პალეოგეის ზოოგეოგრაფიული ოლქი. უჭირავს აფრიკის ნაწილი სახარის სამხრეთით, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი და რიგი მიმდებარე კუნძულები. ე.ო-ის ტერიტორია უმთავრესად სავანებს უჭირავს. ზოლი, რომელიც კვეთს აფრიკას ეკვატორულ ნაწილში დაკავებულია ტროპიკული ტყეებით. ჩრდილო ნაწილი გადადის უდაბნოში. ოლქის ბიოცენოზები მდიდარია ბალახისმჭამელი ცხოველებით (ანტილოპები, ზებრა, ჟირაფი, სპილო) და მტაცებლებით (ლომი, ლეოპარდი, აფთარი). არის ენდემური რიგები (დამანები, მილკბილიანები, სირაქლემები) და ოჯახები (ჟირაფები, ჰიპოპოტამები. ტყის ოფოფები, მხტომელები და სხვ.). ფაუნა წააგავს ინდომალაურს, რასაც ადასტურებს აქ სპილოს, ვიწროცხვირიანი მაიმუნების, მარტორქას, ფარშევანგებისა და სხვათა არსებობა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.