A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სწა სწო სწრ

სწავლის თეორიები

ს. თ-ის მთავარ პრობლემას სწავლის რომელობითი განსაზღვრება შეადგენს, სახელდობრ, ის, თუ რა არის სწავლა.

ისტორიულად აღნიშნულ საკითხს პირველად ასოციაციური ფს-გია შეეხო. მან სწავლის საფუძვლად ფს-კური მოვლენების უზოგადესი პრისციპი ასოციაცია წამოაყენა /იხ. ასოციაცია წარმოდგენათა/. ამ თეორიის თანახმად სწავლა ასოციაციური კავშირების დამყარებაა ახალ შთაბეჭდილებასა და უკვე არსებული ცოდნის შინაარსს შორის /იხ. ასოციაციური ფსიქოლოგია, ასოციაციის კანონები/.

შემდეგი ფს-გიური მიმდინარეობა, რ-მაც სწავლის პრინციპად ასოციაცია გამოიყენა, არის ბიჰევიორისტული მიმდინარეობა, რ-ის საფუძველზე სწავლის არაერთი თეორია წარმოიშვა.

სწავლას ბიჰევიორიზმი განიხილავს რ-რც „გაღიზიანება – რეაქციის " პირდაპირ კავშირს ყოველგვარი „შუამდებარე ცვლადის" გარეშე. ბიჰევიორიზმის ამ უკომპრომისო დებულებაში ახალი შეხედულება შემოიჭრა. /ე. თორნდაიკი, ჯ. ჰალი, ე. გუთრიე, ე. ტოლმენი, ბ. სკინერი/ თორნდაიკმა შემოიტანა „მომდევნო ეფექტის“ ცნება /იხ. მომდევნო ეფექტის კანონი/, · ამ ცნების მიხედვით ქცევის განმტკიცება ცხოველებში, „ცდისა და შეცდომის“ პირობებში, შემთხვევით მიგნებული დადებითი რეზულტატის ეფექტის უკუზეგავლენის შედეგად ხდება /იხ. „ცდა და შეცდომა"/.

გუთრიე-ს მიერ წამოყენებული თეორია, ე. წ. კონტიგუიტეტის თეორია, ასოციაციის თეორიის პირდაპირი გაგრძელებაა. ამ თეორიის მიხედვით, ჩვევის განმტკიცება დამოკიდებულია არა თორნდაიკის „მომდევნო ეფექტზე“, არამედ იმ ასოციაციურ კავშირებზე, რ-იც თავიდანვე მყარდება გაღიზიანებასა და რეაქციას შორის მათი სიმულტანური მოქმედების შედეგად, ყველაზე უფრო ძლიერად პირველი მოძრაობა უკავშირდება მოცემულ სიტუაციას, ამიტომ სიტუაციის გამეორების შემთხვავაში უნდა მოველოდეთ წინა გადაწყვეტის გამეორებას. ჰალი თავის თეორიას აგებს თორნდაიკის „ეფექტის კანონის“ ცნებაზე. სწავლის ანუ ჩვევის შეძენა არის გაღიზიანება რეაქციის და მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთ კავშირად შერწყმის შედეგი. ტოლმენი დაშორდა, როგორც გუთრიეს ისე ჰალს, მან თავის თეორიაში შემოიტანა „შუამდებარე ცვლადის" სახით მიზნისა და მოლოდინის ცნებები.

ბიჰევიორიზმის ყველა ამ თეორიის ძირითადი საფუძველი, მიუხედავად მათ შორის არსებული სხვაობისა, სავსებით ერთი და იგივე რჩება; ყველა ისინი „უშუალობის თეორიის“ პოზიციიდან ამოდიან /დ. უზნაძე/, და საზოგადოდ ქცევა და, კერძოდ, სწავლა „გაღიზიანება- რეაქციის“ პირდაპირი ურთიერთდამოკიდებულებიდან გამოჰყავთ, სუბ- იექტის ჩართვის გარეშე. ტოლმენის „შუამდებარე ცვლადის“ ცნებას არსებით ცვლილება მათ თეორიებში არ შეაქვს და ისინი მაინც მექანიკური თეორიებად რჩება. ცხადია, მიზნობრივად მიმართული და კოგნიციურ ნებელობითი ფუნქციებით მოქმედი ქცევის განსაზღვრება მათ არ შეუძლიათ.

„უშუალობის პოზიცია“ და სუბ-ის აქტიური როლის იგნორირება ვერც გეშტალტფსიქოლოგიამ აიცდინა. ამ თეორიის მიხედვით, სწავლა მიზნის იმპულსით გამოწვეული თავის ტვინის „ფართო ველის დინამიკური სტრუქტურიზაციის მოვლენაა“. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანი /ვთქვათ, საკვების მოპოვება /საშუალება/ საკვებამდე მისაწვდომი იარაღი/ და გზა ამ საკვებისაკენ ერთ მთლიანობაში სტრუქტურდება და ასე მთლიანად აღიქმება ცხოველის მიერ ერთ ოპტიკურ ველში, ხოლო ამ მთლიან აღქმაში, გეშტალტთეორიის აზრით, მოცემულია თვითონ პრობლემის გადაჭრაც აღქმისთანავე ცხოველი ვითომ ხედავს, რა უნდა გააკეთოს, ის ერთბაშად წვდება საქმის ვითარებას და ამოცანას პირველივე მოძრაობით დადებითად წყვეტს /იხ. ჩაწვდომა/. მაგრამ სუბ-ის აქტიურობა აქაც გამორიცხულია, ის მხოლოდ პასიური შემსრულებელია. თუმცა გეშტალტთეორია თავიდანვე ებრძოდა რ-რც ასოციაციონიზმს, ისე-ბიჰევიორისტების „სტიმულ-რეაქციის“ ფორმულას, მაგრამ, რ-რც ვ. შტერნი ამტკიცებს, თვით გეშტალტფსიქოლოგია მათგან შორს არ წასულა, რადგან თავის თავში დახშული იზოლირებული მთლიანობები, სტრუქტურები იმავე ასოციაციური ფს-გიის „ელემენტებს“ გვაგონებს.

დ. უზნაძის თეორია. დ. უზნაძის აზრით, „გეშტალტთეორიის" მიერ წარმოდგენილი „ქცევა“, მაშასადამე, სწავლაც, ისე რ-რც ბიჰევიორისტების მიერაა გაგებული, წმინდა მექანიკური პროცესია; სტრუქტურული აღქმა და მასში „მომენტური ჩაწვდომა“, „სტიმულრეაქციის“ მსგავსად, სუბ-ის აქტივობის გარეშე მიმდინარეობს; გეშტალტფსიქოლოგია უშუალობის პოზიციაზე განაგრძობს დგომას და სუბ–ის აქტიურ როლს უგულებელყოფს. დ. უზნაძე სწავლას განიხილავს რ-რც სუბ- ის აქტივობით გაშუალებულ და მიზნობრივად მიმართულ ქცევას, რ-საც სრულებით გარკვეული სპეციფიკა ახას., რის გამოც იგი ქცევის არც ერთ სხვა ფორმაზე, არ დაიყვანება და ქცევათა კლასიფიკაციაშიც არც ექსტეროგენურ და არც ინტროგენურ ქცევებში თავსდება. სწავლა დამოუკიდებელი ქცევის ფორმაა /იხ. ქცევის ფორმები/. თავისებურებანი, რ-თა გამო დ. უზნაძე სწავლას ქცევის დამოუკიდებელ ფორმად მიიჩნევს, შემდეგია:

1. სწავლითი აქტივობის ზოგადობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფრის სწავლა შეიძლება.

2. მიზანდასახულობა : სწავლა მიზნობრივად მიმართული აქტივობაა, მისი მთავარი დანიშნულება და მიზანი ბიოლოგიურად სასიცოცხლო ძალების გავარჯიშებასა, განვითარებასა და განმტკიცებაში მდგომარეობს.

3. სამოქმედო ძალების შინაგანი იმპულსის ზეგავლენით გამოწვევა: სწავლისათვის საჭირო ძალები „ფუნქციური ტენდენციის“ ზეგავლენით აღიგზნება, მოქმედების ძალები თვითონ შეიცავენ აქტივობის ტენდენციას და თავისი რეალიზაციისკენ ისწრაფვიან.

4. სასწავლო მასალით სწავლის დეტერმინაცია: სწავლას სავარჯიშო მასალა გარედან ეძლევა, განსაკუთრებით, „სწავლის ხანად" წოდებულ პერიოდში. ამ თვალსაზრისით, სწავლა გარემოდან განიცდის ზეგავლენას, მაგრამ სამოქმედო იმპულსს იგი „ფუნქციური ტენდენციის“წიაღიდან იღებს.

5. ს. შეიძლება იყოს სხვა ქცევის თანმხლები ეფექტიც: მაგ, თამაშის მიზანი გართობაა, მაგრამ ამ პროცესში მოთამაშე ბ-ვი ამავე დროს რაღაცას სწავლობს, ცოდნა-ჩვევას იძენს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9