ცოცხალი ორგანიზმების ერთ-ერთი სამეფო, უდიდესი ქვედანაყოფი ორგანული სამყაროს სისტემაში. წარმოიშვნენ 1-1,5 მილიარდი წლის წინათ ზღვებში ერთუჯრედიანი უქლოროფილო ამებისმაგვარი შოლტოსნების სახით. ც-ბი გაჩნდნენ პროკარიოტების, წყალმცენარეების, სოკოების შემდეგ. ცხოველთა სამეფოს უფრო ხშირად ყოფენ 16-25 ტიპად. ცხოველები ისევე როგორც სოკოები – ჰეტეროტროფული ორგანიზმები არიან ე.ი. იკვებებიან მზა ორგანული ნივთიერებებით; ც-ბი ხასიათდებიან აქტიური მეტაბოლიზმით და ამასთან დაკავშირებით სხეულის შეზღუდული ზრდით, ორგანოთა ფუნქციონალური სისტემების განვითარებით, გაღიზიანების აღქმის და მათზე რეაგირების უნარით, რამაც გამოიწვია გრძნობათა ორგანოების განვითარება; ცხოველთა უჯრედებს არ გააჩნიათ ცელულოზის მყარი გარსი, მაგრამ განსხვავება ცხოველებსა და მცენარეებს შორის შეფარდებითია. მაგ. უმარტივესებს არ გააჩნიათ კუნთოვანი და ნერვული სისტემა, ხოლო ზოგიერთი მრავალუჯრედიანი ცხოველი (ღრუბელები, ხავსელები, მარჯნის პოლიპები) უძრავი ცხოვრებით ხასიათდება. ორგანიზმების ნაწილს მიაკუთვნებენ ან ცხოველთა ან მცენარეთა სამეფოს მათი მოძრაობის უნარის და ფოტოსინთეზის საშუალებით ავტოტროფული კვების გამო. მცენარეთა და ცხოველთა ზოგიერთი ჯგუფის მსგავსება განპირობებულია (თანამედროვე გაგებით) მათი წარმოშობის ერთიანობით. ცხოველთა რაოდენობა 1,5 მილიონს აღემატება (ზოგი მონაცემით იგი 34 მილიონს უდრის).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.