/ 12 -17 წ. წ./ უწოდებენ აგრეთვე გარდამავალ ასაკს, რადგან ასაკი გარდამავალი საფეხურია ბ-ვობის ხანასა და მოწიფულობას შორის. ამ პერიოდისათვის დამახ. დიდი ბიოლოგიური და ფს-გიური ძვრები. ბიოლოგიური განვითარება: მიმდინარეობს ინტენსიური სქესობრივი მომწიფება, რაც თავისებურ დაღს ასვამს მოზარდის მთელ ფსიქო-ფიზ განვითარებას. ფიზიოლოგიური განვითარება: წონა და სიმაღლე მნიშვნელოვნად მატულობს. ღონიერდება კუნთოვანი და მკვრივდება ძვლოვანი სისტემა, მიმდინარეობს ტვინის ფუნქციური განვითარება. ძლიერ განვითარებას განიცდის სასქესო ჯირკვლები, რაც დიდ გავლენას ახდენს შინაგან სასიცოცხლო ორგანოებზე და ტვინის მოქმედებაზე. მკვეთრი განსხვავება მყარდება ვაჟებისა და ქალების ფიზ. ჰაბიტუსთა შორის. ფსიქიკური განვითარება: დამახასიათებელია განყენებული, ლოგიკურ-ვერბალური, ცნებითი აზროვნების განვითარება, რ-ის ძირითად ფაქტორს სასკოლო სწავლა წარმოადგენს. „პირველ სასკოლო ასაკში დაწყებული დაკვირვების ანუ ნებისმიერი აქტიური აღქმის პროცესი აქ აღწევს თავის განვითარების უმაღლეს დონეს. იგივე ითქმის მეხსიერების შესახებაც, რ-იც აქ ნამდვილ ნებისეულ, ლოგიკურ მეხსიერებად იქცევა. დასამახსოვრებელ მასალას მოზარდი ლოგიკურად ამუშავებს, აზრიან ნაწილებად ყოფს, სისტემა შეაქვს მასში და მხოლოდ ასეთი ინტელექტუალური გადამუშავების გზით იმახსოვრებს მას. ინტენსიურ და მწვავე ფორმებში მიმდინარეობს მოზარდის პიროვნებისა და ხასიათის ფორმირება. იწყება საკუთარი მე-ს დადგენა, თვითშეფასება, ზნეობრივი ნორმების ჩამოყალიბება, ღირებულებებისა და მიზნების გათვალისწინება. თავს იჩენს ხასიათის გარკვეული თვისებები: პრინციპულობა, ენერგიულობა, ინიციატივა მოქმედებებში, მისწრაფება თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისაკენ. მაგრამ ხშირად ხდება ისედაც, რომ ეს უკანასკნელი თვისებები გადადის ჯიუტობაში და თავაშვებულობაში, რაც თვით მოზარდს დადებით თვისებად მიაჩნია, ჯიუტობას ურევს ზნეობრივად ღირებულ ნებისყოფაში. ეს იწვევს ავტორიტეტის უარყოფას, ბადებს კონფლიქტს მშობლებთან, სკოლასთან და საერთოდ გარემოსთან. მოზარდი ამ პერიოდში ძალზე აგზნებადია, ნეგატიურად განწყობილი. შრომა, კოლექტივის ზეგავლენა და აღმზრდელის პიროვნება ძირითადი პირობაა ხასიათის ამ უარყოფით თვისებებთან ბრძოლაში. /იხ. ჟინიანობის პერიოდი/.