| | |
სამედიც. ტერმინი, აღნიშნავს ორგანიზმის–ადამიანისა და ცხოველის ერთ–ერთ ძირითად სასიცოცხლო თვისებას. რ–ლის მიხედვით ყოველი ორგანიზმი ისწრაფვის დაძლიოს შინაგანი თუ გარეგანი გაღიზიანების ზემოქმედების შედეგად გამოწვეული სომატური დარღვევები და ძვრები და დაიბრუნოს თავდაპირველი რეზისტენტურ–ადაპტირებული წონასწორობის მდგომარეობა. ორგანიზმი ამას აღწევს მასშივე ჩადებული მარეგულირებელი მექანიზმის მოქმედებით.
ცოცხალი ორგანიზმი მტკიცედ კოორდინირებული, მთლიან–დინამიკური სისტემაა. მასში მიმდინარე მრავალნაირი სპეციალიზებული პროცესით შექმნილი საერთო „ფიზიოლოგიური ბალანსი" შედარებით მუდმივი, მდგრადი კონსტანტური მდგომარეობაა. ეს კონსტანტურობა ერთნაირად ახასიათებს, რ–რც ორგანიზმის შინაგან სუბსტრატს /სისხლი, ლიმფა და სხვ./, მათ მდგომარეობასა და ურთიერთმიმართებას, ისე ორგანიზმში მიმდინარე ყველა ფიზიოლ. პროცესს, /სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა, თერმორეგულაცია, ნივთიერებათა ცვლა და სხვა/. მაგ., თბილსისხლიან ორგანიზმში შინაგანი ტემპერატურის რხევადობა, გარემოში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების მიუხედავად დაახლოებით ერთ დონეზე დგას. ტემპერატურის ამ კონსტანტობას მასშივე ჩადებული მექანიზმი არეგულირებს უკუმოქმედების პრინციპის მიხედვით.
ად–ნის ქცევაში ადასტურებენ ჰ–ს სხვადასხვა დონეს; ასეთად ითვლება მაგ. :
1. რეფლექსი და ინსტინქტური მოქმედება.
2. ჩვევა, შეგუება და სწავლა.
3. ნებისმიერი მოქმედება.
მოქმედების აღნიშნული დონეები აგრეთვე ჩართულია დარღვეული სასიცოცხლო პირობების აღდგენა–მოწესრიგებაში.
ორგანიზმის ეს თვისება–კონსტანტურობა, მდგრადობა არსებობის სასიცოცხლო ბიოლოგიური პირობაა. რ–რც კი ეს პირობა დაირღვევა, მაშინვე ორგანიზმის დაცვითი მექანიზმები იწყებენ მოქმედებას, რ-ებიც იმ მიზნისკენაა მიმართული, რომ დაუბრუნდეს ორგანიზმს მისი ჩვეულებრივი ნორმალური მდგომარეობის ოპტიმალური დონე. ორგანიზმის ამ სასიცოცხლო მოქმედებას ამერიკ. ფიზიოლოგმა უ. კენონმა, „ჰომეოსტაზი" უწოდა და /1929/ მის მარეგულირებელ მექანიზმს ჰომეოსტატიკური მექანიზმი. არსებითად ამასვე ნიშნავს, ჯერ კიდევ, 1878 წელს კ. ბერნარის მიერ გამოთქმული აზრი, რომ ყოველი სასიცოცხლო პროცესის მიზანია ჩვენი შინაგანი გარემო პირობების მუდმივობის დაცვა. ამასვე ამბობდა სხვა ბევრი მკვლევარი, მათ შორის, ი. სეჩენოვი, ი. პავლოვი.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |