| | |
იმ თეორიებიდან რ–იც მეცნ–ში ფერთა შეგრძნების გადაწყვეტის საჭიროებამ დაბადა /ჰ. ჰელმჰოლცის, ვ. ჰერინგის, გ. მიულერის, კრისის და სხვა/ ჩვენ მხოლოდ ჰელმჰოლცის თეორიას გავარჩევთ, რადგან დღემდე იგი მეტი პოპულარობით სარგებლობს და პერსპექტიულადაც ნაყოფიერ სამუშაო თეორიად ითვლება.
ჰ. ჰელმჰოლცის თეორია „იუნგ–ჰელმჰოლცის თეორიის“ სახელწოდებითაცაა ცნობილი, რადგან მთავარი დებულება, რ–აც იგი ემყარება /ფერთა შეგრძნების „სამკომპონენტიანობის იდეა“/, პირველად ინგლისელი მკვლევარის თ. იუნგის მიერ იყო წამოყენებული.
„ფერთა შერევის ცდების“ შედეგებზე დაყრდნობით ნაგულისხმება, რომ თვალის ბადისებური გარსი სამი სახის ფუნქციურად განსხვავებულ ნერვულ ბოჭკოს ანუ სამ რეცეპტორს / შეიცავს, რ–თაგან თითოეულის იზოლირებულმა აგზნებამ მხოლოდ ერთი რომელობის ქრომატული ფერის შეგრძნება უნდა დაბადოს: ერთმა წითლის შეგრძნება / წითლის რეცეპტორი", მეორემ მწვანის /„მწვანის რეცეპტორი“/ და მესამემ იისფერის შეგრძნება /„იისფერის რეცეპტორი“/. მაგრამ ბუნებაში მთლად ისე არ ხდება, რომ ამ სამი რეცეპტორიდან თითოეულზე მხოლოდ მისი შესატყვისი სხივი მოქმედებდეს, ე. ი. წითლის რეცეპტორზე - მხოლოდ „წითელი სხივი“, მწვანის რეცეპტორზე – მხოლოდ მწვანე სხივი“ და იისფერზე — მხოლოდ „იისფერი სხივი!“ არა, ჰელმჰოლცის თეორიის თანახმად, ვითარება ისეთია, რომ შვიდი „ფერადი სხივიდან“ თითოეული სხივი ერთდროულად ან სამივე რეცეპტორს აღაგზნებს ან ორს მაინც; და ამ რეცეპტორების ერთდროულ აგზნებათა რაოდენობრივ განსხვავებაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ქრომატული ფერის წარმოქმნა.
1.ჯერ განვიხილოთ, თუ რ-რ ჩნდება წითლის, მწვანის და იისფრის შეგრძნებები:
ა.ჰელმჰოლცის კონცეფციის მიხედვით, წითლის შეგრძნება იმიტომ ჩნდება, რომ სინათლის „წითელი სხივი", რ–იც საგნიდან აირეკლება და ბადისებრ გარსს ხვდება, დიდი ზომით /დომინანტურად/ აღაგზნებს თავის შესატყვის „წითლის რეცეპტორს“, გაცილებით მცირე ზომით — მწვანისას, ხოლო „იისფრის რეცეპტორს“ სრულიად აღუგზნებლად ტოვებს;
ბ. მწვანის შეგრძნება იმიტომ ჩნდება, რომ „მწვანე სხივი“ დომინანტურად აღაგზნებს მწვანის რეცეპტორს და მცირე ზომით აღაგზნებს წითლისა და იისფრის რეცეპტორებს.
გ. შესატყვისად, იგივე ითქმის საკუთრივ იისფრის შეგრძნებაზეც, რ-იც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა „იისფერი სხივი“ დომინანტურად აღაგზნებს იისფრის რეცეპტორს, ოდნავ აღაგზნებს მწვანის რეცეპტორს, ხოლო სრულიად აღუგზნებლად ტოვებს წითლის რეცეპტორს ერთი სიტყვით, სამი რომელობის ქრომატული ფერის წითლის, მწვანის და იისფრის წარმოშობის ფიზიოლ. კანონზომიერება ასე შეიძლება დახასიათდეს: დასახელებულ ფერთაგან /წითელი, მწვანე, იისფერი/, თითოეულის წარმოქმნაში ერთდროულად სამივე რეცეპტორი მონაწილეობს, ოღონდ ისე, რომ დომინანტურია მხოლოდ ერთი რეცეპტორის აგზნება /იმ რეცეპტორისა, რ-იც მოქმედი „ფერადი სხივის“ ადეკვატურია!/, ხოლო დანარჩენი ორის აგზნება ან მცირეა, ანდა მხოლოდ ერთი მათგანია მცირედ აგზნებული და მეორე კი სრულიად არ აღიგზნება.
2. რაც შეეხება დანარჩენი ოთხი რომელობის ქრომატულ ფერებს /ნარინჯს, ყვითელს, ცისფერსა და ლურჯს/, რ–თაც მხედველობის ორგანოში სპეციფიკური რეცეპტორები არ გააჩნიათ, ჰელმჰოლცის კონცეფციის თანახმად, თითოეული მათგანის შესატყვისი „ფერადი სხივი“ ერთდროულად სამივე რეცეპტორს აღაგზნებს, ოღონდ არა იმ ზომით, რა ზომითაც ეს რეცეპტორები წითელი, მწვანე და იისფერი სხივებით აღიგზნებიან. განსხვავება შემდეგია:
თუ წითელ, მწვანე და იისფერი სხივების იზოლირებულად ზემოქედების შემთხვევაში დომინანტურია მხოლოდ ერთ–ერთი რეცეპტორის აგზნება და დანარჩენი ორის აგზნება კი თითქმის ერთნაირად მინიმალურია /ან ამ ორიდან მხოლოდ ერთია მინიმალურად აგზნებული და მეორე სრულიად აღუგზნებელი!/, ნარინჯი, ყვითელი, ცისფერი და ლურჯი სხივებს იზოლირებულად მოქმედებისას დიდი ზომისაა ანუ დომინანტურია რომელიმე ორი რეცეპტორის აგზნება და მხოლოდ ერთი რეცეპტორია მინიმალურად აგზნებული, ასე მაგ.
ა. „ნარინჯი სხივის“ მოქმედება, რ–იც საერთოდ ნარინჯის შეგრძნებას ბადებს, დომინანტურად აღაგზნებს ორ რეცეპტორს –წითლისას და მწვანისას, ხოლო მცირე ზომით — იისფრის რეცეპტორს;
ბ. „ცისფერი სხივის" მოქმედებისას დომინანტურად აღიგზნება მწვანისა და იისფერის რეცეპტორები, ხოლო წითლის რეცეპტორის აგზნების დონე ძალზე მცირეა; და შესატყვისად იგივე ითქმის „ყვითელი“ და „ლურჯი სხივების“ შესახებაც. ერთი სიტყვით, ნარინჯის, ცისფერის და ლურჯის შეგრძნებებიც სამი რეცეპტორის მონაწილეობით ჩნდება, ოღონდ ამ რეცეპტორთა აგზნების ისეთი პროპორციით, როცა რ–იმე ორი მათგანის აგზნება ერთობლივადაც და ცალ–ცალკეც მეტია /ანუ დომინანტურია/ მესამეზე.
3. ჩვენ გავარკვიეთ, თუ რ–რ ჩნდება ჰელმჰოლციის თეორიის მიხედვით ამა თუ იმ რომელობის ქრომატული ფერის შეგრძნება. მაგრამ ფაქტია, რომ გარდა ქრომატულისა, აქ რომატული ფერის შეგრძნებებიც გვიჩნდება /თეთრი, შავი და მათ შორის გარდამავალი სირუხის ნიუანსები/. როგორ ხსნის ჰელმჰოლცის „სამი რეცეპტორის ფიზიოლოგიური თეორია" ამ აქრომატულ ფერთა წარმოშობას?
ა. როცა საგანი სინათლის შვიდივე „ფერად სხივს“ /წითელი, ნარინჯი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იისფერი/ უნაშთოდ და ერთზომისად არეკლავს და ყველა სხივი თვალისკენ „იგზავნება“, ამ სხივების ერთობლივი მოქმედების გავლენით „ფერადი რეცეპტორებიც“ /წითლის, მწვანის, იისფერს / ერთზომისად აღიგზნება და არა მეტ–ნაკლები ოდენობით, რ–რც ეს წესისამებრ ყოველი ქრომატული ფერის წარმოქმნისას ხდება. და აი, სწორედ ჰელმჰოლცის აზრით, სამივე რეცეპტორის ერთზომისი აგზნებაა მიზეზი იმისა, რომ საგანს თეთრად ვხედავთ, ანუ თეთრის შეგრძნება გვიჩნდება.
ბ. შავი ფერის წარმოქმნისას ვითარება სხვანაირია: შავის შეგრძნება მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა საგანი სინათლის ყველა ფერად სხივს შთანთქავს, და, მაშასადამე, როცა სამივე რეცეპტორი ფაქტობრივად აღუგზნებელი რჩება.
გ. თეთრისა და შავის წარმოქმნის ფიზიოლ. პირობები, ე. ი . ყველა ფერადი სხივის არეკვლით სამივე რეცეპტორს ერთზომისი აგზნება და ყველა სხივის შთანთქმის გამო მათი /რეცეპტორების/ სრული აღუგზნებლობა, თავის მხრივ გასაგებს ხდის იმასაც, თუ რა უნდა აჩენდეს სირუხის განსხვავებულ ნიუანსებს:
საგნის მიერ სინათლის ყველა ფერადი სხივის არეკვლა შეიძლება არ იყოს სავსებით სრული და ერთზომისი და ამის შესატყვისად, არც რეცეპტორები იყოს თანაბრად აგზნებული და მაშინ საგანიც, ნაცვლად თეთრისა, „ღია, მოთეთრო რუხი ფერის“ მქონედ უნდა იყოს განცდილი; ან შეიძლება შთანთქმა არ იყოს მთლად სრული და თეთრი სინათლის რაღაც მცირეოდენი ნაწილი რეცეპტორებს მაინც ხვდებოდეს. მაშინ კი საგნის სიშავესაც რაღაც უნდა დააკლდეს და სუბიექტს „მობნელო რუხის" შეგრძნება უნდა გაუჩნდეს.
ასეთია ჰ. ჰელმჰოლცის ფერთა წარმოქმნის ფიზიოლ. თეორია, თვალის ბადურის გარსში სამი სახის რეცეპტორი არსებობს: წითლის, მწვანისა და იისფერისა. ყოველი ფერის წარმოქმნა /ქრომატულისაც და აქრომატულისაც/ ამ რეცეპტორების ერთდროულ აგზნებათა რაოდენობრივ ურთიერთმიმართებაზეა დამოკიდებული. ქრომატულ ფერთა შეგრძნებებს ერთი ან ორი რეცეპტორის „დომინანტური აგზნება" იწვევს. თეთრის შეგრძნებას სამივე რეცეპტორის ერთზომისი აგზნება აჩენს: ხოლო შავის შეგრძნება მაშინ ჩნდება, როცა არც ერთი რეცეპტორი არ აღგზნება-თუ მხედველობაში მივიღებთ „ფერთა ოპტიკური შეტევის“ ფაქტებს, რ–ებიც ჰელმჰოლცმა თავისი თეორიის დაფუძნების მიზნით ზედმიწევნით იკვლია, შეიძლება ითქვას: სამი ქრომატული ფერი–წითელი, მწვანე, იისფერი ჰელმჰოლცის აზრით, ძირითადი ფერებია, იმიტომ, რომ მათი „ოპტიკური შერევის ცდებით“ შესაძლებელი ხდება ყოველი სხვა ფერის შეგრძნება მივიღოთ /ქრომატულისაც და აქრომატულისაც/.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |