| | |
„ფერთა ოთხკუთხედის" ცენტრში ვერტიკალურად გატარებულია წყვეტილი ხაზი, რ-იც შუაწელით ცენტრს ხვდება და ერთი ნახევრით ოთხკუთხედის ზემოთ ბოლოვდება, მეორე ნახევრით კი ქვემოთ. ხაზის ბოლოები გამოსახავენ თეთრსა და შავს, შუაწელი გამოსახავს „საშუალო რუხს“, ხოლო დანარჩენი წერტილები– მეტ–ნაკლები სირუხის შესაძლო საფეხურს თეთრიდან შავისაკენ და, პირუკუ, შავიდან – თეთრისაკენ. ეს „წყვეტილი ხაზი“, რ–იც ნეიტრალური ფერების „გრაფიკულ გამოსახულებას" წარმოადგენს, ბოლოებით შეერთებულია ქრომატულ „ფერთა ოთხკუთხედის“ კუთხეებთან, და, ამრიგად, ვიღებთ 8 წახნაგიან სტერეომეტრულ ფიგურას - ოქტაედრს /საერთო ფუძის მქონე ორ პირამიდას!/, რ–იც ქრომატული ფერების ყველა იმ ცვლილებას გადმოგვცემს, რასაც კი თითოეული მათგანი ნეიტრალურ ფერებთან /თეთრთან, შავთან და სირუხის ნიუანსებთან/ დაახლოება-დაშორების კვალობაზე შეიძლება ავლენდეს. სახელდობრ:
1. იგულისხმება, რომ ყველაზე უფრო წმინდა, მაძღარი ქრომატული ფერები მხოლოდ „ბაზური ოთსკუთხედის" კიდურებზე /გვერდით ხაზებზე/ უნდა იყოს განლაგებული! მაგრამ იგულისხმება ისიც, რომ რომელობით იგივე ქრომატული ფერები დასაფეხურებულად ნაკლები სიმაძღრისა იქნება იმის მიხედვით, თუ რა ადგილები უჭირაკს მათ ოთხკუთხედი ფუძის სიბრტყეზე კიდურისგან დაშორებით ცენტრისაკენ; მაგ., ოთხკუთხედის კუთხეში ან კიდურზე მოთავსებული „წითელი" ოპტიმალურად მაძღარია, მაგრამ ის წითელი, რ–იც კიდურს დაცილებულია დაღერძის მიმართულებით „საშუალო რუბის" პუნქტს უახლოვდება, ამ დაახლოების კვალობაზე სულ უფრო და უფრო მეტ სირუხეს შეიძენს და სიმაძღრეს დაკარგავს. იგივე ითქმის ყოველ სხვა ქრომატულ ფერზეც. ერთი სიტყვით, ოქტეადრის ფუძეზე უკლებლივ ყველა ქრომატული ფერია წარმოდგენილი, ოღონდ კიდურებზე ოპტიმალურად მაძღარი ფერები და კიდურებისგან დაშორებით ფუძის ცენტრისაკენ თანდათან ნაკლები სიმაძღრისა.
2. რაც შეეხება ოქტაედრის ზედაპირს, მის წახნაგებზე განლაგებული ქრომატული ფერებიც რომელობით იგივეა, რაც ბაზური ოთხკუთხედის კიდურებზე და ფუძეზე მოცემული /წითელი, ნარინჯი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი/, მაგრამ ღერძის „თეთრ–შავის პუნქტებთან“ მეტ–ნაკლებად დაახლოების გამო, აქ ისინი სინათლისა და სიმაძღრის ყველა შესაძლო ხარისხით იქნება წარმოდგენილი; სახელდობრ
ა) ოქტაედრის ზედა წახნაგებზე მოთავსებულ ქრომატულ ფერთათვის დამახასიათებელი ხდება ის, რომ ღერძის „თეთრ პუნქტთან“ მიახლოების ზრდის კვალობაზე, მათი ინტენსივობა, ანუ სინათლის ხარისხი თანდათან მატულობს /ისინი სულ უფრო და უფრო ღია, ბაც ფერებად იქცევა/ და სიმაძღრე კი თანდათან მცირდება;
ბ) ხოლო რაც შეეხება რომელობით იმავე ფერებს, რ-იც ქვედა წახნაგებზე ლაგდება, ღერძის „შავ პუნქტთან მიახლოების კვალობაზე მათ თანდათან უსუსტდებათ ინტენსივობაც და სიმაძღრეც /ე. ი. აქ ისინი მობნელო ქრომატულ ფერებად იქცევა/.
ამრიგად, ფერთა ოქტაედრი ქრომატული ფერების ყველა შესაძლო განსხვავებულობას უწევს ანგარიშს და მას ადეკვატურ გამოსახულებას აძლევს.
ფერის შეგრძნების დროითი და სივრცითი პირობების სისტემატური ექსპერ–ული კვლევით მტკიცედ დადგენილი ფაქტებია: ფერთა შერევის კანონები, ადაპტაცია, ფერთა კონტრასტი და „მხედველობის თანამიმდევარი კვალის“ მოვლენები.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |