A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფალ ფან

ფანტაზია ანუ წარმოსახვა

Gk. phantasia წარმოსახვა

ფს –კის მოქმედების თავისებური სახე, რ–ლიც წინათ აღქმულ და მეხსიერებაში შემონახულ წარმოდგენებს ასხვაფერებს, ქმნის მათგან ახალ სახეებს და მათი კომბინაციებით აგებს ახალ სიუჟეტს, აყალიბებს არარსებულ სამყაროს. ფ–ში რეალური სახით არც წარმოდგენებია დაცული და არც მათგან აგებული სამყარო. მაგ., სინამდვილეში არ არსებობს ცხრათავიანი დევი, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი, ჭინკა, ან მოლაპარაკე ოქროს თევზი. ეს ყველაფერი ფ–ით შექმნილი წარმოდგენებია; ზღაპრები და მითები ყველა ფ–ის ნაყოფია, სიზმრისა და ოცნების მსგავსი ფანტომები. ფ–ს მიმართავს ად-ნი მაშინ, როცა მისი შინაგანი ძალები გამოვლენილი არაა, როცა სურვილები და მისწრაფებები ჩაჭედილია შიგნით, გარეთ გამოსავალს ვერ პოულობს და გაურეალიზებელი რჩება, როცა არსებული სინამდვილე სუბ–ს არ აკმაყოფილებს, სხვანაირი საგნები და სხვანაირი ვითარება სურს, მაშინ ის ასხვაფერებს რეალურ წარმოდგენებს,რ-ებიც აქვს, და მათგან აგებს ისეთ სამყაროს, რ–რიც სურს და რ–ლიც მის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს; მაგრამ ეს იქნება წარმოსახვითი სამყარო და დაკმაყოფილებაც იქნება მხოლოდ მოჩვენებითი.

სრულებით ახალი საგნების წარმოსახვა, ისეთის, რ–რიც ად–ნს არასოდეს არ უნახავს და არ აღუქვამს არ შეიძლება. მაგ., ბრმადდაბადებული ფერს ვერ წარმოიდგენს და თავის ფ−ში ფერის ფენომენს ვერ გამოიყენებს. ფ–ის მასალა იმავე რეალური აღქმის შედეგად მეხსიერებაში შემონახული შინაარსებია. ფ. მათ მხოლოდ ასხვაფერებს, ერთი წარმოდგენის ნაწილს მეორე წარმოდგენის ნაწილთან აკავშირებს და მათგან ქმნის საკუთარ ფანტასტიკურ სახეებს. ამის მიხედვით ფ-ის ფუნქცია შემოქმედებაა, ახლის შექმნა. მაგრამ ეს ახალი მხოლოდ სუბიექტურადაა ახალი, ობიექტური ღირებულება მას არ აქვს. რ–რც შემოქმედება, იგი კოგნიციურ–გონებრივი კატეგორიის მოვლენაა, განყენება–ანალიზი–სინთეზის აქტებით განხორციელებული /იხ. აგლუტინაცია/.

ფ. ად–ნის ყოველგვარი აქტივობის თანხმლებია, შემოქმედების გზის გამკვალავი და მისი მასშტაბურობის განმსაზღვრელი. იგი ყველაფერში ერევა, თვით ყოველდღიურ პროზაულ ცხოვრებაშიც კი. უფანტაზიოდ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება შეუძლებელია. განასხვავებენრეპროდუქციულდა პროდუქტიულ ფ–ს. რეპროდუქციულ ფ–ში ძირითად ცვლილებებს /აღქმაში ან წარმოდგენაში/ ადგილი არა აქვს, არამედ შეიმჩნევა ოდნავი ცვლილებები. მეხსიერებაში შემონახულ მოვლენებში ცვლილებების შეტანას „ჩვენების ფს–გიაც“ ადასტურებს, რ–ლის მტკიცებით აღქმაში ან მეხსიერებაში ცვლილებების შემტან ფაქტორთა შორის ფანტაზრებისადმი მიდრეკილებასაც შეაქვს თავისი წვლილი, რეპსოდუქციული ფ. გამოცდილებაში დაგროვილი მასალის ერთგვარი მოდიფიკაციით კმაყოფილდება. პროდუქტიული ფ. კი შემოქმედებითი ფ–აა, იგი სავსებით ახალ სამყაროს აგებს. პროდუქტიული ფ. ეს მუსიკალური სიმფონიებია, მონუმენტური ქანდაკებები, უკვდავი რომანები და პოემები, ფერწერის მარადიული სახეები.

ფ–ის ამ ორი სახის გარდა განასხვავებენ პასიურ და აქტიურ ფ–ს პასიური ფ. თან სდევს ად–ნის თითქმის ყოველ მოქმედებას, მის აღქმას და მეხსიერების მოვლენებს. მისი სახეებია აგრეთვე სიზმარი და ოცნება /იხ. ოცნება, სიზმარი/. პასიური ფ. სპონტანურად აღიძვრის, სუბ–ის განზრახვის გარეშე და მიმდინარეობს ნებისყოფის ჩაურევლად, ავტონომიურად. მაგ, აღქმაში პასიურ ფ–ს თავისი კოლორიტი შეაქვს და საგანს მიაკუთენებს ისეთ რამეს, რასაც ის ობიექტურად არ შეიცავს. მეხსიერებაში ფ. ცვლის არათუ მოვლენების მიმდინარეობას, არამედ თვით შინაარსსაც კი. ამიტომ სასამართლო პრაქტიკაში სპეციალურად დგება ჩვენებათა სისწორის საკითხი. სიზმრის, ისე ვით ოცნების მიმდინარეობაში, სუბ-ის აქტიური როლი სრულებით აღკვეთილია. ფ. ავტონომიურად მოქმედებს, თავისუფალი ასოციაციის პრინციპით.

აქტიური ფ., პასიური ფ-ის საწინ. სუბ–ის ნებაზეა დამოკიდებული. აქ ფ. შემოქმედებით ქცევაშია ჩართული და მის საფუძველზე იშლება სუბ–ის შემოქმედებითი საქმიანობა. მთელი სახვითი ხელოვნება, ისე რ–რც მუსიკის შედევრები და საზოგადოდ მხატვრული შემოქმედება, აქტიური ფ–ის აღმაფრენის შედეგია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9