ყოველ გრძნობას გარკვეული ინტენსიურობა ახასიათებს. ის შეგრძნების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული. მაგრამ ერთმნიშვნელოვანი კავშირი მათ შორის არ არსებობს. გრძნობის ქვედა ზღურბლი შეგრძნების ინტენსიურობის ის დონეა, რ-იც პირველად იწვევს გრძნობას. შეგრძნების ზრდასთან ერთად სიამოვნება - უსიამოვნების გრძნობაც იზრდება, მაგრამ სიამოვნების და უსიამოვნების ზრდას სხვადასხვანაირი დინამიკა ახასიათებს. უსიამოვნების ზრდა თითქმის განუსაზღვრელია, მას ზედა ზღურბლი არც კი აქვს. სიამოვნების ზედა ზღურბლი კი ადვილად მისაღწევია: დგება მომენტი, როცა სიამოვნების ზრდა ჩერდება, შეგრძნების შემდგომი გაძლიერება სიამოვნების ზრდას ვერ იწვევს, არამედ, პირიქით, იწვევს მის შეცვლას თვისობრივად: სიამოვნება გადადის უსიამოვნების განცდაში. არსებითად ასე ხდება ერთი და იმავე შეგრძნების ბევრჯერ გამეორების შემთხვევაშიც უსიამოვნების გამომწვევი შეგრძნების ბევრჯერ გამეორებისას უსიამოვნების გრძნობა ყოველთვის ჩნდება, ხოლო სასიამოვნო შეგრძნების მრავალჯერ გამეორებისას სიამოვნების გრძნობა ქრება და მის ადგილას ჩნდება უსიამოვნო გრძნობა. მაგ., ვთქვათ, რაიმე სიმღერის მოსმენა ჩემში სიამოვნების გრძნობას იწვევს, მაგრამ თუ ის ბევრჯერ გამეორდა სიამოვნების ნაცვლად მიჩნდება უსიამოვნების განცდა და სურვილი შეწყდეს მისი განმეორება.