A E

ჯა ჯე ჯი
ჯეი

ჯეიმზ–ლანგეს თეორია

ეხება ემოციის წარმომშობი ფაქტორების პრობლემას.

თითქმის ერთდროულად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, აღნიშნულ საკითხზე, პრინციპულად ერთნაირი თეორია წამოაყენა ორმა ავტორმა–დანიელმა ექიმმა კარლ ლანგემ /1894/ და ამერიკელმა ფს–გმა უილიამ ჯეიმზმა /1895/. ამიტომ თეორია ატარებს ორივე ავტორის სახელს.

ჯეიმზ-ლანგეს თეორიის ძირითადი აზრის მიხედვით, ემოცია განსაზღვრულია პერიფერიულ ფიზიოლოგიური პროცესებით, რ–ებიც ყოველ თვის ემოციასთან ერთად გვეძლევა სხვადასხვა ვისცერალური და ვაზომოტორული ცვლილებების სახით. ესენია: სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის დარღვევა, შინაგანი ორგანოებისა და სეკრეტორული ფუნქციობის შეცვლა /თირკმელზედა ჯირკვალის აქტივირება და ადრენალინის დიდი რაოდენობით გამოყოფა/. ამ ორგანული ცვლილებების გარეგანი გამოხატულება „გამომხატველი მოძრაობის“ სახით, არაერთია ცნობილი, მაგ., გულის, მაჯისცემის და სუნთქვის აჩქარება, მიმიკური და პანტომიმიკური ცვლილებები: თვალის გუგის გაფართოება, ტირილი, სიცილი, პირის სიმშრალე, კანკალი, გამოყოფითი ფუნქციების გააქტიურება და სხვ. ჯეიმზის კონცეფციით, რ–აც ლანგე პრინციპულად ეთანხმება: უმოციაში მთავარი და ძირითადი სწორედ ეს პერიფერიული ფიზიოლოგიური ცვლილებებია. ესენია ემოციის გამომწვევი მიზეზი და საფუძველი. მოსპეთ ისინი და ემოციაც მოისპობა, აღიკვეთება. ცნობილია ჯეიმზის შემდეგი პარადოქსი: „მე ვტირი არა იმიტომ, რომ ვწუხვარ, არამედ იმიტომ ვწუხვარ, რომ ვტირი“, „გავრბივარ არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ მეშინია იმიტომ, რომ გავრბივარ.“ ამ კონცეფციის თანახმად, ემოცია გამოწვეულია თანმხლები პერიფერიულ–ორგანული ცვლილებებით, და უფრო მეტიც, ემოცია თვით ამ ორგანული ცვლილებების შეგრძნებათა კომპლექსია. შემდგომმა ფიზიოლოგიურმა ექსპერიმენტებმა უარყო ჯეიმზ-ლანგეს ეს პერიფერიული თეორია / ჩ. შერინგტონი, უ. კენონი, ა. მარანონი და სხვები/. დამტკიცდა, რომ ემოცია არ არის მიზეზ–შედეგობრივ დამოკიდებულებაში პერიფერიულ–ორგანულ ცვლილებებთან, მაგ., შეიძლება გამოვიწვიოთ ემოცია პერიფერიულ–ორგანული ცვლილებების შეგრძნების ნეიტრალიზაციის პირობებში; ცხოველის ზურგის ტვინის გადაჭრის შედეგად /ჩ. შერიგტონის ცდები/, ან შებრუნებით, შეიძლება გამოვიწვიოთ ემოციის შესატყვისი პერიფერიული ფიზიოლოგიური ცვლილებები და ემოცია კი არ გაგვიჩნდეს /ა. მარანონის „ადრენალინის შეშხაპუნების“ ცდები/. ის დაკვირვებაც, რომ სხვადასხვა ემოციას /შიში, მწუხარება, სიხარული/ ერთნაირი ორგანული ცვლილებები სდევს თან, არ ლაპარაკობს ჯეიმზ—ლანგეს თეორიის სასარგებლოდ. ერთი სიტყვით, ექსპერიმენტულად დამტკიცდა, რომ ემოციის წარმოშობას არ განსაზღვრავს პერიფერიული ორგანული ცვლილებები, რომ იგი არ არის ორგანულ შეგრძნებათა უბრალო კომპლექსი და, რომ ემოციისთვის გადამწყვეტი მნიშვ–ბისაა მისი დამოკიდებულება მხოლოდ ც. ნ. ს-თან თავის ტვინთან. ბოლო პერიოდში ეეგ-ს /ელექტროენცეფალოგრაფიული/ დაკვირვების საფუძველზე მტკიცდება აზრი, რომ ემოციისათვის დიდი მნიშვნელობის მქონეა თალამუსის, რეტიკულურ ფორმაციის და ლიმბიური სისტემის მოქმედება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9