ახალ სახეობათა წარმოქმნა წინაპარი ფილეტური ხაზის დატოტვის გზით ხდება. პრინცი პულად ს.წ-ის პრობლემა გადაწყვეტილი იყო ჩ. დარვინის მიერ მის მიერ შემოთავაზებულ დივერგენციის კონცეპციაში. ეს უკანასკნელი მიმდინარეობს ბუნებრივი გადარჩევის ზემოქმედებით. თანამედროვე გაგებით ს.წ. ძირითადად დიზრუპტიული (გამთიშველი) გადარჩევის მეშვეობით ხდება და აუცილებელი არ არის გამწვავებული შიდასახეობრივი კონკურენცია. კარგადაა შესწავლილი ე.წ. ალოპატრიული ს.წ., რომელიც დაკავშირებულია სახეობის ცალკეული პოპულაციების სივრცობრივ იზოლაციასთან. პოპულაციები, რომლებიც არეალის სხვადასხვა მონაკვეთზე ბინადრობენ განიცდიან ბუნებრივი გადარჩევის სხვადასხვა (განსხვავებულ) ზემოქმედებას; გეოგრაფიული იზოლაცია ხელს უშლის გენეტიკური ინფორმაციის გაცვლას ამ პოპულაციებში. თანდათანობით გროვდება გენეტიკური განსხვავებანი, ადგილი აქვს გენეტიკურ დივერგენციას. ეს კი მიკროევოლუციის პროცესის საფუძველია: ყალიბდება კარგად გამოკვეთილი განსხვავებანი პოპულაციებს შორის. მცირე პოპულაციების იზოლაციის შემთხვევაში გარკვეულ როლს ასრულებს ე.წ. გენების დრეიფი, რაც გამოიხატება ინდივიდების მცირე რიცხვისათვის და არა მთელი სახეობისათვის დამახასიათებელი გენების ახალ პოპულაციაში გავრცელებასა და დამკვიდრებაში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება განსხვავება „დიდი“ პოპულაციისაგან. სახეობათა წარმოშობის სიმპატრიკული გზა არაა დაკავშირებული სივრცობრივ იზოლაციასთან და განპირობებულია სხვა ბიოლოგიური მექანიზმებით (პოლიპლოიდია, პართენოგენეზი, აგამია, კვებითი სპეციალიზაცია და სხვ.). ზოგიერთი ბიოლოგი თვლის, რომ ს.წ. შეიძლება მიმდინარეობდეს ორი გზით: თანდათანობით, პოპულაციებს შორის განსხვავებათა დაგროვების და ამის საფუძველზე გენეტიკური იზოლაციის წარმოქმნით (გრადუალიზმი) და სწრაფი გენეტიკური სხვაობის წარმოქმნით, ნახტომისებურად (პუნქტუალიზმი).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.