A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

გაცრუებული მოლოდინის თეორია

სხვადასხვა მოდალობის ილუზიების ახსნის ერთ-ერთი თეორია. როცა არათანაბარი მოცულობის ორ საგანს (ვთქვათ, ბურთებს), მარცხენა ხელში დიდსა და მარჯვენაში პატარას, ვადარებთ ურთიერთს ერთდროულად რამდენჯერმე, და უშუალოდ ამის შემდეგ (კრიტიკულ ცდაში) ვადარებთ თანაბარი მოცულობის იმავე საგნებს (ბურთებს), ჩნდება მოცულობის კონტრასტული ილუზია: იმ ხელში, რ-შიც წინათ უფრო დიდი მოცულობის ბურთი : გვეჭირა (მარცხენაში), ახლა, თანაბარი მოცულობის ბურთების შედარებისას საგანი უფრო პატარა მოგვეჩვენება, ვიდრე მისი ტოლი საგანი მეორე ხელში (მარჯვენაში).

გ. მ. თ. ცდილობს ახსნას სწორედ ეს ფს-კური ფენომენი–ილუზია. პრობლემა ისაა, თუ რატომ აღვიქვამთ უკანასკნელი შედარებისას (კრიტიკულ (ცდაში) თანაბარი მოცულობის საგნებს არათანაბრად, ტოლს-არატოლად. გ. მ. თ-ს მიხედვით საგნის ერთი და იმავე თანამიმდევრობით რამდენჯერმე მიწოდების შედეგად (მარჯვენაში პატარა, მარცხენაში დიდი) მუშავდება მოლოდინი, რომ შემდეგაც საგანთა თანამიმდევრობის ეს წესი დაცული იქნება: ცპ მოელის, რომ მარჯვენა ხელში მას კვლავ პატარა საგანს მისცემენ, ხოლო მარცხენაში დიდს. მაგრამ, წინააღმდეგ ამ მოლოდინისა, როცა განსხვავებული საგნების ნაცვლად ის ტოლ საგნებს მოსინჯავს, მოლოდინი უცრუვდება და, ამის გამო აღქმის სისწორე ირღვევა: იმ ხელში, რ-შიც ის უფრო დიდ საგანს მოელოდა, საგანი უფრო პატარად მოეჩვენება, ვიდრე მისი ტოლი საგანი მეორე ხელში.

გ. მ. თ-ის ექსპერ-ული კრიტიკა მეცნიერებაში მოცემულია დ. უზნაძის „პოსტჰიპნოზური შთაგონების“ ცდებში. დ. უზნაძე აძლევდა ცპ-ებს ორ ბურთს შესადარებლად, ერთ ხელში (ვთქვათ, მარჯვენაში) მოცულობით პატარა ბურთს, მეორეში–უფრო დიდს ჰიპნოზური ძილის მდგომარეობაში ცპ-ს ადარებინებდა ურთიერთს ამ ბურთებს მრავალჯერ. მას შემდეგ, რაც ამ ცდას გაიმეორებდა 0—15 ჯერ, ცპ-ს ეძლეოდა დავალება დაევიწყებია ყველაფერი ეს (რაპორტი) და აღვიძებდა. ახლა, გამოღვიძებულ მდგომარეობაში, აწვდიდა ტოლი მოცულობის ბურთებს. მიუხედავად იმისა, რომ ცპ-ს ჰიპნოზური მდგომარეობიდან არაფერი ახსოვდა, მიწოდებულ კრიტიკულ ტოლ ბურთებს იგი მაინც არატოლად აფასებდა. სახელდობრ, პ. ადასტურებდა „რომ ბურთი მარცხნივ (ე. ი. ხელში, რ-შიც საგანწყობო ცდებში, ჰიპნოზური ძილის დროს უფრო დიდი ბურთი ეძლეოდა) საგრძნობლად უფრო მცირე ჩანდა, ვიდრე ბურთი მარჯვენა ხელში“ (დ. უზნაძე). ამრიგად დამტკიცდა, რომ მოლოდინზე, რ-რც ილუზიის წარმომშობ საფუძველზე, ლაპარაკი ზედმეტია. ·

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9