ფს-გიაში კანონი, წესი, რ-ის მიხედვით წარმოდგენები ერთმანეთს იწვევენ ცნობიერებაში. ა. გულისხმობს წარმოდგენათა შორის ისეთ კავშირს (დამოკიდებულებას), როცა ერთი წარმოდგენა იწვევს ან აღადგენს ცნობიერებაში მეორე წარმოდგენას. მაგ., ვხედავ, (აღვიქვამ) ფოტოგრაფიულ სურათს და მიჩნდება წარმოდგენა ამ ნაცნობი სახისა; მესმის ხმა და მაგონდება (წარმომიდგება) ნაცნობი, რ-იც ასეთი ხმით ლაპარაკობს. ყველა ასეთ შემთხვევაში წარმოდგენის რეპროდუქციას (აღდგენას) აღქმა იწვევს. მაგრამ არის მეორე შემთხვევაც, როცა ერთი წარმოდგენა მეორეს იწვევს. მაგ., წარმომიდგა ნაცნობის სახე და მაშინათვე წარმომიდგა მისი ბინა, ბინის წარმოდგენამ მომაგონა ის ნაცნობები, რ-თაც აქ ვხვდებოდი, მომაგონა ის ქუჩა, სადა ეს სახლი იმყოფებოდა და ა. შ. წარმოდგენათა ასეთ ჯაჭვურ თანამშრომლობას წარმოდგენათა ასოციაცია ეწოდება. იგი პასიური მეხსიერების ერთ-ერთი ფორმაა, რ-შიც სუბ. წარსულს მხოლოდ წარმოდგენის სახით განიცდის, ე. ი. ნაცნობ შინაარსს იგი კვლავ კი არ აღიქვამს, არამედ მის ხატს განიცდის. ა-ის ფიზიოლ. საფუძვლები დადგენილია ი. სეჩენოვისა და განსაკუთრებით ი. პავლოვის მოძღვრებაში პირობითი რეფლექსის შესახებ. წარმოდგენათა ასოციაციური დაკავშირება გაპირობებულია დროებითი ნერვული გზების გაკაფვით ჰემისფეროების სხვადასხვა პუნქტებს შორის (იხ. პირობითი რეფლექსი). წარმოდგენათა ა-ას გარკვეული მნიშვ. აქვს სწავლა-აღზრდის პროცესისათვის. ცოდნა-ჩვევის შეძენას საფუძვლად უდევს კავშირების დამყარება გარკვეულ წარმოდგენათა შორის. ახალი მასალის შეთვისება-დაუფლება შესაძლებელია მხოლოდ ძველ, უკვე შეძენილ ცოდნასთან მისი დაკავშირებით.