A E

და დე დი დო დრ დუ დღ
დავ დაკ დალ დამ დარ დას დაქ დაღ დაც

დასწავლა ანუ დამახსოვრება

აქტიური მეხსიერების ერთ-ერთი ფორმა. ად-ნთან იგი წარმოადგენს გარკვეული მასალის დასწავლას წინასწარ მიღებული განზრახვით. ამიტომ დ-ში კანონები და ფაქტორები ად-თან იგივეა, რაც მისი აქტიური მეხსიერების და სწავლის ფაქტორები და კანონები. დ. გულისხმობს ახალი მასალის დაუფლებას, დამახსოვრებას გარკვეული ჩვევა-ცოდნის სახით და მის შეყვანას არსებული ცოდნის მარაგში და საჭიროებისამებრ მის გამოყენებას. დასასწავლი მასალის უფრო სწრაფი ათვისების შენახვისა, მისი ნებისმიერი აქტივიზაციის მიზნით, სუბ. იყენებს თავისებურ მეთოდიკურ ხერხებს: ყურადღებითაა მიმართული დასასწავლი მასალისადმი, შეაქვს მასში ცვლილებები (რიტმიზაცია, დაჯგუფება), შეგნებულად აკავშირებს მას ძველ, ნაცნობ მასალასთან.

დ-ის სისწრაფეს, ხანგრძლივობას და სიმტკიცეს გარკვეული ფაქტორები განსაზღვრავს. ასეთებია: ნებელობა, ინტერესი, ინტელექ- ტი, სენსორული და ფიზიოლოგიური ფაქტორები.

1. ნებისყოფის ფაქტორი–ის ფაქტი, რომ სანამ სუბ. დასწავლას შეუდგებოდეს, წინასწარ აწესრიგებს დასასწავლ მასალას მისი იოლი ათვისების მიზნით, უკვე გულისხმობს ნებელობის ფაქტორის განმსაზღვრელ მნიშვნელობას დ-ის პროცესში. ექსპერ-ლად დადასტურებულია, რომ განზრახვის გარეშე, სუბ-ის მიერ დ-ის მიზნის გაცნობიერების გარეშე, რაიმეს დ. შეუძლებელია, როცა ცპ-ს მრავალჯერ აკითხებენ რაიმე ტექსტს, მაგრამ არ ეუბნებიან, რომ იგი მან დაისწავლოს და მერე აღადგინოს, მაშინ მას ამ მრავალჯერ წაკითხულიდან თითქმის არაფერი ამახსოვრდება; მაგრამ, თუ მას წინასწარ ავალებენ წაკითხული მასალა დაიხსომოს და აღადგინოს, მაშინ რამდენიმე განმეორებაა საკმარისი, რომ მასალა დაიმახსოვროს და აღადგინოს (პ. რადოსავლევიჩის ექსპერ.). ნებელობის ფაქტორი განსაკუთრებით დ.-ის სისწრაფეზე ახდენს გავლენას.

2. ინტერესის ფაქტორი დ-ისთვის აგრეთვე არსებითი მნიშვნელობისაა. ინტერესი დ-ის პროცესისათვის ენერგიის წყაროა. იგი სწავლას თავისუფალი მოქმედების ხასიათს ანიჭებს. საინტერესო მასალას უფრო სწრაფად იმახსოვრებს სუბ. და ხანგრძლივად ინარჩუნებს, ვიდრე არასაინტერესო მასალას.

3. ინტელექტუალური ფაქტორი ნებელობისა და ინტერესის გვერდით, დ-ში ინტელექტი დიდ როლს ასრულებს. როცა მეხსიერებაზე და დ-აზე ლაპარაკობენ, გარკვეული ცოდნის შეძენას გულისხმობენ. მაგრამ ცოდნა მაშინაა ნამდვილი, როცა გაგებულია დასამახსოვრებელი მასალის აზრი, ხოლო აზრის წვდომა შესაძლებელს ხდის და აადვილებს კიდეც რაიმე მასალის ათვისებას. ამიტომაა, რომ როცა რაიმე გინდა დაისწავლო, ცდილობ კარგად გაიგო იგი. თვით უაზრო მასალის დ-აშიც (ციფრები, სიტყვები, ცალკე წინადადებები) შეიმჩნევა ინტელექტის მონაწილეობა. ცპ ცდილობს უაზრო მასალის ერთეულებს შორის გააბას კავშირი, დააჯგუფოს ისინი, მიამსგავსოს ნაცნობ მასალას, რათა გაიადვილოს დამახსოვრება. ყველაფერ ამას ინტელექტი აკეთებს.

4. სენსორული ფაქტორი– გულისხმობს შეგრძნების რომელი მოდალობით აღიქვამს სუბ. მასალას: მხედველობის, სმენის თუ მოტორულის. ზოგი სუბ. უფრო ადვილად და მტკიცედ მხედველობით მიღებულ მასალას იმახსოვრებს, ასეთ მეხსიერებას მხედველობითი ანუ ოპტიკური ტიპის მეხსიერება ეწოდება. ზოგი სმენით მიღებულ მასალას მხედველობით მიღებულზე უფრო ადვილად იმახსოვრებს. ასეთ მეხსიერებას სმენითი ანუ აკუსტიკური ტიპის მეხსიერება ეწოდება. ზოგი უფრო იმახსოვრებს საკუთარ მოძრაობასთან დაკავშირებულ მასალას. სუბ-ტის ასეთ მეხსიერებას მოტორული ტიპის მეხსიერებას უწოდებენ. გვხვდება აგრეთვე შერეული ტიპის მეხსიერება: მხედველობით-სმენითი, მხედველობით-მოტორული და სხვა (ეს მეხსიერების ანუ დ-ის ტიპოლოგიის საკითხია). გარდა აღნიშნული ტიპებისა, მეხსიერების თითოეული მოდალობის ფარგლებში, მეხსიერების სპეციალურ სახეებს განასხვავებენ იმის მიხედვით, თუ რომელი მასალის დახსომებისაკენ უფრო აქვს მას მიდრეკილება. მაგ., ცნობილია, რომ ზოგი სიტყვებს ან სახელებს იმახსოვრებს ადვილად, ზოგი-ციფრებს, ზოგი–სურათებს, ფიგურებს, ზოგი ადგილმდებარეობას და სხვა.

5. ფიზიოლოგიური ფაქტორი –მიუთითებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის მნიშვნელობაზე დამახსოვრების ნაყოფიერებისათვის. დაღლილობა, უძილობა, ავადმყოფობა, დახსომების, ე. ი. დ-ის ნაყოფიერებისათვის არახელსაყრელი პირობებია: დ-ის კოეფიციენტი ამ შემთხვევებში ჩვეულებრივზე უფრო დაბალია, მნიშვნელობა აქვს აგრეთვე დღის დროს (დილა-საღამო ), რადგან ორგანიზმი დღის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გრძნობს თავს, მაგრამ ეს ყოველ ცალკე ორგანიზმზეა დამოკიდებული და რაიმე ზოგადი კანონზმოიერების დაწესება შეუძლებელია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9