A E

ცდ ცე ცი ცნ ცხ
ცნე ცნო

ცნება

არათვალსაჩინო ცოდნა ანუ აზრი საგნისათვის დამახ. არსებითი ნიშნების შესახებ. მუშავდება ლოგიკურ–ვერბალური აზროვნების გზით და ამიტომ იგი მის ერთ–ერთ ფორმას წარმოადგენს. ც. განსხვავდება ზოგადი წარმოდგენისაგან. „ზოგადი წარმოდგენა მხოლოდ იმ ნიშნებს შეიცავს, რ–იც საგანთა ჯგუფის ყველა ეგზემპლარს აქვს, ე. ი. ზოგად ნიშნებს. ცნება ზოგად ნიშნებს კი არ შეიცავს, არამედ არსებით ნიშნებს, ე. ი. იმ ნიშნებს, რ–იც აუცილებელია და ძირითადი ყველა იმ ობიექტისათვის, რ–აც ეს ცნება ეხება" /დ. უზნაძე/. მაგ. წრის ზოგად წარმოდგენაში განიცდება წრის თვალსაჩინო ნიშნები – სიმრგვალე, ფორმა. წრის ცნება კი გულისხმობს მიმართებას წრის წერტილესა და მის ცენტრს შორის. ეს მიმართება წრის აღქმაში მოცემული არ არის, მას აზროვნების საშუალებით ვწვდებით, ამიტომ იგი არათვალსაჩინო განცდა ანუ აზრია, ც-ის შინაარსი არც აღიქმება და არც წაროიდგინება, იგი მხოლოდ აზროვნებით მიიწვდომება და არსებობს რ–იც აზრი. მაგ., ათასკუთხედი, რ–რც ცნება, კანონიერია, მაგრამ, რ–რც წარმოდგენა იგი არ არსებობს, იგი არ წარმოიდგინება. ცნების შინაარსი ყოველთვის აბსტრაქტულია, წარმოდგენისა კი კონკრეტული. ზოგადი წარმოდგენისა და ცნების შემუშავების გზებიც განსხვავებულია: ზოგადი წარმოდგენა რ–იმე საგანზე ამ საგნის მრავალჯერ აღქმის შედეგად მუშავდება, ეს პროცესი მექანიკური პროცესია, რ–იც აზროვნებას არ საჭიროებს და ასოციაციის გზით ხორციელდება. ცნების შემუშავების პროცესი კი აზროვნების პროცესია და სუბ–ის მონაწილეობას გულისხმობს.

ცნების შემუშავება შემდეგ საფეხურებს გაივლის:

1. პრობლების დასმა და დაკვირვება: ც–ის დადგენას ზოგადი წარმოდგენისაგან განსხვავებით, ყოველთვის გარკვეული შემეცნებითი ამოცანა უძღვის წინ; ამ ამოცანის გადასაჭრელად ხდება დაკვირვება შესასწავლი სინამდვილის მოვლენებზე, მათ დამახ. ნიშნებზე.

2. აბსტრაქცია: დაკვირვებით დადასტურებული ნიშნებიდან შესასწავლი მოვლენისათვის დამახ. ნიშნების გამოყოფა. განზოგადება: დამახ. ნიშნებიდან ზოგად–არსებით ნიშანთა გამოყენება.

3. სახელდება: გამოყოფილ ნიშანთა სახელდება, სიტყვის საშუალებით, მათი სინთეზი, გაერთიანება; სიტყვა აზრის დასაყრდენი სუბსტრატია, რ–იც მას ცნებად აქცევს /ამიტომ ც-ბის შემუშავებას აგრეთვე ვერბალურ–ცნებით აზროვნებას უწოდებენ/.

არსებობს ცნების შემუშავების მეორე გზაც, რ–იც უკვე შემუშავებული, მაგრამ სუბ–ტისათვის უცნობი ც–ბის წედომას წარმოადგენს; ე. ი. როცა სუბ–ტს ესმის სიტყვა, რ–რც ბგერათა კომპლექსი, მაგრამ მისი შინაარსი მისთვის უცნობია, ასეთ შემთხვევაში იგი ეუფლება ანუ წვდება უკვე შემუშავებულ ცნებას შემდეგი გზით: აკვირდება, თუ რა და რა სიტუაციაში რა მნიშვნელობით ისმარება მისთვის უცნობი სიტყვა და ამ გზით ადგენს მის აზრს, შინაარსი. ეს პროცესი, ისე, რ–რც ც−ბის შემუშავების ზემოთ განხილული საფვხურები, გულისხმობს სუბ. მიერ პრობლემის დასმას და დაკვირვებას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9