A E

გა გე გნ გო გრ გუ
გემ გენ გეო გეშ

გემოს შეგრძნება

(უწოდებენ აგრეთვე ქიმიურ გრძნობას, რადგან იწვევს გამღიზიანებლის ზემოქმედებას რეცეპტორზე ქიმიური დაშლის სახით) - შეიცავს ძირითადად 4 რომელობის შეგრძნებას. ესენია: ტკბილი, მწარე, მლაშე, მჟავე ნაცადია ამ ოთხ რომელობას დაემატოს კიდევ ორი რომელობა — ალკალური და მეტალური. გ. მ. სუნის შეგრძნებასთან შედარებით უფრო დიფერენცირებული მრავალსახიანობაა. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ ყოველ ენაში გემოს თითოეული რომელობა თავის საკუთარ სახელს ატარებს იმ დროს, როცა სუნის შეგრძნების სფეროში მრავალი სუნი იმ საგნის სახელით აღინიშნება, რ-იც ამ სუნს იძლევა. მაგ., ვარდის სუნი, ვაშლის სუნი.

გ. შ. მჭიდრო კავშირშია სუნის შეგრძნებასთან; ისიც რეცეპტორებზე მოქმედი გაღიზიანების (ქიმიური დაშლის) შედეგად ჩნდება. გ. შ. აგრეთვე მჭიდროდაა დაკავშირებული შეხებისა და ტემპერატურის შეგრძნებებთან. p>გ. შ-ში ადგილი აქვს გემოს ძირითადი რომელობების შერევის ფენომენს; მაგ., ტკბილისა და მლაშეს ურთიერთშერევა მათ სრულ ნეიტრალიზაციას იძლევა, მჟავესა და ტკბილის შერევა კი გემოს ნეიტრალიზაციას არ იძლევა. გ. შ-ში ადგილი აქვს აგრეთვე კონტრასტის ფენომენს; მაგ., მარილიანი საჭმლის მიღების შემდეგ ოდნავ ტკბილიც კი უფრო ტკბილად გვეჩვენება და პირიქით.

გ. შ-ის ორგანოდ ძირითადად ენა ითვლება, კერძოდ მასზე განლაგებული მგრძნობიარე ნერვის დაბოლოებები დვრილები, მაგრამ მთელი ენა კი არაა გემოსადმი მგრძნობიარე, არამედ მისი ზედა ნაწილი და ისიც მარტო წინა, უკანა და კიდური ნაწილები; ენის შუა ნაწილი თითქმის უგრძნობია გემოს მიმართ. გემოს მგრძნობიარე ელემენტები განლაგებულია აგრეთვე ხახის უკანა კედელზე, რბილ სასაზე, ნუშისებრ ჯირკვლებზე და ხორხსარქველზეც.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9