A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აღზ აღმ აღქ აღწ

აღქმა

L. perceptio მიღება, შეძენა

ისეთი შემეცნებითი ფს-კური პროცესი, რ-შიც სუბ. „თავის წინაშე“ გარკვეული კონკრეტული საგნის ან მოვლენის არსებობას განიცდის; მაგ., როცა ფორთოხალს აღვიქვამ, ვხედავ, ვეხები, ან ვყნოსავ, – მე მაქვს განცდა იმისა, რომ „ამჟამად და სწორედ აქ (ამ ადგილას) ჩემს წინაშე ფორთოხალია" - ან კიდევ: „ოთახში კედლის საათის რეკვას აღვიქვამ“! ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამჟამად, სანამ საათის ცემა გრძელდება, მე საათის რეკვას განვიცდი, რა თქმა უნდა ა. მაშინაც გვაქვს, როცა საგანი სრულიად უცნობია, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი თვითონ ა. რ-რც შემეცნებითი ფს-კური პროცესი, მაინც „ჩემს წინაშე კონკრეტული საგნის თვითმოცემულობის ანუ არსებობის განცდაა".

ა. იმით განსხვავდება წარმოდგენისაგან, რომ მასში აწმყოში მოცემული საგანი განიცდება, იმ დროს, როცა წარმოდგენა მხოლოდ წარსულში ა-ული საგნის ხატის განცდაა.

ა. რთული შემადგენლობის ფს-კური პროცესია. შინაარსეულად იგი მრავალ სხვადასხვა შეგრძნებისაგან შედგება. ამ შეგრძნებათა კომპლექსში ზოგი გარესაგნის უშუალო გავლენის შედეგად ჩნდება (მაგ. ფორთოხლის მხედველობითი აღქმისას მისი ფერი, ფორმა), ხოლო ზოგი კი (სუნი, გემო და სხვა) ის „ყოფილი შეგრძნებებია“, რ-ნიც ამავე საგნიდან ადრე მიგვიღია. ერთი სიტყვით, ყოველი ა. დაკავშირებაა საგნისაგან ამჟამად მიღებული შეგრძნებებისა წარსულში მიღებული შეგრძნებების რეპროდუქციულ სახეებთან. ა. ის განცდაა, რ-შიც საგნის მოცემულობა შეგრძნების საშუალებით ხორციელდება.

ა. რიგი ისეთი ნიშნებით ხასიათდება რ-თა გარეშე იგი უთუოდ დაკარგავდა „ფუნქციას შემეცნებითი ფს-კური პროცესისა“. ეს ნიშნებია:

1. საგნობრიობა: ყოველი ა. შინაარსეულად შეგრძნებების კომპლექსია, რ-თაც გრძნობის ორგანოებზე გამღიზიანებლის ზემოქმედება იწვევს. მაგრამ ა-ში ამ ცალკეულ შეგრძნებებს (ფერს, ბგერას, გემოს, სუნს) კი არ განვიცდით, არამედ ობიექტურად არსებულ მთლიან საგანს, ხოლო შეგრძნებები კი ამ საგნის თვისებად განიცდება. ამრიგად, ა-ში, ორ მომენტს განასხვავებენ: საგანსა და შინაარსს. საგანია ის, რისკენაც ვართ მიმართული, ხოლო შინაარსია სენსორული მასალა, გრძნობადი თვალსაჩინო შინაარსი (შეგრძნებები). ექსპერ-ულად დადასტურებულია, რომ საგანსა და შინაარს შორის გარკვეული ურთიერთობა არსებობს: ა) შეიძლება ა-ის შინაარსი შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა პირობებში (მანძილი, განათება და სხვ.) გვეძლევა საგანი, ხოლო თვითონ ეს საგანი ყოველთვის უცვლელი რჩება. ბ) ა-ის შინაარსი ( შეგრძნებები) შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვითაც, თუ რას იგულისხმებს სუბ. ა-ის საგნად (როცა თვალდახუჭულმა ცპ-მა მოინჯული საგანი რეზინის შტამპად იგულისხმა, იგი მას რბილი მოეჩვენა, ხოლო, როცა რეზინის შტამპიდან რკინის ჟეტონზე გადაინაცვლა სირბილის თვისებები გაქრა და საგანი მას მაგარი მოეჩვენა ( დ. უზნაძის ცდები.).

2. კონსტანტურობა : - ა-ში საგნის ფერი, ფორმა და სიდიდე უცვლელი (კონსტანტური) რჩება, მიუხედავად ფიზ-რი და ფიზიოლ. პირობების ცვალებადობისა. განასხვავებენ ფერის, სიდიდისა და ფორმის კონსტანტურობას. ა) ფერის კონსტანტურობა: თეთრი ქაღალდის ფურცელი საღამო ჟამს უფრო ბნელად უნდა მოგვჩვენებოდა, ვიღრე შავი მელნის ლაქა შუადღის სინათლეზე. რადგან ქაღალდი საღამო ჟამს უფრო ნაკლებ სინათლეს გზავნის თვალში, ვიდრე მელნის ლაქა შუადღისას. მიუხედავად ამისა, თეთრი ქაღალდი საღამო ჟამს მაინც თეთრად გამოიყურება და მელნის ლაქა დღის სინათლეზე, მაინც შავად ბ) სიდიდის კონსტანტურობა: საგნის გამოხატულების სიდიდე თვალის ბადურაზე იცვლება მანძილის მიხედვით: საგნის შორ მანძილზე ჭვრეტისას იგი პატარავდება, ახლოზე კი დიდდება. ამის მიხედვით, ერთი და იგივე საგანი ახლოს უფრო დიდად უნდა მოგვჩვენებოდა, ვიდრე შორს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება. ერთი და იგივე სამელნე ჩემს წინ მაგიდაზე და, ვთქვათ, რამდენიმე მეტრის სიშორეზე ერთი და იმავე სიდიდის მქონედ აღიქმება. გ) ფორმის კონსტანტურობა: სუფრაზე დალაგებულ ყველა თეფშს ერთნაირი ფორმის მქონედ აღვიქვამთ (მრგვა- ლად), მაშინ, როცა მათი გამოხატულების ფორმა თვალის ბადურაზე სხვადასხვანაირია: წინამდებარე თეფში უფრო მრგვალია, გვერდებზე მდებარე კი მეტნაკლებად ოვალურია.

3. კატეგორიალობა : ყოველ ა-ში გარკვეული კონკრეტული საგანია მოცემული, მაგრამ ის განიცდება არა რ-რც კერძო, ინდივიდუალური, მხოლოობითი საგანი, არამედ, რ-რც წარმომადგენელი საგანთა მთელი ჯგუფისა, ანუ კატეგორიისა, მაგ., საათს აღვიქვამთ არა მხოლოდ რ-რც აი ამ საათს, არამედ იმავე დროს რ-რც გარკვეული კატეგორიის საგანთა წარმომადგენელსაც.

ფს-გიურ მეც-ში ზოგი ავტორი (მ. შელერი, გ. ე. მიულერი, და უზნაძე) ა-ის ორ სახეს განასხვავებენ:

1. გარეგანს ანუ გრძნობად ა-ს და

2. შინაგან ა-ს; ა ფორთოხლის, მაგიდის, წიგნის,სახლის და სხვა გარეგანი (გრძნობადი) ა-ის მაგალითებია. დამახ. ყოველი ასეთი ა-სათვის ისაა, რომ იგი გრძნობის ორგანოებზე გარეგანი გამღიზიანებლის შედეგად ჩნდება; შინაგანი ა. კი საკუთარი განცდის „ამჟამად ქონების განცდაა": სუბ. რომ სიამოვნებას განიცდის, მან კიდეც იცის, რომ ამჟამად ეს განცდა აქვს.

ყოველი ა. რ-რც ობიექტური თუ სუბიექტური ვითარების ასახვა, შემეცნებითი ფს-კური პროცესების ჯგუფს მიეკუთვნება (იხ. ფს-კურ მოვლენათა კლასიფიკაცია).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9