ცნობილია, რომ მხედველობითი შეგრძნება გაღიზიანების შეწყვეტასთან ერთად არ წყდება. ის ცოტა ხნით უგამღიზიანებლოდ აგრძელებს არსებობას. თუ ასეთ უგამღიზიანებლო შეგრძნებას მიუსწრო ახალმა გაღიზიანებამ, ის შეგრძნების ამ არსებულ კვალს გააძლიერებს და შეიქმნება მხედველობის უწყვეტობის ილუზია. მხედველობის ეს თვისება უდევს საფუძვლად მოძრაობის უწყვეტობის ოპტიკურ შთაბეჭდილებას კინომატოგრაფიაში. მხედველობის ამ თვისების საფუძველზეა აგებული, აგრეთვე, ტრიალა დისკოზე ფერთა სინათლის განაწილება. პ. ტ. კ. სწორედ ტრიალა დისკოზე ფერთა სინათლის განაწილება ეხება: მაგ., თუ ტრიალა დისკოს თეთრ ფონზე ერთი შავი სექტორი მოვათავსეთ და დისკო ვატრიალეთ, დავინახავთ მთელ დისკოზე გავრცელებულ თეთრ და შავ ფერევის ნარევ რუხ ფერს. თუ დისკოზე რამდენიმე სხვადასხვა ფერის სექტორია, მაშინ ნარევ ფერთა ინტენსიურობა უდრის ყველა სექტორის ობიექტური სინათლის ინტენსიურობას, განფენილს მთელ დისკოზე.