კ. იუნგის მიხედვით: პირველსახე, თავდაპირველი წარმოდგენის ხატები, დასაბამის, საწყისის სახეები; იგულისხმება განცდის ის სახეები და წარმოდგენები, რ-ებიც 'წარმოიქმნენ უხსოვარი დროის დასაწყისში, ად-ნთა იმ დროის წინაპრებში, როდესაც ახლად იდგამდა ფეხს პირველყოფილი კულტურა, იღვიძებდა ცნობიერება, ცხოველებზე, ად-ნებზე, მოქმედ ძალებზე ისახებოდა პირველი წარმოდგენები. ეს წარმოდგენა- ხატები იმავე შინაარსით გადადიოდა თაობიდან თაობაში და „კოლექტიური წარმოდგენის“ პროდუქტად იქცეოდა (იხ. „კოლექტიური წარმოდგენა“). მზაობის ან ინსტინქტის სახით ისინი მოქმედებენ ყოველი ხალხის და ყოველი დროის ად-ნებში: ცხადდებიან სიზმარში ან მთვლემარე მდგომარეობაში, გადადიან შემოქმედებაში, რ-რც მითიური მოტივები, ზღაპრების პერსონაჟები, ერწყმიან რელიგიურ შეხედულებებს და ამ სახით კვლავ და კვლავ ცხადდება და ცოცხლობს გარდასული და მივიწყებული ისტორიული ფენა და კულტურის პირველი საფეხური, და მეორდება დაუსრულებლად ამ უხსოვარი ეპოქის ად-ნში წარმოქმნილი სიღრმითი შინაარსი თავისი პირველყოფილი „არქეტიპული“ სახეებით.