![]() |
![]() | |
ამ სახელით აღინიშნება ბგერის შეგრძნება, რ-საც ორგანიზმი ყურის საშუალებით იღებს. ად-ნში იგი ორ მთავარ ჯგუფად იყოფა :
1. ტონის შეგრძნებები.
2. ხმაურის შეგრძნებები.
ტონი მრავალია, მათგან მუსიკაში გამოყენებულია 7 ძირითადი /do, re, mi, fa, sol, la, si / და 5 ნახევარტონი /ბემოლები და დიეზები/. ტონები- ორგანიზებული და მოწესრიგებული ბგერები განსხვავდება სიმაღლით ანუ რომელობით /მაღალი-დაბალი/, ინტენსიურობით /მეტ-ნაკლები სიძლიერე/, ტემბრით /თავისებურება, რ-საც ტონს ინსტრუმენტი აძლევს, და ვოკალობით /ყოველი ტონი გარკვეულ ხმოვან ბგერას ჰგავს, მაგ., ზოგი ტონი ჟღერს უ-სავით, ზოგი ო-სავით, ზოგი ა-სავით, ზოგი ი-სავით, ზოგი ე-სავით/. ხმაურის შეგრძნებებიც ნაირნაირია, ტონებისაგან განსხვავებით, იგი მოუწესრიგებელი ბუნებისაა. ყური განასხვავებს ხმაურის ორ ჯგუფს: მყისთანადს ანუ ერთბაშადს /ტკაცუნი, ტლაშუნი, სკდომა და სხვა/ და ხანგრძლივ ხმაურებს /სტვენა, ხრიალი, გრიალი, შიშინი, შრიალი, ღრიალი და სხვა /. იმისათვის, რომ ბგერის შეგრძნება გაჩნდეს, საჭიროა ორი პირობა:
1. ფიზ. გამღიზიანებელი.
2. ფიზიოლ. პროცესი.
ფიზ. გამღიზიანებელია საგნის რხევითი მოძრაობა გარემოში, რ-იც ჰაერის ასეთივე რხევითი მოძრაობით სმენის ორგანოს – ყურს გადაეცემა. ფიზიოლ. პროცესია ის ნერვული აგზნება, რიც სასმენი ნერვის გზით ტვინის სათანადო ცენტრს /სმენის ცენტრს/გადაეცემა.
ტონის შეგრძნებებს საფუძვლად უდევს რხევითი მოძრაობის პერიოდულობა /ერთნაირი სიხშირე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში/, რის გამოც ბგერები მოწესრიგებულ ხასიათს ატარებენ. დიდი სიხშირ ის ტალღები მაღალი ტონის შეგრძნებებს იწვევენ, მცირე სიხშირისა კი–დაბალი ტონის შეგრძნებებს. ად-ნის ყური ისმენს ტონებს 16 რხევიდან დაწყებული 20000 რხევამდე წამში. ბგერის შეგრძნების ინტენსიურობა დამოკიდებულია ჰაერის ტალღისებური რხევის ამპლიტუდის სიდიდეზე. ტონის ტემბრი დამოკიდებულია ჰაერის ტალღისებური რხევის სირთულეზე ანუ ფორმაზე. ხმაურის შეგრძნებებსაც საფუძვლად უდევს ჰაერის რხევა, მაგრამ ტონებისაგან განსხვავებით, იგი აპერიოდულია და ამიტომაა, რომ ხმაური მოუწესრიგებელი ბუნებისაა.
როდესაც ორი განსხვავებული სიმაღლის ტონი ერთდროულად ჟღერს ადგილი აქვს ე. წ. „ძგერას" და სუმაციურ და დიფერენციულ ტონებს. ამ ტონების გამოყოფა და შესწავლა რეზონატორების საშუალებით ხდება.
მხედველობის სფეროში სიტყვა ტონი ფერის თავისებურებას ნიშნავს /წითელი, ყვითელი, ლურჯი და სხვა/.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |