| | |
შეგრძნებათა განსხვავებული მოდალობებს არსებობის ფაქტი გულისხმობს, თითქოს ამ მოდალობებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს; მაგ., მხედველობის შეგრძნებას თითქოს არავითარი კავშირი არ აქვს სმენასთან, სმენას–გემოსთან, გემოს–სუნთან, სუნს–შეხებასთან, და, მაშასადამე, ვითარება თითქოს ისეთია, რომ, რაც მგრძნობელობის ერთ მოდალობაში ხდება, რ¬იმე მეორე მოდალობისათვის მას მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ ასეა თუ არა ნამდვილად?
ვარაუდობენ, რომ სიცოცხლის განვითარების დაბალ საფეხურზე ორგანიზმს მხოლოდ ერთი დიფუზიური გრძნობის ორგანო გააჩნდა და უთუოდ ამ ერთი ორგანოდან განუვითარდა შემდეგ სხვა მოდალობათა შეგრძნების ორგანოებიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი დიფუზიური გრძნობიდან განვითარებულმა „გრძნობის ორგანოებმა“ სავსებით დაკარგეს პირვანდელი ერთიანობა და აღარაფერი საერთო აღარ შერჩათ; არა! - არსებობს უტყუარი ფაქტები, რ-იც ადასტურებენ რაღაც საერთოს არსებობას სხვადასხვა მოდალობის შეგრძნებებს შორის.
1. პირველი ასეთი ფაქტია მეტყველების მოწმობა, მაგ., გამოთქმები: „თბილი ფერი“, „ცივი ფერი“, „ცივი ხმა“, „თბილი ხმა“, „დაბალი ხმა“, „მაღალი ხმა“ და სხვა. ასეთი გამოთქმები ყველა ენაში არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ, შ–ის გარკვეული მოდალობის შინაარსს სხვა მოდალობის შ–ის თვისებით ვახასიათებთ, მაგ., ფერს – ტემპერატურის შ–ის თვისებით, ბგერას – მხედველობის შეგრძნების თვისებით ამ ფაქტებიდან ჩანს, რომ მიუხედავად შეგრძნებათა სხვადასხვა მოდალობებს შორის არსებული მკაცრი დიფერენციაციისა, რაღაც ნათესაობა მათ შორის მაინც არსებობს.
2. შ. ი. ე–ის სასარგებლოდ კიდევ უფრო დამარწმუნებლად მეტყველებს ე. წ. სინესთეზიის ანუ თანაშეგრძნების ფაქტი, როდესაც აქტუალური გაღიზიანებით გამოწვეული გარკვეული მოდალობის შეგრძნების შემთხვევაში, მეორე, განსხვავებული მოდალობის შეგრძნება ჩნდება, თუმცა ამ მეორე მოდალობის შეგრძნებას ფაქტიურად ადგილი არ ჰქონია /იხ. სინესთეზია/.
3. შ. ი. ე-ს სასარგებლოდ ლაპარაკობს აგრეთვე თვით შეგრძნების ორგანოთა ურთიერთზემოქმედების ფაქტი, მაგ.,
ა. ადამიანის მხედველობის სიმახვილე იზრდება, როცა მასზე ერთდროულად ბგერა ან სხვა რომელიმე გამღიზიანებელი მოქმედებს /სუნი, გემო, შეხება და სხვა/;
ბ. ბგერა უფრო მაღალი ჩანს ნათელ ოთახში, ვიდრე ბნელში.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |