![]() |
![]() | |
ფს-გიაში მოძღვრება, რის მიხედვით ფს-გიის საკვლევ საგანს წარმოადგენს არა ფს-კური პროცესები, განცდები ანუ ე. წ. ცნობიერების მოვლენები, არამედ ის მოძრაობები, რეაქციები (R), რ-თაც ცოცხალი არსება (ორგანიზმი) გარეგანი გამღიზიანებლის ანუ სტიმულის (S) საპასუხოდ იძლევა ბ. ბუნებისმეტყველურად ორიენტირებული ფს-გიური მოძღვრებაა. (ცოცხალი ორგანიზმის შესასწავლად მისთვის სავსებით საკმარისია ქცევის შესწავლა. ქცევის კვლევის ერთადერთ მეთოდად ობიექტური დაკვირვებაა აღიარებული. თანახმად ბ-სა ცოცხალი არსების თავისებურებანი მის განცდებში და სულიერ მოვლენებში კი არ ვლინდება, არამედ იმ გარეგან მოძრაობებში, რ-თა ობიექტური და მეცნ. დაკვირვება შესაძლებელია. ამიტომ ბ. უპირ. ინტროსპექტულ ფს-გიას. ეს უკანასკნელი კი ფს-გიის საკვლევ საგნად მხოლოდ განცდებს, ფს-კურ მოვლენებს გულისხმობს და მათი შესწავლის ერთადერთ მეთოდად თვითდაკვირვება (ინტეროსპექცია) მიაჩნია.
ბიჰევიორისტული ფს-გია სრულიად უარს ამბობს ფს-კის შესწავლაზე და ცოცხალი ორგანიზმის ქცევის შესწავლა და კვლევა შესაძლებლად მიაჩნია განცდების შეუსწავლელად. მაგრამ, ვინაიდან ქცევა განცდების გარეშე მხოლოდ მოძრაობებია, რაც შეიძლება ფიზიოლ. სწავლობდეს, ამდენად, ბ-მს ფს-გია ფაქტობრივ ფიზიოლ–მდე დაჰყავს.
ბ. წარმოიშვა აშშ-ში, მისი პირველი წარმომადგენლებია ი. უოტსონი, მან 1913 წელს დაწერა ბ-მის საპროგრამო წერილი, და ე. თორნდაიკი. რუსეთში ბ-ის მონათესავე მიმართულებაა ვ. ბეხტერევის „ობიექტური ფს-გია ანუ რეფლექსოლოგია“.
ბ-ის ახალი მიმდინარეობანი, ე. წ. „ნეობიჰევიორიზმი“ (ე. ტოლმანი, კ. ჰალი, ბ სკინერი და სხვა), წარმოიშვა იმავე აშშ-ში 30-ან წლებში - უოტსონურად გაგებული სტიმულ-რეაქციის პრონციპი მას არ მიაჩნია საკმარისად ორგანიზმის ქცევის ასახსნელად. მისი შეხედულებით სტიმული არ არის უშუალოდ ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული რეაქციასთან; სტიმულსა და რეაქციას შორის ნეობიჰ. გულისხმობს ქცევის განმსაზღვრელ „შუამდებარე ცვლადის“ (intervening variables) არსებობას, ასეთია მაგ., ცნებები–მიზნის მოლოდინი, წარმოდგენა, ორიენტაცია, მოთხოვნილება და სხვა (ე. ტოლმანი). ბ-ის თანახმად ამ ცნებათა დეფინიცია შესაძლებელია ოპერაციონისტული მეთოდით, რაც ბ-ის ძირითად პრინციპს არ ეწინააღმდეგება. თუმცა ოპერაციონისტული განმარტებით შესაძლოა ისეთი ცნებების შემოტანა ფს-გია- ში, რ-ებიც უოტსონ-თორნდაიკის თვალსაზრისით სუბ-ურ ცნებებად იყო ცნობილი და ბიჰევიორისტული კონცეფციიდან განდევნილი. მაგრამ ნეობიჰევიორისტები იმით ამართლებენ ამ ცნებათა შემოტანას, რომ მათი აზრით, ამ ცნებათა შინაარსს განცდადი ხასიათი არა აქვს, არამედ ისინი კონსტრუქტებია, მათი განმარტება ოპერაციულად შეიძლება.
ნეობიჰევიორიზმის „შუამდებარე ცვლადი“ რ-იც აშუალებს სტიმულის ზემოქმედებას რეაქციაზე, თვითონ ბიჰევიორისტული ფს-გიის კონტექსტში გაუგებარი ცნებაა და სიძნელე, რ-აც ქცევის ახსნაში ბიჰევიორისტული ფს-გია ეჯახება, ფაქტობრივად დაუძლეველი რჩება. თუ რა უნდა იყოს ქცევის განმსაზღვრელი „შუამდებარე ცვლადი“ გასაგები ხდება დ. უზნაძის „განწყობის თეორიის“ საფუძველზე; ამ უკანასკნელის თანახმად გარემო (სტიმული) პირდაპირ კი არ იწვევს ქცევას (რეაქციას), არამედ ის (გარემო) უშუალოდ სუბ-ზე ზემოქმედებს და მასში იწვევს გარკვეული ქცევის განწყობას. ქცევის აქტებს ამ განწყობის მქონე სუბ. განსაზღვრავს, ე. ი. სუბ-ი „შუამდებარე“ სტიმულსა და რეაქციას შორის „იმ აქტებს მიმართავს, რის განწყობა აქვს შემუშავებული“ (დ. უზნაძე).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |