შეიცავს სითბოსა და სიცივის შეგრძნებებს. მათი მიმღები ორგანოები /რეცეპტორები/ კანშია მოთავსებული, ამიტომ მათ მჭიდრო კავშირი აქვთ სხვა შეგრძნებებთან /შეხების, დაწოლის და სხვა/. დადასტურებულია, რომ ტ. შ-ის მიმღები ორგანოების /წერტილების/ რიცხვი, ად-ნის კანის ზედაპირზე, განსხვავებულია: სიცივის, წერტილები მთელი სხეულის ზედაპირზე სულ 250000 ერთეული აღირიცხება, სითბოსი კი–სულ 30000 ერთეული. სიცივის წერტილები 0,17 მმ სიღრმეზეა კანში მოთავსებული, სითბოსი კი უფრო ღრმად 0,3 მმ სიღრმეზე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა სიცივისადმი, ვიდრე–სითბოსადმი. დადასტურებულია აგრეთვე სიცივის პარადოქსული შეგრძნება: სიცივის წერტილები ანუ რეცეპტორები სითბოთი რომ გავაღიზიანოთ, მაინც სიცივის შეგრძნებას მივიღებთ /მ. ფრაი/. სითბოს პარადოქსული შეგრძნება, ე. ი. სითბოს წერტილების სიცივით გაღიზიანება რომ, მაინც სითბოს შეგრძნებას იძლეოდეს ჯერ არ არის დადასტურებული.
როცა ობიექტური გამღიზიანებლის ტემპერატურა ჩვენი სხეულის ტემპერატურას უდრის, მაშინ გარკვეული ინდიფერენტული შეგრძნება ჩნდება, რ-იც არც სითბოს შეგრძნებაა და არც სიცივისა. ამ ტემპერატურას „ფიზიოლოგიურ ნულეულ წერტილს“ უწოდებენ. ტემპერატურული გამღზიანებლის დროში მიმდინარეობის ხანგრძლივობაზე დამოკიდებულია ტემპერატურისადმი „ადაპტაცია“, მაგ., როცა მდინარეში შევდივართ, პირველად წყალი ძალიან ცივი გვეჩვენება, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მისი სიცივე იკლებს, წყალი თითქოს უფრო თბება. ამ მოვლენას ადაპტაცია ეწოდება.