A E

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ
ტაბ ტალ ტაუ ტაქ ტაც

ტაბუ

პოლინეზ–აკრძალვა — წინაისტორიული, ტოტემურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წესი, რ-იც უკრძალავს თავის წევრებს ზოგიერთ საგანს შეეხოს ხელით, შეხედოს. წარმოსთქვას მისი სახელი. ასეთი საგანი შეიძლება იყოს ად-ნის პიროვნება, ცხოველი, ფრინველი, ან უსულო საგანი – ქვა, ხე და ყველაფერი ის, რაც ტოტემური საზოგადოების რწმენით უწმინდური მავნე ძალის მფლობელი და მატარებელია. სულიერ და უსულო საგანთა გარდა ტ. შეიძლება დაედოს რაიმე საქმეს, ქცევის ფორმას, ზნე-ჩვეულებას და, საზოგადოდ, ცხოვრებისა და სამყაროს ყოველგვარ მოვლენას, რასაც პრიმიტიული ად-ნის „მაგიური აზროვნება“, არაკეთილისმყოფლად მიიჩნევდა. ეს საგნები და მოვლენები ტაბუდადებული /ტაბუირებული/, ე. ი. აკრძალული საგნები და მოვლენებია. შეიძლებოდა ტ. გამოეცხადებინათ სიცოცხლის დამცველ, დადებით, მანა-ძალის შემცველი საგნისათვისაც, ასეთი ძალისადმი პატივისცემისა და მისი ღვთაებრიობის წინაშე მოწიწებისა და შიშის ნიშნად.

ტ-ს დარღვევა დიდ დანაშაულად ითვლებოდა გვარის წინაშე. დამნაშავეს თუ სიკვდილით დასჯა ასცდებოდა, „განწმენდის“ რიტუალის გავლა /მსხვერპლის შეწირვა/ მოუწევდა. ტაბუს დამრღვევი მხოლოდ „განწმენდის" შემდეგ შეიძლებოდა კვლავ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო.

კ. ცვაიგერტი გამოყოფს ტ-ს სამ სახეს:

1. უარყოფითს - მის /ტაბუს საგნის/ შესახებ მხოლოდ ცუდი უნდა თქვა.

2. დადებითს — მხოლოდ კარგი უნდა თქვა.

3. გამორიცხულს – მასზე ` ლაპარაკი არ შეიძლება.

ტოტემიზმის ეგზოგამურ პერიოდში მკაცრად იყო რეგლამენტირებული ზოგი საზოგადოებრივი მოვლენა, მაგ., ქორწინების წესი; აკრძალულია ინცესტი, მასზე ტაბუა დადებული.

ტ-ს საფუძველი „კოლექტიური წარმოდგენებით" და „მაგიური აზროვნებით“ შექმნილი შეფასებები და შეხედულებები /ლ. ლევი-ბრიული/ - მემკვიდრეობით გადაეცემოდა შთამომავლობას; ამიტომაც ტ-ს ურყევი და საერთო-სავალდებულო ხასიათი ჰქონდა.

ფს-გიაში ტ-ს ფსიქიკურ რეპრეზენტატად სურვილი და შიშის ამბივალენტური განცდაა მიჩნეული. სუბ-ტს სურს, მაგრამ მისი სურვილის საგანზე ტ-ა დადებული /ე. ი. აკრძალულია/, და ეშინია დაარღვიოს ეს მკაცრად რეგლამენტირებული საზოგადოებრივი წესი; ამას დიდი სასჯელი მოსდევს!

ზ. ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია არსებითად სურვილისა და მისი აკრძალვით, განდევნით გამოწვეულ კონფლიქტურ–ამბივალენტურ გრძნობებს ეყრდნობა.

ტ-ს ცნობილი მაგალითია ქართული „უხსენებელი"/გველის აღსანიშნავად/, აგრეთვე მეგრული „უჩაღართამი“ იმავე მნიშვნელობისა, სიტყვასიტყვით „შავჩოხოსანი“.

ტ–ს გამოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ აგრეთვე მეგრული სიტყვა „ვაშინერს“„არ ეგების“ „არ იხსენიება“.

ხალხური რწმენით, შორეულ ნათესაურ კავშირში მყოფთა შორისაც კი ქორწინება „ვაშინერს“, ე. ი. არ შეიძლება. ამიტომ იგი არც უნდა მოხდეს. აბრეშუმის ჭიასთან ჭიანჭველას სახელი ახსენო „ვაშინერს“, უნდა თქვა „პუხუამი“ /კუზიანი/, წინააღმდეგ შემთხვევაში აბრეშუმის ჭიას ჭიანჭველა დაესვა, თუ რაიმე „ვაშინერს“, მაშინ არ კითხულობ „რატომ?“, რადგანაც იცი, რომ „ვაშინერს“ ახსნას არ საჭიროებს. /„ვაშინერსის“ შინაარსში იგულისხმება „არ შეიძლებას“ მოტივიც გამართლებაც, დასაბუთებაცა და, საერთოდ, მისი ბუნების საიდუმლო არსი, რაც რელიგიურ-მითოლოგიური ელფერი დაჰკრავს/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9