A E

ჰა ჰე ჰი ჰო
ჰიპ

ჰიპერმნეზია

Gk. hyper-ზე, ზედმეტი, mnësis გახსენება, მოგონება

გაძლიერებული მეხსიერება, მეხსიერების ერთბაშადი ინტენსიური ფუნქციობა. ჰ. ორი სახისაა: ზოგადი და ნაწილობრივი.

1. ზოგადი ჰ. ად–ნის მეხსიერებაში აღდგება, და, რაღაც უმოკლეს დროში, მის თვალწინ გაივლის მისი სიცოცხლის მთელი ისტორია. ად–ნის წინაშე თითქოს პანორამულად გადაიშლება მთელი წარსული და ელვის სისწრაფით გადაივლის. ასე ხდება როცა სიცოცხლე დიდი ხიფათის ან სიკვდილის წინაშე დგება. ამას ერთხმად ადასტურებენ წყალში დახრჩობას გადარჩენილნი. ფს–ლოგ ფრებესს მოჰყავს შემდეგი შემთხვევა: ერთი კაცი მატარებლის რელსების შუა ჩავარდა, მას მატარებელმა გადაუარა. სანამ მატარებელი გადარბოდა, ამ კაცის მეხსიერებაში გაიარა მისი სიცოცხლის მთელმა შინაარსმა, თითქოს „მის წინაშე მისი სიცოცხლის წიგნი ყოფილიყოს გადაშლილი“.

2. ნაწილობრივი /პარციალური/ ჰ. – მეხსიერებაში წამოიჭრება რომელიმე სავსებით მივიწყებული განცდის შინაარსი: მაგ., ცნობილია, რომ, ად–ნებს, რ–თაც თავის მშობლიურ ენაზე არ ულაპარაკიათ 50-60 წელს და ის უკვე აღარც ახსოვთ, ავადმყოფობის დროს ან სიკვდილის წინ იხსენებდნენ მას და იწყებდნენ მასზე ლაპარაკს.

3. არიან ისეთი ადამიანებიც, რ−თაც ფენომენალური მეხსიერება აქვთ. მაგ., შეუძლიათ დაიმახსოვრონ და აღიდგინონ ერთხელ წაკითხული ციფრების დიდი რაოდენობა, შეუძლიათ ზეპირად დიდი რიცხვების მიმატება-გამოკლება ან გამრავლება /მაგ., ინოდი, დიამნდი, რიუკლე და სხვ./. ეს მოვლენები პათოლოგიად არ ითვლება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9