მსოფლიო ოკეანეში ცხოველების განაწილების სქემა. დარაიონება ტარდება ცალკე ლიტორალის, აბისალისა და პელაგიალისათვის. ლიტორალი იყოფა 3 რეგიონად: ტროპიკული ანუ ცენტრალური, მისგან ჩრდილოეთით - ბორეალური, სამხრეთით - ანტიბორეალური. ტროპიკულ რეგიონში გამოყოფენ ოლქებს: ინდო-პაციფიკური და ბორეო-ატლანტიკური; ანტიბორეალურში - ანტარქტიკული და ანტიბორეალური. პელაგიალი ანუ მსოფლიო ოკეანისა ღია ნაწილი იყოფა ეპიპელაგიალად და ბათი პელაგიალად; პირველი თავის მხრივ იყოფა იგივე 3 რაიონად, როგორც ლიტორალი: ტროპიკული (ატლანტის და ინდო-პაციფიკური ოლქებით), ბორეალური (არქტიკული და ეუბორეალური ოლქებით) და ანტიბორეალური, რომელიც ოლქებად არაა დაყოფილი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.