ქორდიანი ცხოველების ელასტიური, არასეგმენტირებული ზურგის სიმი, ენტოდერმული წარმოშობის სხეულის საყრდენი; განლაგებულია ნერვული მილის ქვეშ. დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედების შალითით. ამფიოქსუსს, მრგვალპირიანებს, თევზების ზოგიერთ ჯგუფს და გარსიანებს უნარჩუნდებათ მთელი სიცოცხლის მანძილზე. დანარჩენ ქორდიანებს (ხერხემლიანებს) აქვთ მხოლოდ ემბრიონული განვითარების პერიოდში, ხოლო ზრდასრულ ფორმებში არის მხოლოდ ქორდის ნარჩენები ამფიცელური მალების სხეულებს შორის (თევზები, ზოგიერთი კუდიანი ამფიბია, უფეხო ამფიბიები, ზოგიერთი ხვლიკი) ან შედის მალების სხეულის (კუდიანი ამფიბიები) ან მალათაშორისი დისკოების შემადგენლობაში (ნიანგები, ძუძუმწოვრები), ან სრულიად ქრება (ფრინველები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.