ერთ-ერთი მეთოდი ფსიქოფიზიკაში, იყენებენ „შეგრძნების აბსოლუტური ზღურბლის“ და შეგრძნების „განსხვავების ზღურბლის" დასადგენად /ვ. ვუნდტი/.
„აბსოლუტური ზღურბლის“ დასადგენად ცპ-ს პირველად ისეთი ინტენსიურობის გამღიზიანებელს აწვდიან, რ-იც შეგრძნებას ვერ იწვევს; შემდეგ თანდათან ზრდიან ამ ინტენსიურობას მცირე ოდენობის დამატებით და ჩერდებიან იქ, სადაც ცპ-ს პირველად უჩნდება ოდნავ შესამჩნევი შეგრძნება. ამის შემდეგ გაღიზიანების ამოსავალ წერტილად ოდნავ შესამჩნევ გაღიზიანებაზე უფრო ინტენსიური გაღიზიანებიდან იწყებენ და ჩამოდიან ძირს, თანდათან უკლებენ მის ინტენსიურობას მცირე ოდენობით და ჩერდებიან იქ, სადაც ცპ. აღნიშნავს, რომ გაღიზიანებას ის უკვე ვეღარ ამჩნევს. ამის შემდეგ აერთებენ ამ უკანასკნელ ოდენობას პირველთან მინიმალური დამატებით მიღებული, ოდნავ შესამჩნევი გაღიზიანების ოდენობასთან და გამოჰყავთ მათი საშუალო არითმეტიკული, რ-იც წარმოადგენს შეგრძნების აბსოლუტური ზღურბლის მაჩვენებელს.
„შეგრძნების განსხვავების ზღურბლი": ამის დასადგენად იღებენ გამღიზიანებელს, რ-იც გარკვეულ შეგრძნებას იძლევა, და ადიდებენ ამ გამღიზიანებელს მანამდე, სანამ სუბიექტს არ გაუჩნდება პირველ შეგრძნებაზე მეტი /მისგან განსხვავებული/ ინტენსიურობის შეგრძნება; ინიშნავენ ამ დონეს. შემდეგ იღებენ ამ დონეზე კიდევ უფრო მეტი ინტენსივობის გამღიზიანებელს და თანდათან ამცირებენ მინიმალური ოდენობით იმ დონემდე, სადაც განსხვავების შეგრძნება იკარგება, შეუმჩნეველი გახდება. ნიშნავენ ამ დონეს. საშუალო არითმეტიკული პირველ დონესა /ე. ი., როცა პირველად გაუჩნდა განსხვავების შეგრძნება/ და უკანასკნელ დონეს შორის /ე. ი, როცა სუბ-მა დაკარგა განსხვავების შეგრძნება/ იქნება გაღიზიანების შეგრძნების „განსხვავების ზღურბლი“.