სპეციალიზებული წარმონაქმნები /მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოს დაბოლოება/, რ-ებიც იღებენ გაღიზიანებას და მის ენერგიას ნერვულ პროცესად გარდაქმნიან. იმისდა მიხედვით, თუ საიდან იღებენ რ-ები გაღიზიანებას, გამოიყოფა ექსტერორეცეპტორები და ინტერორეცეპტორები. ექსტერორეცეპტორები მოთავსებულია კანის ზედაპირზე და იღებს გაღიზიანებას გარემოდან, ინტერორეცეპტორები იყოფა ვისცერორეცეპტორებად, ვესტიბულურ და პროპრიორეცეპტორებად. ვისცერორეცეპტორი იძლევა სიგნალს შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესახებ, ვესტიბულური და პროპრიორეცეპტორები იძლევიან ინფორმაციას სხეულისა და მისი ცალკე ნაწილების მოძრაობისა და სივრცითი ადგილმდებარეობის შესახებ. „ადეკვატური გამღიზიანებლის“ ფიზ. ან ქიმიური თავისებურება განსაზღვრავს რეცეპტორული მოქმედების სპეციფიკას. ამ პრინციპის მიხედვით გამოიყოფა; ფოტორეცეპტორები, ფონორეცეპტორები, მექანორეცეპტორები, ქემორეცეპტორები, თერმორეცეპტორები, ბარორეცეპტორები და ტკივილის რეცეპტორები.
იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხდება გამღიზიანებლის აღქმა უშუალო შეხებით თუ მანძილის დაშორებით – რ-ები იყოფა კონტაქტურ და დისტანტურ რ-ბად. კონტაქტური რ-ებია: შეხების, ტემპერატურისა და გემოსი; დისტანციური — მხედველობისა და სმენისა. რ. არის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილი /იხ. ანალიზატორი/.