვარება იძლევა მხოლოდ რეცესიული ნიშნების მატარებელ თაობას, დომინანტური ნიშნის მატარებელი ჰიბრიდების შეჯვარება კი იძლევა შთამომავლობას დათიშვის კანონის მიხედვით, ე. ი. ჰიბრიდების სამი ნაწილი იქნება დომინანტური, ერთი ნაწილი კი რეცესიული. გ. მენდელი ატარებდა ცდებს აგრეთვე მრავალი წყვილი ნიშნის მატარებელი ჰიბრიდების შეჯვარებით. აღმოჩნდა, რომ თითოეული წყვილი ნიშან- თვისების დათიშვა ხდება დამოუკიდებლად დანარჩენ ნიშან-თვისებათა წყვილეულისაგან. ამ მოვლენას მენდელმა უწოდა „ გენების დამოუკიდებ- ლად განაწილების კანონი" ანუ გენების თავისუფალი რეკომბინაციის კანონი" /მესამე კანონი/.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |